საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, 52 წლის ინგა (ნინო) ყაველაშვილი გუშინ, ყვარელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. მომხდარს სოციალურ ქსელში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
ინგა, ამ სივრცეში, ცნობილი იყო, როგორც ცხოველთა დიდი მოყვარული. ის ბევრ უპატრონო ძაღლს იფარებდა. ჰყავდა ენოტი სახელად "ცაცუნა", რომლის ისტორიით, ფეისბუქზე, ძალიან ხალისობდნენ.
ამბით შეძრწუნებული ადამიანები ფეისბუქზე წერენ:
"ველოდი ვიდეოს, აი, ცაცუნაც გამოჩნდა", "ცაცუნას ძილის პერიოდი აქვს ჯერ და სადღაც სხვენში ძინავს, არც კი იცის, რომ დაობლდა."
"როგორ ველოდი ცაცუნას გამოჩენას და ნინოსთან შეხვედრას. ეს რა უბედურება დაატყდათ თავს"...

ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი წერს:
"გუშინ მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც მთელი საზოგადოება შეძრა, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა სიცოცხლის მნიშვნელობაზე. შემთხვევას ქალი პოლიციელი ემსხვერპლა, 52 წლის ინგა (ნინო) ყაველაშვილი, რომელიც ლაგოდეხში, სოფელ ჭაბუკიანში ცხოვრობდა და ყვარელში, პოლოციაში მუშაობდა საკუთარ საქმეს დიდი პასუხისმგებლობითა და სიყვარულით ეკიდებოდა.
თუმცა, ნინოს ცხოვრება მხოლოდ პროფესიული მოვალეობით არ შემოიფარგლებოდა. ის განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩეოდა ცხოველების მიმართ. ბევრისთვის კარგად ცნობილი იყო მისი ენოტი, სახელად ცაცუნა, რომელიც სოციალურ ქსელებში არაერთხელ გამხდარა საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესო. ნინოს სახლში ასევე არაერთი უპატრონო ძაღლი ჰყავდა შეფარებული, ზრუნავდა მათზე, უვლიდა და სიყვარულით ავსებდა მათ ყოველდღიურობას.
საზოგადოებას კარგად ახსოვს ის პერიოდიც, როდესაც ნინოს ცუცა დროებით წაართვეს, თუმცა ერთიანი ძალისხმევისა და მხარდაჭერის შედეგად, ენოტი კვლავ საკუთარ პატრონს დაუბრუნდა, ამბავი, რომელმაც ბევრი ადამიანი გაახარა და კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთობა.
დღეს კი, ამ მძიმე დანაკარგის ფონზე, ბუნებრივად ჩნდება კითხვა, რა ბედი ეწევა ცუცას და იმ ძაღლებს, რომლებზეც ნინო ზრუნავდა? ამ კითხვაზე პასუხი ჯერ უცნობია, თუმცა საზოგადოებაში არსებობს იმედი, რომ შესაბამისი უწყებები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან ამ საკითხს და ნინოსთვის ასე ძვირფასი ცხოველები, უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში დარჩებიან.
ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ადამიანები მხოლოდ მათი პროფესიული სტატუსით არ განისაზღვრებიან, ისინი თავიანთი სიკეთით, სიყვარულით და იმ კვალით გვამახსოვრდებიან, რომელსაც სხვების ცხოვრებაში ტოვებენ. ნინო ყაველაშვილი სწორედ ასეთი ადამიანი იყო" - წერს ჭაბაშვილი ფეისბუქზე.
03/31/2026