ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რატომ იტყუება ადამიანი? ამ კითხვაზე პასუხი გაცილებით რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ტყუილი მხოლოდ სიმართლის დამალვა არ არის. ხშირად ის შიშის, თავდაცვის, თვითშეფასების შენარჩუნების ან ემოციური გადარჩენის მცდელობა შეიძლება იყოს.
ფსიქოლოგი ნინი დგებუაძის განმარტებით, ტყუილის მიღმა თითქმის ყოველთვის დგას კონკრეტული შინაგანი მოთხოვნილება, რომელიც ადამიანის ქცევას ბევრად უფრო სიღრმისეულ კონტექსტში გვაჩვენებს.
"ტყუილი რთული ფსიქოლოგიური ფენომენია, რომელიც ადამიანური ურთიერთობების თითქმის ყველა შრეს მოიცავს.
ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ტყუილი არ არის მხოლოდ „სიმართლის დამალვა“. ეს არის დახვეწილი კოგნიტური პროცესი და ხშირად, ემოციური გადარჩენის მექანიზმი.
ტყუილის მიღმა ყოველთვის დგას გარკვეული მოთხოვნილება. ფსიქოლოგები გამოყოფენ რამდენიმე ფუნდამენტურ მიზეზს:
თავდაცვა და შიში: ეს არის ყველაზე გავრცელებული მიზეზი. ადამიანი იტყუება, რათა თავიდან აიცილოს დასჯა, კრიტიკა ან კონფლიქტი. აქ ტყუილი მოქმედებს როგორც „ფარი“.
თვითშეფასების შენარჩუნება: ხშირად ადამიანები იტყუებიან საკუთარი მიღწევების, სტატუსის ან თვისებების შესახებ. ეს ხდება მაშინ, როდესაც რეალობა არ შეესაბამება მათ „იდეალურ მე“-ს. ისინი ქმნიან ფასადს, რათა სხვების თვალში (და ხშირად საკუთარშიც) უფრო ღირებულად გამოჩნდნენ.
კონტროლის მოთხოვნილება: ტყუილი ინფორმაციით მანიპულირების საშუალებაა. როდესაც ადამიანი სიმართლეს მალავს, ის ფლობს ძალაუფლებას სხვებზე, რადგან მხოლოდ მან იცის რეალობა, სხვები კი მის მიერ შექმნილ ილუზიაში ცხოვრობენ.
ალტრუისტული ან „თეთრი“ ტყუილი: სოციალური ჰარმონიის შესანარჩუნებლად. ჩვენ ვიტყუებით, რომ არ ვაწყენინოთ სხვას („ძალიან გიხდება ეს კაბა“), რაც სოციალური ადაპტაციის ნაწილია.
ფსიქოანალიტიკური კუთხით, ტყუილი შეიძლება განვიხილოთ როგორც ეგოს დაცვის მექანიზმი. როდესაც სიმართლე იმდენად მტკივნეულია, რომ ინდივიდის ფსიქიკას მისი გადამუშავება არ შეუძლია, ირთვება უარყოფა ან გაყალბება.
როდესაც ჩვენი ქმედებები ეწინააღმდეგება ჩვენს მორალურ პრინციპებს, იქმნება დისკომფორტი. ტყუილი ამ დისკომფორტის შემცირების საშუალებაა ჩვენ ვიგონებთ ახალ რეალობას, სადაც ჩვენი საქციელი გამართლებულია.
ნარცისისთვის ტყუილი ინსტრუმენტია აღტაცების მოსაპოვებლად. ისინი ხშირად აზვიადებენ თავიანთ ნიჭსა და მიღწევებს, რათა მუდმივად იყვნენ ყურადღების ცენტრში და შეინარჩუნონ გრანდიოზულობის განცდა.
ასევე არსებობენ პათოლოგიური მატყუარები (მითომანია) ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი იტყუება ყოველგვარი აშკარა სარგებლის გარეშე. მათთვის ტყუილი იმპულსურია და ხშირად თავადაც იჯერებენ საკუთარ ნათქვამს. ეს ხშირად ღრმა ბავშვობის ტრავმებთან ან ნევროტულ აშლილობებთან არის დაკავშირებული.
ასეთი ადამიანების უმთავრესი სასჯელი არის ნამდვილი ადამიანური კავშირის შეუძლებლობა. მატყუარა ადამიანი განწირულია იზოლაციისთვის მაშინაც კი, როცა ხალხმრავალ გარემოშია. ის ვერასოდეს იგრძნობს, რომ ვინმეს ის უყვარს, რადგან იცის, რომ სხვებს უყვართ მხოლოდ მისი „ფასადი“ და არა მისი ნამდვილი სახე.
უნდა გვახსოვდეს, რომ ტყული, ხშირად არის დაუცველობისა და შიშის სიმპტომი. იმის გაგება, თუ რატომ იტყუება ადამიანი, გვაძლევს გასაღებს მისი შინაგანი კონფლიქტებისა და იმ დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების ამოსაცნობად, რომლებსაც ის ამ გზით ნიღბავს," - წერს ფსიქოლოგი.
04/09/2026