საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რუსეთის იმპერიის მიერ ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, საქართველოს ეკლესიამ 10 წელი შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ეს კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ს დამსახურებით მოხდა. რუსეთში მისი გადასახლებისთანავე, დამპყრობელმა რუსეთმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია საბოლოოდ გააუქმა.
უფლისწული ბერი
1762 წლის 8 იანვარს ერეკლე II-სა და დარეჯან დედოფალს ვაჟი შეეძინათ, პაპის პატივსაცემად მას თეიმურაზი დაარქვეს. ის ჩვენი სახელოვანი მეფის მეოთხე ვაჟი იყო მესამე ქორწინებიდან. უფლისწულ თეიმურაზ ბაგრატიონს დროის შესაფერისი ბრწყინვალე განათლება მისცეს. მის აღზრდას პირადად კათოლიკოსი ანტონ I ხელმძღვანელობდა. ნიჭიერი და წარმოსადგენი თეიმურაზი ძალიან ახალგაზრდა აღიკვეცა ბერად. საერო სახელი თეიმურაზი მას ანტონით შეეცვალა.


გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ, ბერდიაკონი ანტონი დიპლომატიური მისიით რუსეთში გაგზავნეს, სადაც სულ მალე ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანეს. რუსეთში ორი წელი დაჰყო, 1789 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ანტონ I-ის გარდაცვალების გამო, მცხეთის მთავარეპისკოპოსად, ქართლ-კახეთის კათოლიკოსის კათედრაზე დაინიშნა.
მოღვაწეობა და გამოწვევები
კათოლიკოსი ანტონ II შეუდგა უმნიშვნელოვანეს საქმეს — ქართველებში სარწმუნოებისა და სამშობლოსადმი სიყვარულის გაღვივებას. შერყეული ზნეობის აღსადგენად მან აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში მისიონერთა ჯგუფები გაგზავნა. ის ზრუნავდა ქვეყნის აღდგენაზეც: აღაშენა ნაოხარი ადგილები, ხოლო აღა-მაჰმად-ხანის მიერ დაქცეული სიონისა და ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესიები განაახლა.

ანტონ II-ს უმძიმეს ეპოქაში მოუხდა მოღვაწეობა. იმპერატორ ალექსანდრე I-ის კარზე კარგად უწყოდნენ, თუ რა ავტორიტეტით სარგებლობდა პატრიარქი ქართველ ხალხში, რომელიც თავისუფლებადაკარგული, სიყვარულით შესცქეროდა ბაგრატიონთა დინასტიის ამ ღირსეულ წარმომადგენელს. რუსი მოხელეები ცდილობდნენ კათოლიკოსი საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინათ. სწორედ აქ იწყება ანტონ II-ის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი.
სიონის ფიცი: საშინელი არჩევანი
1802 წლის 12 აპრილი. ერეკლე მეფის გარდაცვალებიდან სამი წელი იყო გასული. რუსმა მოხელეებმა იმპერატორის დავალებით თბილისის წარჩინებულები სიონის ტაძარში შეკრიბეს, რათა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შესახებ მანიფესტი წაეკითხათ და იქვე, ქართველი დიდებულებისთვის დამპყრობელის წინაშე ფიცი ეთქმევინებინათ.
ბაგრატ ბატონიშვილის ჩანაწერების მიხედვით, ტაძარში შეკრებილებს მეფობის გაუქმება არ სურდათ. რუსმა მხედრობამ სიონის ეკლესია ზარბაზნებით ალყაში მოაქცია და გააფრთხილა, რომ თუ რუსეთისადმი ერთგულების ფიცს არ დადებდნენ, ყველას ამოწყვეტდნენ. საშინელი შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად, სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად, საქართველოს ეკლესიის მწყემსთავარი იძულებული გახდა დამორჩილებოდა. პეტერბურგში საგანგებოდ შედგენილი ფიცის ტექსტი არქიმანდრიტმა ტრიფილემ წაიკითხა:
„მე, ქვემო სახელდებული აღვსთქვავ და ვფუცავ ყოვლისა შემძლებელთა ღვთითა წინაშე წმინდისა სახარებისა მისისა მას შინა, ერთგულად და პირუთვნებლად ვემსახურო და დავემორჩილო ყოველსა შინა უმაღლესისა ნებისა მისისა, იმპერატორის დიდებულისა ალექსანდრე პავლოვიჩისა..“
ფიცს ხელი კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ II-მ და სხვა მღვდელმთავრებმაც მოაწერეს. ვინც ეს არ გააკეთა, დააპატიმრეს. ანტონ II-მ პროტესტი ღიად ვერ გამოხატა, რადგან იცოდა, რომ რუსეთი ამას ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების დასაჩქარებლად გამოიყენებდა.

კათოლიკოსი თანაგრძნობით ეკიდებოდა 1802, 1804 და 1812 წლების აჯანყებებს. რუსი მოხელეები მის განწყობას ხედავდნენ და განუწყვეტლივ ცდილობდნენ მის დასუსტებას. ანტონ II-მ დაახლოებით 10 წელი შეძლო ავტოკეფალიის შენარჩუნება. პატრიარქის რუსეთში სამუდამოდ გადაყვანის შემდეგ, ეკლესიის საქმე პირველ ეგზარქოსს, ვარლამ ერისთავს ჩააბარეს.
ერეკლე მეფისა და დარეჯან დედოფლის შვილის კათოლიკოსობის დასრულება, ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის დასასრულად იქცა. ანტონ II-მ სამშობლოს ნატვრაში გაატარა 17 წელი ცივ რუსეთში და 1827 წლის 21 დეკემბერს, ნიჟნი-ნოვგოროდში გარდაიცვალა.
საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, ტაძრები უმოწყალოდ გაძარცვეს. ძვირფასი ხატები და ძველი ხელნაწერები რუსეთში გაიტანეს, საიდანაც ნაწილი კერძო კოლექციონერების ხელში აღმოჩნდა, ნაწილი - რუსეთისა და სხვა ქვეყნების მუზეუმებში, ნაწილი კი - დაიკარგა.

05/22/2026