Logo

ყველაფერი ბავშვებზე

რა იცვლება პირველკლასელებისთვის 2026–2027 სასწავლო წელს? - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის

რა იცვლება პირველკლასელებისთვის 2026–2027 სასწავლო წელს? - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მშობლებისთვის

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

პირველ კლასში სწავლის დაწყება, ბავშვის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ პროცესის დაწყებისთანავე, ყოველდღიური გარემო, პასუხისმგებლობები და ცხოვრების რიტმი არა მარტო პირველკლასელისთვის, მთელი ოჯახისთვის მნიშვნელოვნად იცვლება.
ამიტომ ამ პროცესს მშობლები განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან.


2026-2027 წლებში, პირველკლასელთა რეგისტრაციის წესებში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა. ცვლილებები შეეხო როგორც სკოლაში შესვლის ასაკობრივ ზღვარს, ისე საჯარო სკოლებში რეგისტრაციის წესს.

სკოლა

განსაკუთრებული გამონაკლისი დაწესდა იმ ბავშვებისთვისაც, რომლებსაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

ამასთან, რეგისტრაციის პროცესში გაჩნდა ტერიტორიული პრინციპით ჩარიცხვის ახალი შესაძლებლობაც.

რა უნდა იცოდნენ მშობლებმა, ვის შეუძლია 2026–2027 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლა და როგორია რეგისტრაციის განახლებული წესები?

ზოგადი წესის მიხედვით, დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია და 2026–2027 სასწავლო წლისთვის პირველ კლასში შესვლის უფლება აქვთ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

თუმცა, მიმდინარე სასწავლო წლისთვის კანონში სპეციალური, ერთჯერადი გამონაკლისი შევიდა. 2026–2027 სასწავლო წელს პირველ კლასში სწავლის დაწყება შეუძლიათ იმ ბავშვებსაც, რომლებსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობლის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული და ნებაყოფლობითია. ანუ, თუ ბავშვი 6 წლის ხდება ოქტომბერში, ნოემბერში ან დეკემბერში, მშობელს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, სურს თუ არა, რომ ბავშვმა სწავლა დაიწყოს.

სკოლა

სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მშობელმა გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ბავშვის ასაკი არ უნდა გაითვალისწინოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი ემოციური, სოციალური და შემეცნებითი მზაობა. რამდენად შეუძლია ახალ გარემოსთან ადაპტაცია, ყურადღების ხანგრძლივად შენარჩუნება, დამოუკიდებლად გარკვეული დავალებების შესრულება და თანატოლებთან ურთიერთობა.

შესაბამისად, კანონი მშობელს არჩევანის შესაძლებლობას აძლევს: თუ ბავშვი სკოლისთვის მზად არის, სწავლა უკვე 2026–2027 სასწავლო წელს დაიწყოს, ხოლო თუ ოჯახი მიიჩნევს, რომ დამატებითი ერთი წელი მის განვითარებას უკეთ წაადგება, პირველ კლასში შესვლა მომდევნო წლისთვის გადადოს.

სკოლა

2026–2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დაემატა - ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციის ეტაპი. მისი მიზანია, ბავშვს უფრო მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს, საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლაში მოხვდეს.

ტერიტორიული რეგისტრაცია 12 ქალაქში მოქმედებს: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ამბროლაურში, ახალციხეში, ოზურგეთში, მცხეთასა და გორში. თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და რუსთავი სასკოლო უბნებად არის დაყოფილი, დანარჩენ ქალაქებში კი ტერიტორიული პრინციპი ადმინისტრაციული საზღვრების მიხედვით მოქმედებს.

თბილისში დამატებითი შესაძლებლობაც არის გათვალისწინებული: სასკოლო უბნის საზღვართან მცხოვრებ ბავშვს შეუძლია დარეგისტრირდეს მომიჯნავე უბნის იმ სკოლაშიც, რომელიც მისი საცხოვრებელი ადგილიდან არაუმეტეს ერთი კილომეტრით არის დაშორებული.

ტერიტორიული რეგისტრაციისას ბავშვის მისამართი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით განისაზღვრება.

ავტორი: ზმნა

08/31/2026

პირველი კლასისექტემბერისკოლაწესი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024