ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მუდმივად დაღლილი ხართ, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს საკმარისად გძინავთ? გიჭირთ კონცენტრაცია, გაღიზიანებთ უმნიშვნელო დეტალები და დღის ბოლოს ენერგია აღარაფრისთვის გრჩებათ? თანამედროვე ცხოვრების რიტმში, ეს მდგომარეობა ბევრისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, თუმცა სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ მსგავსი შეგრძნებები, მხოლოდ ფიზიკურ დაღლილობას არ ნიშნავს.
ფსიქიკა, ისევე როგორც სხეული, საკუთარი რესურსით მუშაობს. როდესაც სტრესული სიტუაციები ერთმანეთს ენაცვლება და მათ შორის აღდგენის დრო არ რჩება, ადამიანი თანდათან ემოციურ და მენტალურ გამოფიტვამდე მიდის.

სწორედ ამ პროცესზე ისაუბრა ფსიქიატრმა გუგა სიხარულიძემ "კაცმანის პოდკასტში" და განმარტა, რომ სტრესის რაოდენობაზე მნიშვნელოვანი, ხშირად ის არის, რამდენად ვაძლევთ საკუთარ თავს აღდგენის შესაძლებლობას.
რატომ ვიღლებით მენტალურად?
გუგა სიხარულიძის განმარტებით, პრობლემას ყოველთვის სტრესის სიხშირე არ ქმნის. შესაძლოა, რთული მოვლენები არც ისე ხშირად ხდებოდეს, მაგრამ თუ მათ შორის დასვენებისა და აღდგენის პერიოდი არ არსებობს, ორგანიზმი მუდმივად დაძაბულ რეჟიმში რჩება.
"ფიზიკურ მაგალითზეც ძალიან მარტივია ამის დანახვა. როცა ჩვენ ვივარჯიშებთ, მერე კუნთს ვასვენებთ. თუ კუნთი მთლიანად არ აღდგა, ყველა თავისი კომპონენტით, თავიდან ვერ ივარჯიშებთ.
ფსიქიკა ისევე იღლება,როგორც კუნთი და თუ ჩვენ მას არ ვაძლევთ საშუალებას, რომ დაისვენოს, მისი აღდგენა ვერ მოხდება და მალე გამოვიფიტებით" - ამბობს ექიმი.

როგორ აღვადგინოთ რესურსი?
ფსიქიატრის თქმით, უნივერსალური ფორმულა არ არსებობს. ის, რაც ერთ ადამიანს ამშვიდებს, შესაძლოა მეორისთვის დამატებითი სტრესი იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია თითოეულმა ადამიანმა საკუთარ თავს დაუსვას მარტივი კითხვა: „რის კეთებაში ვკარგავ დროის შეგრძნებას? რა მანიჭებს სიამოვნებას?“

როდესაც ვპოულობთ საქმიანობას, რომელიც ნამდვილად გვაინტერესებს და გვახარებს, ის ბუნებრივად ამცირებს სტრესზე ფიქრს. ასეთ დროს ორგანიზმში მცირდება დაძაბულობასთან დაკავშირებული ჰორმონების კორტიზოლისა და ადრენალინის გავლენა და ჩნდება დადებითი ემოციების ახალი წყარო.
"დასვენება არ ნიშნავს, დივანზე ან პლაჟზე წამოწოლას და უსაქმურად ყოფნას, პასიურ მდგომარეობაში გადასვლას.
დასვენებაა, როცა ხდება სწორი ჩანაცვლება იმ აქტივობით, რომელსაც ჰორმონალურ დონეზე შეუძლია შეაჩეროს კორტიზოლი, ადრენალინი და მოგვცეს სიამოვნების ალტერნატიული წყაროები...
"როცა იმის კეთებას იწყებ, რაც ძალიან გსიამოვნებს, რაც არ უნდა სამსახურის საქმეზე ზედმეტად, თუნდაც ობსესიურად ფიქრობდე, ეს სასიამოვნო პროცესი "გაგითიშავს" უსიამოვნო ფიქრს.
ამიტომ, როცა მეკითხებიან (და ძალიან ხშირად მეკითხებიან) - "როგორ დავისვენო, პასიურად ვიყო სახლში, ვიძინო, სპორტზე ვიარო თუ რა ვაკეთო?"
მე ვეუბნები, რომ ამის მზა ფორმულა არ არსებობს. ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგს მოსწონს სპორტი და ფიზიკური აქტივობა, ზოგისთვის ეს შეიძლება დამატებითი სტრესი იყოს. ვიღაცას მოსწონს ცურვა, ვიღაცას, პირიქით წყალი არ უყვარს.
ჩვენ უნდა მოვნახოთ რა გვაინტერესებს, რა გვსიამოვნებს და როცა ამის კეთებას დავიწყებთ, ის ძალიან ადვილად გათიშავს იმ პირველ, შემაწუხებელ პროცესს, რომ იმ პირველმა პროცესმა არ გამოიწვიოს ჩვენი გადაწვა. ეს არის უნივერსალური ფორმულა," - ამბობს გუგა სიხარულიძე.
05/31/2026