სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"ოზემპიკი" და "მუნჯარო" ის პრეპარატებია, რომლებსაც უკანასკნელ წლებში, ჭარბ წონასთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებებად ასახელებენ. მათზე ბევრს საუბრობენ, როგორც “სასწაულმოქმედ” მედიკამენტებზე, რომლებიც სწრაფად ამცირებს წონას.
პრეპარატების პოპულარობამ განაპირობა რეალობა, სადაც ადამიანები, მათ გამოყენებას ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თვითნებურად იწყებენ.
სპეციალისტები გვაფრთხილებენ, რომ საქმე საკმაოდ სერიოზულ პრეპარატებთან გვაქვს, რომლებიც თავდაპირველად კონკრეტული სამედიცინო დანიშნულებით შეიქმნა და მათი გამოყენება ინდივიდუალურ შეფასებასა და კონტროლს საჭიროებს.

რა განსხვავებაა "ოზემპიკსა" და "მუნჯაროს" შორის? როგორ მოქმედებენ ისინი ორგანიზმზე? ვის შეიძლება დაენიშნოს და რა რისკები ახლავს პრეპარატების არასწორ გამოყენებას? - ამ კითხვებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა პასუხობს.
“არც "მუნჯარო" და არც "ოზემპიკი" არ არის გასახდომი პრეპარატები, ეს არის მეტაბოლური სინდრომის სამკურნალო პრეპარატები, ” - ამბობს ექიმი.
მისი განმარტებით, სიმსუქნე და ჭარბი წონა, ყოველთვის მეტაბოლურ სინდრომს არ უკავშირდება, ისევე, როგორ მეტაბოლური სინდრომი ნებისმიერ შემთხვევაში არ იწვევს სიმსუქნეს.
ამიტომ, პრეპარატების გამოყენებამდე, პაციენტის მდგომარეობა პროფესიონალმა უნდა შეაფასოს და მისი დანიშვნის გადაწყვეტილებაც ენდოკრინოლოგმა უნდა მიიღოს.

“მეტაბოლური სინდრომი მხოლოდ სიმსუქნე არ არის. შესაძლებელია იყოს მეტაბოლური დარღვევები და იქ სიმსუქნე არ იყოს გამოხატული. ასევე შეიძლება ადამიანი იყოს მსუქანი, მაგრამ დიაგნოსტიკურად, სულაც არ ჰქონდეს მეტაბოლური დარღვევა. ამას სჭირდება დიაგნოსტიკა.
ორივე პრეპარატი რეალურად შექმნილია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის სამკურნალოდ. მათი მოქმედების პრინციპი და მექანიზმი ერთნაირია, თუმცა არსებობს ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება - „ოზემპიკი“ მოქმედებს GLP-1 რეცეპტორებზე, ხოლო „მუნჯარო“ — როგორც GLP-1-ზე, ისე GIP რეცეპტორებზე.
GLP-1 ბუნებრივად გამომუშავდება ჩვენს ორგანიზმში და მონაწილეობს მადის, სისხლში შაქრის დონისა და საჭმლის მონელების რეგულაციაში.
მაგრამ მათი რაოდენობა ჩვენს ორგანიზმში საკმაოდ ცოტაა და მისი დახარჯვა მალე ხდება.
როცა "ოზემპიკის" სახით GLP-1-ს დამატებით ვიღებთ, ამით ხელს ვუწყობთ საკვების კუჭში შედარებით დიდხანს გაჩერებას. ეს მოქმედებს მადაზე. საკვების დაქუცმაცება კუჭის წვენში უფრო მარტივად ხდება, როცა გადამუშავებული საკვები ნაწლავში გადადის, მისი ათვისება ნაკლებია და საბოლოო ჯამში ორგანიზმში უფრო ნაკლები ნახშირწყალი შეიწოვება.
რადგან "ოზემპიკის" მიღების დროს, საკვები ჩვენს ორგანიზმში დიდხანს ყოვნდება, ეს გარკვეულ დისპეპსიურ სიმპტომატიკას იწვევს და პაციენტებს ხშირად აქვთ დისკომფორტი - ეს შეიძლება იყოს ღებინების შეგრძნება.

რაც შეეხება "მუნჯაროს", მას “ოზემპიკისგან” განსხვავებით, დამატებით რეცეპტორზე მოქმედება შეუძლია, რომელიც ამ ტოქსინებს და შლაკებს უფრო მალე გამოყოფს ორგანიზმიდან და შესაბამისად კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, აღარ არსებობს იმ ტიპის დისკომფორტი, როგორიც “ოზემპიკს ჰქონდა.
შეიძლება ითქვას, რომ "მუნჯაროს" მომხმარებელს არ აქვს ის ჩივილები, რაც "ოზემპიკის" მომხმარებელს ჰქონდა... თორემ მოქმედების მექანიზმი ფაქტობრივად იგივეა.
ასვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ "მუნჯაროს" გამოყენების შემთხვევაში ფერმენტაციის ხარჯზე წონის კლება უფრო სწრაფად ხდება. თუ "ოზემპიკი" გლიკემიურ ციფრებს აწესრიგებს და ადამიანს არსებული წონის 10-15 % შეუძლია დაიკლოს, "მუნჯაროს" შემთხვევაში არსებული წონის 17-25 %-ის დაკლებაა შესაძლებელი,” - ამბობს ლაშა უჩავა.

რაც შეეხება შესაბამისი მკურნალობის შემდეგ წონის მატებას, ექიმი ამბობს, რომ არცერთი ზემოთ დასახელებული პრეპარატი არა არის პანაცეა, რომელსაც ერთხელ გავიკეთებთ და პრობლემა სამუდამოდ მოგვარდება.
“სიმსუქნე ქრონიკული დაავადებაა და მას ქრონიკული მკურნალობა და ქრონიკული მიხედვა სჭირდება. არც ოზემპიკი და არც მუნჯარო არ არის პანაცეა, რომელსაც ერთხელ გავიკეთებთ და ამით ყველაფერს დაასრულებს. ეს პრეპარატები გვეხმარება ჩვენი მეტაბოლიზმის მოწესრიგებაში და სწორი ჩვევების ჩამოყალიბებაში.
უნდა აღინიშნოს, რომ ორივე პრეპარატმა მოახდინა რეალურად სამედიცინო რევოლუცია.
ოზემპიკი გარდა დიაბეტის მკურნალობისა, თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე გამოიყენება კარდიოლოგიასა და ნეფროლოგიაში, ხოლო მუნჯაროს თავისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მალე ექნება ჩამონათვალში ეფექტები ღვიძლის ცხიმოვან ფილტრაციაზე და ანტილიპიდურ მოქმედებაზე.
თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერ პრეპარატს თავისი დანიშვნის ჩვენება და გვერდითი ეფექტები აქვს. თუ პრეპარატი სწორად იქნება დანიშნული, მას ექნება ძალიან კარგი შედეგი, მაგრამ თუ ის გამოყენებული იქნება არასწორად, როგორც ნებისმიერ პრეპარატს, მასაც ექნება გვერდითი ეფექტები.

ოზემპიჯკისა და მუნჯაროს გამოყენება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ორსულობის დროს, ლაქტაციის დროს, ტიპი 1 დიაბეტის დროს, ასევე ქრონიკულად მიმდინარე პანკრეატიტებისა და სხვა დაავადებებისას.
ეს კიდევ ერთხელ ხაზეს უსვამს იმას, რომ ექიმი- ენდოკრინოლოგის დანიშნულების გარეშე ამ პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება,” - განმარტავს ლაშა უჩავა.
05/07/2026