Logo

ინტერვიუ

"რა ამბავია? იმედია, კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად!" - 19 წლიანი ქორწინების დეტალები

"რა ამბავია? იმედია, კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად!" - 19 წლიანი ქორწინების დეტალები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მაია დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში ათავსებს ფოტოს - მეუღლე, გოგა ბარბაქაძე ვარდების თაიგულს ჩუქნის. აღმოჩნდა, რომ ქორწინების 19 წლის აღსანიშნავად. 4 ნოემბერი მათი ქორწინების დღეა...

მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე

მაია "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ახლა მეგობრობის ხანა უდგათ. თუმცა იყო ჩხუბის და ურთიერთობის გარკვევის ეტაპიც. მაგრამ ეს ხომ ორი სრულიად სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში, ჩვეულებრივი ამბავია.

მაია დობორჯგინიძე: როგორი ქმარია და რა თქმა უნდა, იდეალური. კარგი, კარგი. ერთად ვართ. 19 წელია ერთად ვართ. რა ამბავია? ახლა დავფიქრდი! ძაან ბევრია.

მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე

მგონია, რომ ყველაზე მეტად სიმშვიდე ახლაა ჩვენს ურთიერთობაში. მეგობრობა, გვერდში დგომა, შვილებისთვის ცხოვრება; მცდელობა ერთმანეთს კომფორტი რომ შევუქმნათ, დავასვენოთ, დავამშიდოთ და ცხოვრების ხალისი მივცეთ. ამას ორივე ვცდილობთ და იმედია, გამოგვდის. იმედია, კიდევ დიდხანს ვიქნებით ერთად.

- დაძაბულობა?

- ვის არ ჰქონია? ჩვენც გვქონია. ერთი ორჯერ სერიოზულად გვიჩხუბია, მაგრამ ეტყობა, ისეთი სერიოზული არ იყო, რახან გადავლახეთ. ახლა მე უფრო პირდაპირი გავხდი, ისიც ასეა და აღარ გვჭირდება სათქმელის დაგროვება. ეგრევე ვარკვევთ ურთიერთობას...

დროა ისეთი, ძალაუნებურად ვიძაბებით. პოლიტიკური ვითარება ჩვენს ხასიათზე მოქმედებს, გინდა არ გინდა. მე მგონია, არსებულ ვითარებაზე საბოლოოდ გავიმარჯვებთ. სიკეთემ უნდა გაიმარჯვოს.

მაია დობორჯგინიძე და გოგა ბარბაქაძე

***

მეგობარმა მსახიობებმა თეატრალური სტუდია გააკეთეს; სტუდიას "ყვითელი ხაზი" დაარქვეს. ყვითელი - სითბოს და დღესასწაულის ფერიაო და ცხოვრებაში შენი ყვითელი ხაზი რომ გაავლო, საინტერესო და მნიშვნელოვანიაო, ამბობს მაია "ზმნასთან".

ამ საინტერესო სტუდიაში მაია დობორჯგინიძე, სალომე ჭულუხაძე და მარიამ ნადირაძე მსახიობის ოსტატობას ასწავლიან ბავშვებს.

ყვითელი ხაზი

"ამ დაძაბულ დროს გვინდა ბავშვებს ბედნიერების წუთების განცდა ჰქონდეთ. ვასწავლით როგორ გათავისუფლდნენ, ჩაისუნთქონ ბედნიერების ნაპერწკლები. თამამად გამოხატონ თავისი თავი და სხვაგვარად შეხედონ დაბრკოლებებს.

შეისწავლიან სამსახიობო ოსტატობას, სხეულის ენას, მითოდრამის თერაპიას, რომელსაც ფსიქოთერაპევტები ატარებენ. დაუსრულებელი მითების, ამბების საშუალებით, იდენტიფიცირდებიან პერსონაჟებთან და ამ გზით თავიანთ პრობლემებს მარტივად გამოხატავენ. არც ერთი ემოციის გამოხატვა არ მოერიდებათ. ასე რომ, პრობლემების მოგვარებას შეისწავლიან მითოდრამის თერაპიით.

მარიამ ნადირაძე ცდილობს მეისნერის მეთოდის დამკვიდრებას. კლასიკური და თანამედროვე მეთოდების შეჯერებით მივიღებთ, ჩემი აზრით, ყველაზე კარგ სინთეზს. ეს ყველაფერი სპექტაკლებში გამოჩნდება და მაყურებელიც იხილავს. აუცილებლად წლის ბოლოს იქნება სპექტაკლი.

მგონია, რომ კარგი სტარტი გვაქვს, ინტერესი არის და უფრო კარგ ყვითელ ხაზს გავავლებთ.

დიდებს და დედებს რომ მოგვინდეს სტუდიაში სიარულიო, უკვე გვთხოვენ. რა ვიცი, თუ ყველაფერი ნორმალურად იქნება, შეიძლება მოყვარულთა ჯგუფის გაკეთებაც" - ამბობს ინტერვიუში მსახიობი.

მაია დობორჯგინიძე

მაია დიდი ხანია პედაგოგის ამპლუაშია. მოზარდებთან ურთიერთობის გამოცდილება თეატრალურ უნივერსიტეტში, სტუდიებში - "Et Cetera" და "თეა-ტრი" მიიღო.

მისი პედაგოგები კი იყვნენ - რეჟისორები შალვა გაწერელია, იგივე მუმუშა და თემურ ჩხეიძე. უკვე წლებია აღარ მსახიობობს. რეჟისორობამ ისე გაიტაცა, რომ ძალზედ ორგანულად მოხდა ტრანსფორმაცია; ჩავიდა სცენიდან დარბაზში და ამპლუაც მორგებულად შეიცვალა.

მაია დობორგინიძე: ბატონი შალვას და ბატონი თემურის გვერდით ყოფნამ დიდი სკოლა გამატარა. ძალიან დიდი.

- რეჟისორობა ამ რეჟისორებმა მოგანდომეს?

- მე რომ თეატრალური დავამთავრე, პირდაპირ დავრჩი მუმუშასთან ასისტენტად. 21-22 წლის ვიყავი და ჩემდა უნებურად, მოხდა ამ პროცესებში ჩაბმა. მერე აღმოჩნდა, რომ ეს უფრო მაინტერესებს, ვიდრე სცენაზე დგომა და თამაში. ამ სფეროში ვარ, ამ საქმეში ვარ და მსახიობობაზე გული არ მწყდება. ასე უფრო ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ერთ ადგილას როლების თამაში. ურთულესი პროფესიაა მსახიობობა და ურთულესია რეჟისორობა. ყველას წარმატებას ვუსურვებ.

- ხშირად წერთ თემურ ჩხეიძეზე ფეისბუქ-პოსტებს. რა შეისრუტეთ მისგან, როგორც შემოქმედისგან?

- უნიკალური ადამიანი იყო. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ უნიკალურ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა - თემურთან, მუმუშასთან. როგორც ადამიანი, თემური მორიდებული იყო, თავისი თავის გამოხატვას ძალიან შეუმჩნევლად ახერხებდა. ამ გზით კი დებდა ძალიან მაღალ პროფესიულ შედეგებს. მე მომწონს ის, რომ არასდროს ვყვირი (ბუკვალურად ყვირილს არ ვგულისხმობ) და შრომით, საქმის სიგიჟემდე სიყვარულით, ნაბიჯ ნაბიჯ რომ იდება მაღალი შედეგები.

თემურ ჩხეიძე და მაია დობორჯგინიძე

ბატონი თემური სულ უბრუნდებოდა სამაგიდო რეპეტიციას, დეტალებით, წვეთ-წვეთად აკეთებდა იმ დიდ საქმეს. ჰქონდა სახელოსნო, უყვარდა ახალგაზრდები, მაგრამ ამბობდა, მე ვარ ძველი ყაიდის, ძველი სტილისო. სწორედ ძველ სტილზე დამყარებული სიახლე მგონია, რომ ყველაზე გამართლებულია.

სიმშვიდე ჰქონდა და ერთი სიტყვით ისე გაგიხსნიდა გონებას, იტყოდი, ეს როგორ ვერ მოვიფიქრე, ეს ხომ მეც შემეძლოო. წყნარად გაწოდებდა მთავარ ღერძს, რაზეც უნდა აგეშენებინა სპექტაკლი. სიმშვიდით აკეთებდა თავის საქმეს და შენც განსწავლიდა ამას. იყო რადიკალურად განსხვავებული სტერეოტიპული რეჟისორებისგან.

შალვა გაწერელია ფეიერვერკი იყო, უფრო სხვანაირ რეპეტიციას ატარებდა. ის სიბობოქრეს ასე გიდებდა. ამ ორი ადამიანის სინთეზი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონია, რომ სიმშვიდეც და სიბობოქრეც წამოღებული მაქვს ორივესგან და გადავცემ სტუდენტებს.

ბატონი შალვასგან მომყვება დიდსულოვნება. ეს ჩემი დევიზია, რამდენად ვახერხებ, სხვა ამბავია, ვცდილობ.

ბატონ თემური ამბობდა - მეც არ ვიცი. რამე თუ არ იცი, არ არის დანაშაული, ან სირცხვილი. არ იცი, წადი, ისწვალე. მერე, ზუსტად რომ გაგააზრებინებდა, გეტყოდა, ამაშია საქმეო. ხვდებოდი, რომ მართლაც ამაშია საქმე! მეც არ ვიციო რომ იტყოდა, ამით მასთან გვათანაბრებდა და ზღვარს შლიდა მაესტროსა და დამწყებს შორის. ჩვენ ხომ გვაქვს კომპლექსი, ვაიმე, ვინმე არ მიხვდეს, რომ არ ვიციო. ბატონი თემური შანსს გაძლევდა, რომ თვითონ მისულიყავი ჭეშმარიტ პასუხამდე, ფიქრით, აზროვნებით. მთავარ პოსტულატამდე რომ მიხვიდოდი, მერე გეტყოდა, აი, ამაშია საქმეო. ეს იყო მისი გენიალობა.

- პედაგოგობის ეტაპი გაქვთ...

- კარგა ხანია. მე ხმამაღლა არ ვსაუბრობ ხოლმე, მერიდება ამაზე ლაპარაკი. 13 წლის წინ სტუდია "ეტცეტერა" დავაარსე. მერე გაიყო ჩვენი გზები. მერე იყო სტუდია "თეა-ტრის" დაარსება და ახლა - "ყვითელი ხაზი". პარალელურად მუდმივად ვარ თეატრალურ უნივერსიტეტში რეჟისორის ასისტენტი. ახლაც ბატონ ავთო ვარსიმაშვილთან მაგისტრანტები გვყავს.

- მოკლედ, მსახიობობას დაემშვიდობეთ.

- 2016 წლიდან. მართალია, მაკბეტი არ მითამაშია, მაგრამ ახლა მე დავდგამ და ყველა როლს ვითამაშებ და თანაც არა ერთს (იცინის).

ყველას უკვირს, როგორ აღარ მინდა სცენაზე დგომა. მე არ მაქვს გულისწყვეტა. არანაიარად. ძალიან მშვიდად, წყანარად გადავერთე. რთული და საინტერესო საქმე მაქვს და ვცდილობ ამ საქმეში მივაღწიო წარმატებას... სხვათა შორის, ჩემი სამსახიობო გამოცდილება მეხმარება მსახიობებთან მუშაობაში, ურთიერთობაში. მიყვარს მსახიობი და მინდა ყველანაიარად კომფორტში იყოს ჩემთან მომუშავე მსახიობი.

- შვილებს არ სურთ მსახიობობა?

- გაბრიელი 17 წლისაა. ბედნიერებაა, რომ არ უნდა მსახიობობა. ციფრული მარკეტინგის კუთხით მიდის. მშობლებიც ეყოფა ხელოვანები. 11 წლის იყო რობერტ სტურუას სპექტაკლში რომ ითამაშა, ინერვიულა, პასუხისმგებლობით მოეკიდა როლს. გოგასთან ერთად თამაშობდა სპექტაკლში „თამაშის დასასრული". ვღელავდით. მერე აღარ მოუნდა თამაშის გაგრძელება. დაიღალა უწყვეტ რეპეტიციებზე და აქ ამდენ ხანს რატომ უნდა ვიყოო, ამბობდა. ეს მომენტი რომ გაუჩნდა, ესე იგი, არ არის მისი ეს სფერო. მსახიობები და რეჟისორები სულ თეატრში არიან, ისინი ამით არ იღლებიან. არც ბარბარეს აქვს მსახიობობისადმი ლტოლვა...

- მაია, ოჯახშიც რეჟისორი ხართ?

- ვერ ვიტყოდი. ოჯახში ძირითადად, არ ვარ, მაგრამ ყველა ერთად ვართ, ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. დედა მეხმარება. მადლობა მას.

- ზაფხულს აგარაკზე ატარებთ - კოტორაანთკარში. ხშირად აქვეყნებთ იქიდან ფოტოებს. გიყვართ ქალაქს გარიდება სიმყუდროვეში?

- იქ ყოფნა ძალიან გვიყვარს მეც და გოგასაც. ახლა კიდევ უფრო შემიყვარდა, რაც ასაკი მემატება. წელს ზღვაზეც დიდხანს ვიყავით და აგარაკზეც. ზაფხულმა ენერგია მომაკრეფინა. ოჯახთან ერთად დასვენება კარგია. სიმშვიდე ჩემთვის აგარაკზე ყოფნას მოაქვს. ახლა სადოქტორო თემაზე ვმუშაობ. თავისუფალ თეატრში მინდა სარტრის „დახურულ კარს მიღმა“ დავდგა. და ვარ ასე - კონფერენციებში, წიგნებში, სტუდიებში, აქციებზე... შეძლებისდაგვარად.

მაია დობორჯგინიძე

ავტორი: თამარ გონგაძე

11/05/2025

გოგა ბარბაქაძემაია დობორჯგინიძემსახიობები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024