Logo

რა არის შინაგანი ჯავშანი და როდის ირგებს მას ქალი?

რა არის შინაგანი ჯავშანი და როდის ირგებს მას ქალი?

10/09/2026

ტექსტის ზომა

ფსიქოთერაპევტი მიხეილ შანი თავის ფეისბუქგვერდზე იმ ფსიქოლოგიურ ჯავშანზე საუბრობს, რომელსაც ქალი თავის დასაცავად, გადასარჩენად, ცხოვრების გასაგრძელებლად ირგებს.

ეს მეტაფორა, აღწერისას, იმდენად რეალურია, თავში ჩაღრმავება მოგიწევთ - აბა, როგორია ჩემი ჯავშანი, როდის მმოსავს და როდის ვიხდი მას?

მაშ ასე, მოემზადეთ თავთან შესახვედრად.

ქალიმიხეილ შანი

მიხეილ შანი - ქალი ჯავშნის მიღმა

I. რა არის შინაგანი ჯავშანი და როდის ირგებს მას ქალი?

ფსიქო-ემოციურ დონეზე ჯავშანი უბრალოდ თავდაცვის მექანიზმი არ არის, ის შეიძლება იქცეს არაცნობიერ გადარჩენისა და თვითდაცვის სტრატეგიად. ის მაშინ ფორმირდება, როცა ქალის შინაგანი უსაფრთხოების განცდა არაერთხელ ირღვევა და ფსიქიკა სწავლობს, რომ თავდაცვა მუდმივი მზადყოფნით არის საჭირო.

ჯავშანი ერთ დღეში არ ჩნდება. ის ნელ-ნელა ყალიბდება გამოცდილებებისგან, რომლებიც ქალს ასწავლის, რომ გახსნილობა, ნდობა და მოწყვლადობა ტკივილის წყაროდ შეიძლება იქცეს.

ქალი, რომელმაც ბავშვობაში ისწავლა „ნუ ტირი, შენ ძლიერი უნდა იყო“, დღეს 40 წლისაა და ტირილი აღარ შეუძლია.

ის განსაკუთრებით ძლიერდება მაშინ, როდესაც მოწყვლადობა საფრთხეს დაუკავშირდა:

როცა საკუთარი ნაზი, სუსტი თუ გულწრფელი მხარის გამოჩენას მოჰყვა ტკივილი, იმედგაცრუება, ღალატი, უარყოფა ან ემოციური უგულებელყოფა.

ცხოვრებამ „ძლიერი ქალის“ როლი დააკისრა:

როცა გარემოებებმა, რთულმა ურთიერთობამ, ოჯახურმა კრიზისმა, პასუხისმგებლობების სიმრავლემ თუ ხანგრძლივმა მარტოობამ აიძულა გამხდარიყო საკუთარი თავისა და სხვების მთავარი, ზოგჯერ ერთადერთი, დასაყრდენი.

ქალი

ბავშვობის გამოცდილებამ კვალი დატოვა:

როცა პატარა გოგონამ ისწავლა, რომ სიყვარული, აღიარება და სიმშვიდე მხოლოდ მაშინ არის ხელმისაწვდომი, თუ მოთმინებით, მორჩილებით, ფუნქციურობით და მუდმივი „გამკლავებით“ იმსახურებს მათ და არა უბრალოდ საკუთარი არსებობით.

ასე იქმნება შინაგანი გადაწყვეტილება:

„თუ აღარ გავიხსნები, აღარ მეტკინება.“
„თუ ყველაფერს თავად გავაკონტროლებ, აღარავინ მატკენს.“
„თუ ძლიერი ვიქნები, ვერავინ დამაზიანებს.“

ჯავშანი ქალის უხმო პასუხია იმ გამოცდილებებზე, რომლებმაც ერთხელ ასწავლა: „მე აღარ შემიძლია ისე დაუცველი ვიყო, როგორც ადრე.“

ქალი

II. რა მდგომარეობაა ეს? - რეალობა, რომელშიც ბევრი ქალი ცხოვრობს

გარედან ასეთი ქალი ძალიან ძლიერი ჩანს.
შეიძლება იყოს წარმატებული, ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი, დამოუკიდებელი, ყველაფერს აკონტროლებდეს, სხვებს ეხმარებოდეს და პრობლემებს სწრაფად აგვარებდეს, მაგრამ ჯავშნის მიღმა ხშირად სრულიად სხვა რეალობაა.

ქრონიკული ემოციური დაღლილობა:

ჯავშნის ტარებას დიდი შინაგანი ენერგია სჭირდება. მუდმივი თვითკონტროლი, ემოციების შეკავება და მზადყოფნა შესაძლო ტკივილისთვის ადამიანს ნელ-ნელა ფიტავს. ქალი შეიძლება მუდმივად ფუნქციონირებდეს, მაგრამ შინაგანად ძალიან დაღლილი იყოს.

ჰიპერკონტროლი და მიღების სირთულე:

მას შეუძლია გასცეს ძალიან ბევრი, მაგრამ უჭირს მიღება მზრუნველობის, სიყვარულის, დახმარების, მხარდაჭერის. რადგან სხვაზე დაყრდნობა მისთვის დაუცველობას, კონტროლის დაკარგვას ან მომავალში იმედგაცრუების საფრთხეს უკავშირდება.

სიცარიელე ემოციურ ურთიერთობებში:

ის შეიძლება იყოს ურთიერთობაში და მაინც გრძნობდეს ღრმა შინაგან მარტოობას. ჯავშანი ტკივილისგან იცავს, მაგრამ იმავდროულად აფერხებს სიყვარულის მიღებას, ემოციურ გახსნილობას და ნამდვილ სიახლოვეს.

საკუთარი სურვილების დაბლოკვა:

მან ძალიან კარგად იცის, რა „უნდა“ გააკეთოს, მაგრამ დროთა განმავლობაში უჭირს იმის გაგება, რა სურს სინამდვილეში. იმდენად მიეჩვია მოვალეობას, პასუხისმგებლობას და სხვების საჭიროებებზე რეაგირებას, რომ საკუთარ შინაგან ხმას ვეღარ უსმენს.

სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მტკივნეული კითხვა:

„მე მართლა ასე მინდა ცხოვრება, თუ უბრალოდ ასე ვისწავლე?“

ქალი

III. რას აზიანებს ჯავშანი?

საკუთარ სხეულთან და ემოციებთან კავშირს: ხანგრძლივი ემოციური დაძაბულობა ხშირად აისახება სხეულის შეგრძნებებზე, ადამიანი შეიძლება მუდმივად გრძნობდეს დაჭიმულობას, მოუსვენრობას, დაღლილობას ან სხეულში „ჩაკეტილობის“ განცდას.

როდესაც ქალი მუდმივად აკონტროლებს ემოციებს, უჭირს საკუთარი სხეულის სიგნალების, სურვილებისა და სიამოვნების მოსმენა.

აქ „ჯავშანი“ პირველ რიგში ფსიქოლოგიური მეტაფორაა და არა კონკრეტული დაავადების მიზეზი.

პარტნიორულ დინამიკას:

როცა ურთიერთობაში ქალი მუდმივად იკავებს ყველაფრის კონტროლს და ცხოვრობს პრინციპით „მე თვითონ გავაკეთებ“, პარტნიორს უჭირს მასთან თანაბარი ემოციური ჩართულობის და ურთიერთდახმარების სივრცის შექმნა.

ქვეცნობიერად შეიძლება გადაიცეს სიგნალი:

„შენზე დაყრდნობა არ შემიძლია.“ და როცა ეს სიგნალი მუდმივად მეორდება, ურთიერთობაში ჩნდება დისტანცია, წყენა, პასიურობა ან კონფლიქტი.

კავშირს საკუთარ ავთენტურ „მე“-სთან:

დროთა განმავლობაში ჯავშანი იმდენად ერწყმის ქალის ყოველდღიურობას, რომ მას ეჩვენება, თითქოს მისი ძლიერი, ცივი და შეუვალი ფასადი მისი ნამდვილი პიროვნებაა. მაგრამ ხშირად ეს პიროვნება კი არა, მისი დაცვის ძველი ფორმაა. ის ქალი, რომელიც ყველასთვის ძლიერია, შეიძლება თავადაც აღარ ახსოვდეს, როგორი იყო მაშინ, როცა არაფრის დამტკიცება არ სჭირდებოდა.

ქალი

IV. თერაპიული ხედვა: ჯავშნის გახდა

ჯავშანი მტერი არ არის. ის ოდესღაც სწორედ ის იყო, რაც ქალს გადარჩენაში, გამკლავებაში და საკუთარი თავის დაცვაში დაეხმარა. ამიტომ თერაპიული გზა არ იწყება ჯავშნის უხეში დამსხვრევით.

ის იწყება მისი ფუნქციის გაცნობიერებით:

„რატომ დამჭირდა ეს დაცვა?“
„რისგან მიცავდა?“
„როდის არის გახდა საჭირო?“
„დღესაც მჭირდება ის იმავე ფორმით?“

ქალი

განთავისუფლება არ ნიშნავს, რომ ქალი ყველასთან უნდა გახდეს დაუცველი, ყველაფერს უნდა ენდოს ან საზღვრები დაკარგოს, პირიქით - ჯანსაღი მდგომარეობა არის ის, როცა ქალს შეუძლია ერთდროულად ჰქონდეს საზღვრებიც და სიახლოვის უნარიც, სიძლიერეც და სინაზეც, დამოუკიდებლობაც და დახმარების მიღების შესაძლებლობაც.

ნამდვილი ძალა არ არის შეუვალობა - ნამდვილი ძალაა შინაგანი უსაფრთხოების განცდა, რომლის დროსაც ქალს შეუძლია თქვას:

„მე შემიძლია ვიყო ნაზი, გულწრფელი და მოწყვლადი, არა იმიტომ, რომ სამყარო ყოველთვის უსაფრთხოა, არამედ იმიტომ, რომ ახლა ვიცი საკუთარი თავის დაცვა, საკუთარი საზღვრების შენარჩუნება და საკუთარი თავის არმიტოვება.“

რადგან საბოლოოდ მიზანი ჯავშნის განადგურება კი არ არის.
მიზანია, ქალმა თავად აირჩიოს, როდის სჭირდება ჯავშანი და როდის შეუძლია მისი გახდა და იქნებ სწორედ მაშინ იწყება ნამდვილი თავისუფლება:

- როცა ქალი აღარ ცხოვრობს მხოლოდ თავდაცვისთვის.
- როცა ჯავშანი აღარ განსაზღვრავს მის ცხოვრებას.
- როცა ის აღარ ცდილობს მხოლოდ გადარჩენას და იწყებს ნამდვილ ცხოვრებას.

ქალი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026