Logo

რა დაგეგმა უშბის მწვერვალის დალაშქვრისას ლევან მოსაშვილმა

რა დაგეგმა უშბის მწვერვალის დალაშქვრისას ლევან მოსაშვილმა

09/25/2026

ტექსტის ზომა

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისა და სალაშქრო მაღაზია Campshare-ის მხარდაჭერით, ლევან მოსაშვილმა, აგვისტოში უშბაზე სოლო ასვლა განახორციელა. როგორც ითქვა და შეფასდა, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, ლევანი გახდა პირველი ქართველი ალპინისტი, რომელმაც უშბა დამოუკიდებლად დალაშქრა.

მთამსვლელი "ზმნა"-ს ინტერვიუს აძლევს და მკითხველს შთაბეჭდილებებზე, თავგადასავლებსა და გეგმებზე ესაუბრება.

უშბა მსოფლიოს 100 ყველაზე რთულად დასალაშქრი მწვერვალების სიაშია. მას საკრალურ მთასა და სულიერ კარიბჭეს ეძახიან. როგორც ამბობენ, ეს მწვერვალი ფიზიკურ სამყაროს ზეციურ სამეფოებთან და მაღალ სიხშირეზე ვიბრირებად განზომილებებთან აკავშირებს. სვანურ მითოლოგიაში უშბას მჭიდრო კავშირი აქვს ქალღმერთ დალისთან, რომელიც მის ორ მწვერვალს შორის ისვენებს. თითქოს ამ მთაზე ასვლისას, ალპინისტებს განსხვავებული ფიქრები სტუმრობთ. მოკლედ, გავყვეთ 25 წლის ლევან მოსაშვილს უშბაზე.

ჩემი რესპონდენტი ამბობს, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, უშბაზე ასვლა რომ დაიწყო, შესვენებისას, ფეისბუქზე ვიდეო გააზიარა, რომელსაც დღეს მილიონი "ნახვა" დაუგროვებია.

ლევან მოსაშვილი

უშბას წინ უძღოდა მყინვარწვერის უამრავჯერ დალაშქვრა, ჭაუხის 11 მწვერვალის ტრავერსი - მწვერვალიდან ჩამოუსვლელად მეორე მწვერვალზე გადასვლა. ესეც სოლოდ.

უშბა კი, პირველად შარშან, სამკაციანი ჯგუფით დალაშქრა.

უშბაზე სოლო ასვლა დიდი ხნის ოცნებად მქონდა. ავედი და ამით სოლო ასვლები, ალბათ, დავასრულე. ჭაუხის 11 წვერზე რომ პირდაპირ გადადიხარ, ბევრად საშიში და რთული იყო. საშიში მონაკვეთები აქვს. უშბას ერთი საშიში მონაკვეთი ჰქონდა. ამ ლოგიკით, უშბა უფრო გამიმარტივდა. თუმცა სოლო ასვლისთვის უშბა იყო ჩემთვის ის წერტილი, რომელზე ასვლითაც სოლოს დავამთავრებდი.

- ლევან, აგვიყვანე თქვენთან ერთად უშბაზე; მოგვიყევით რა დაიგეგმა, რა დაგხვდათ, რა ფიქრებს მასპინძლობდით, რა ემოციური ფონი გქონდათ?

- უშბაზე მე და ზვიად კეკუთია ავედით. ზვიადი უსაფრთხოებისთვის, ბოლო საბანაკე ადგილამდე ამყვა. ზუსტად ის ხუთი დღე კარგი ამინდი დაგვემთხვა. გავიარეთ უშბის მემორიალი, სადაც მწვერვალზე ნაპოვნი ნივთები და დაღუპულთა სიაა გამოკრული.

- ასვლის წინ ამის ნახვა დამთრგუნველი არ არის?

- კი, სხვათა შორის, დამთრგუნველია. მაგრამ როდესაც მთაში დადიხარ, გააზრებული გაქვს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება რაღაც მოგივიდეს. წინა წელს მყინვარწვერზე დაღუპული ადამიანიც მინახავს. სამკაციანი ჯგუფი იყო, თოვლში დამარხულები იყვნენ. მთაში ჩეულებრივი ამბავია, შეიძლება შენც მოგივიდეს, შეიძლება შენ იყო ის ადამიანი და მერე ფიქრობ მსგავს თემაზე.

უშბა

ასვლისას გეგმა შეგვეცვალა. ერთი დღე დავკარგეთ. დროში შეზღუდული ვიყავი, მყინვარზე უცხოელების ჯგუფი უნდა წამეყვანა და იმ კონკრეტულ რიცხვში მათთან უნდა ვყოფილიყავი. ამიტომ უშბაზე ვჩქარობდი.

ზვიადი ბოლო საბანაკე ადგილას ორჯერ არის ნამყოფი, მაგრამ წვერზე ვერ ავიდა. საბანაკე ადგილამდე ნისლის გამო ვერ მივედით. ავირიეთ. ამიტომ სადაც ვიყავით, იქვე გავშალეთ კარვები. ზვიადი ბოლო საბანაკე ადგილას დარჩა და წვერისკენ მარტო დავიწყე ასვლა. მასთან უსაფრთხოების გამო ტელეფონის საშუალებით ვკონტაქტობდი.

იმდენად მწველი მზე იყო ცუდად მხდიდა. თხელი მაისური მეცვა და ტემპს მინელებდა.

სადაც ცოცვას იწყებ, იმხელა დახრა აქვს, რომ ან ყინული რომ ამოტყდეს, ან ვერ ჩაარტყა, ან ზევიდან რამე დაგორდეს, თავს ვერ შეიკავებ. იქ თუ რამე დაგივარდა, ვერც გააჩერებ და ვერც ვერასდროს იპოვი. თუ ჩავარდი, იგივე გელის. ამ ადგილას მარტო რომ უნდა წავსულიყავი, რაღაც მომენტში შიში წამოიღო. მერე გეგმა დავსახე, ყინულს რომ შევუდგებოდი, ცოტა ქვებისკენაც წავსულიყავი, ფეხს დავდგამდი და მყარად ვიქნებოდი.

მეორე იმედგაცრუება, რაც შემხვდა ის იყო, რომ წინა წლის გამოცდილებას შედარება დავუწყე, რამდენად გამიადვილდებოდა ასვლა. თითქოს შარშან ადვილად ავედით წვერზე და ეს განცდა მახსოვდა. წელს მეორე აღმართის თავზე რომ ავდიოდი, ვიფიქრე, ეგ იყო წვერი. დროშიც კარგად ვარ, უკანაც ვასწრებ დაბრუნებას-მეთქი. მაგრამ მოულოდნელად წინ კიდევ დიდი აღმართი დამხვდა და რაღაც მომენტში გავიფიქრე, გავაგრძელო თუ მოვტრიალდე-მეთქი. მოკლედ, ქვებით ავედი წვერზე.

ლევან მოსაშვილი

უკან დაბრუნებისას ის ქვები, რომელიც ასვლაში მეხმარებოდა, უკვე ვეღარ ვიყენებდი, სრიალებდა. არ იყო კომფორტული. დროითაც ვატყობდი, რომ გვიანდებოდა.

- ლევან, მწვერვალზე ასვლის ემოცია გაგვიზიარეთ, თუ ეს სიტყვებით შესაძლებელია.

- რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. სხვა მხრიდან ავედი, წინა წელს სულ სხვა მხრიდან დავლაშქრეთ. ამიტომ ვერ ვხვდებოდი, წვერი იყო თუ არა. რომ გავიზარე, რომ მწვერვალზე ვიყავი, გამიხარდა. დაახლოებით შუადღის 12-1 საათი იქნებოდა. იქვე ჩავუთქვი, სამხრეთ წვერზე ასვლა. თუ სამხრეთ წვერზე ავალ, წვერიდან წვერზე ანუ ჩრდილოეთზე უნდა გადმოვიდე. დიდი ხანია ეს არავის გაუკეთებია.

- ზემოთ, ტოპზე, რა განცდა მოდის - გამარჯვების, ახალი მიზნის დასახვის...? რა შეგრძნებაა?

- სანამ რამეს გავაკეთებ, ყველაფერზე ბევრს ვფიქრობ. სანამ უშბაზე ავიდოდი, გონებით და ფიქრით ბევრჯერ ავედი. იმდენად ბევრჯერ მოხდა ეს, რომ როცა წვერზე რეალურად ავედი, გაკვირვებაც არ მქონია. ეს ამბავი ბევრჯერ მოიხარშა ჩემს თავში, ბევრჯერ ავედი და ამიტომ უკვე შეუძლებლად არ მიმაჩნდა. ვიცოდი, რომ ავიდოდი. ისე არ ყოფილა, მომინდა და წავედი. როგორც გიდს, მწვერვალებზე რომ ამყავდა ჯგუფები, ამასაც ვარჯიშად ვთვლიდი. ზამთარში ჩანჩქერები რომ იყინება, საცოცად დავდივართ და ამასაც დიდი წვლილი აქვს, რადგან მწვერვალებზე სულ ყინულზე მიცოცავ.

ლევან მოსაშვილი

პირველი სოლო ასვლა 21 წლის ასაკში მქონდა და მაშინ მქონდა ფიქრები, ვაი, რა მოხდება-მეთქი. ახლა მსგავსი ფიქრები არ მაქვს. მე ეს შემიძლია და არაფერი მოხდება, ასე მაქვს გააზრებული. ყველაფერში ას პროცენტიანი მზადყოფნით მივდივარ. დანარჩენი ჩვენგან დამოუკიდებელია.

- ლევან, მისტიკურ უშბაზე ალპინისტებს განსხვავებული ფიქრები მოსდიოთო, წავიკითხე...

- ფიქრები არ მახსოვს, მაგრამ ევერესტზე ასვლა სწორედ უშბაზე დავგეგმე. "უშბაზე ავალ" - ჩემი ეს ფრაზა ყველასთვის იყო ცნობილი. ახლა შორ პერსპექტივაზე გათვლილი მიზანი დავისახე, რომ არ მოვდუნდე. ამ მიზნამდე სანამ მივალ, სხვა შვიდი ათასიანი მწვერვალების დალაშქვრა მჭირდება. ეს ეტაპები უნდა გავიარო და ევერესტამდე მივიდე. მთლიანი პაკეტისთვის მინიმუმ 50 ათასი დოლარი გინდა, ევერესტზე რომ წახვიდე. სპონსორია საჭირო. მოკლედ, ხვალ და ზეგ ვერ მოხდება. მანამდე სხვა მწვერვალები იქნება, უფრო - საზღვარგარეთ.

მინდა შხარაც მივათვალო, მაგრამ სოლო ასვლით - არა. ასევე მინდა უშბის სამხრეთ წვერვალზეც ავიდე. ჩრდილოეთის წვერი 4-იან სირთულედ ითვლება, სამხრეთი - ხუთიანად. ანუ უფრო რთულია ასასვლელად. ქვებზე, კლდეზე გიწევს ცოცვა. ფანჯარა მცირე აქვს, სულ ქვათა ცვენაა. პერიოდი თუ ვერ დაიჭირე, ამ მიზეზით ბევრჯერ მობრუნებულან გზიდან უკან.

- მაინც რომელი უფრო დიდი ემოციის მომტანია, მწვერვალზე ასვლა თუ დაშვება?

- მე ამ ემოციას უფრო მეტად განვიცდი იმ დროს, როდესაც ჩემთან მოდის ახალგაზრდა და მეუბნება, შენ გამო ვარჯიში დავიწყეო. როცა ხვდები, რომ მოტივაციას, მაგალითს აძლევს სხვას. ერთმა მომწერა, შენი წყალობით შეყვარებული გავიჩინეო. ეგ როგორ-მეთქი? შენი ვიდეოები რომ ვნახე, დარბაზში დავიწყე სიარული, მერე მაგარ ტანზე დავდექი და შეყვარებულიც გავიჩინეო. ძალიან სასიამოვნოა, როცა მოდიან და სიმპათიას გამოხატავენ.

- რატომ ადიან მწვერვალზე მთასვლელები?

- მე ასე არ ვუყურებ, რომ უშბაზე სიცოხლის გასარისკად ავდივარ. ვუყურებ მარტივად, როგორც სპორტულ ასვლას. უშბაზე მეტწილად რუსები ადიან და სოლო ასვლაც მათ ანგარიშზეა. ვფიქრობდი, თუ უცხოელი აკეთებს ამას, ქართველს რატომ არ უნდა გვქონდეს უშბაზე სოლო ასვლა გაკეთებული-მეთქი.

ზუსტად არ ვიცი, ვინ იყო ის, ვინც 30 წლის წინ ავიდა უშბაზე. სადღაც დაწერეს, სვანეთში უცხოვრია ამ ადამიანს. მოკლედ, მინდოდა საქართველოს სახელზე ყოფილიყო ეს ასვლა. ეს ჩემი სპორტული ინტერესი გახლდათ. ახლა ევერესტს იმიტომ ვუმიზნებ, რომ 12 ქართველია იქ ასული და მეცამეტე რატომ არ უნდა ვიყო? 2001 წელს ყოფილა ბოლო ქართველი ასული და იმის შემდეგაც დიდი დროა გასული. სპორტული ინტერესის გარდა, მინდა ჩვენი ქვეყანაც გამოვაჩინო. ასეთი მიღწევების შემდეგ, ჩვენი პატარა ქვეყანა უფრო დიდად ჩანს.

- შიშს როგორ მართავთ?

- რისკების აწონ-დაწონით. უსაფრთხოების თვალსაზრისით, თუ თავს ცუდად ვიგრძნობდი, არ მომერიდებოდა, რომ შველა მეთხოვა.

ლევან მოსაშვილი

- თქვენი კუმირი ვინ არის?

- ჩემთვის მისაბაძია უკვე ლეგენდარული არჩილ ბადრიაშვილი, რომლის შესახებ ბევრი რამ, მისი გარდაცვალების შემდეგ გავიგე. და უფრო დავაფასე. მასზე ვახო აბაიშვილი, ჩემი სკოლის - "რეცას" დირექტორიც აღფრთოვანებით მესაუბრებოდა. მწვერვალზე ასვლით მამაჩემს როგორც გავახარებდი, შემიძლია ვახოც ისე გავახარო. მის აზრს ვიზიარებ, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

- ბარში როგორ ცხოვრობთ?

- არ ვეწევი, არ ვსვამ. გართობად ამას არ ვიყენებ. ლაშქრობები, ვიდეოთამაშები, მეგობრები. სრიალი ახლა დავიწყე და იმის ინეტერესი მაქვს, მწვერვალიდან დავეშვა. წელს თხილამურებიც მაჩუქეს და ამ ზამთარს კარგად გამოვიყენებ.

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026