რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში კვირას, 22 მარტს დაიკრძალება. განსასვენებელი ადგილი, მისი უწმინდესობის სურვილითვე შეირჩა - ივერიის ღვთისმშობლის ხატის კიოტსა და საკურთხეველს შორის.
გარდაცვლილი პატრიარქის შემოსვისა და დაკრძალვის წესს, საეკლესიო სახელმძღვანელო "დიდი კურთხევანი" არეგულირებს, რომელიც სინოდის წევრებმა თაროდან 49 წლის შემდეგ ჩამოიღეს.
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი (ისტორიის დოქტორი, პროფესორი) "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ ინტერვიუში პატრიარქის შესამოსელზე საუბრობს.
უწმინდესის ატრიბუტებია - კვერთხი, გვირგვინი - მიტრა, ჯვარი, ფსკვნილი, სახარების ოთხთავი, ორი პანაღია, სალიტურგიო სამოსი, მანტია.
დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი: კათოლიკოს პატრიარქი, უპირველეს ყოვლისა, არის მღვდელმთავარი. მღვდელმთავარი იკრძალება სრული შესამოსელით, არა ბერისთვის დამახასიათებელი შავი კაბითა და მანტიით, არამედ იმ შესამოსელით, რომლითაც იგი აღავლენდა საღვთო ლიტურგიას.
პატრიარქს აცვია ხელით ნაქარგი საეპისკოპოსო სალიტურგიო სამოსი, ხელში უჭირავს ძვირფასი ქვებით გაწყობილი ვერცხლის კვერთხი ჯვრითა და გველის თავებით.
გველი დაცემული სულის სიმბოლოა. მღვდელმთავარი, როგორც მოციქულთა სწავლების მემკვიდრე, ამ კვერთხით, ისევე როგორც შინაგანად, გარეგნულადაც გამოხატავს ბოროტი ძალის დამარცხებას.
მიტრას, რომელითაც ილია მეორეს დაკრძალავენ, არ არის ის ისტორიული ოქროს მიტრა, რომელიც პატრიარქიდან პატრიარქს გადაეცემა. ის ოქროს მიტრა საპატრიაქროს კუთვნილებაა.
ის მატერიალური სივცე, საპატრიარქოს შენობა, ამ შენობაში არსებული ნივთები და ატრიბუტები არის არა კონკრეტული პიროვნების, არამედ პატრიარქის, რომელსაც გადაიბარებს ძველიდან - ახალი პატრიარქი.
03/20/2026