რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
17 დეკემბერს მართლმდადიდებელი ეკლესია ბარბარობას აღნიშნავს. მორწმუნე მრევლი ამ დღეს წმინდა ბარბარეს ტროპარსა და კონდაკს კითხულობს.
ტროპარი: ქალწულებითა განშვენებულო და წამებითა გაბრწყინვებულო, სასწაულთა მოქმედო, სენთა და ბუგრთა მკურნალო, დიდო ქალწულმოწამეო ბარბარე, მეოხ გვეყავ ჩუენ ცოდვილთა.
სხვა ტროპარი: ბარბარესა წმიდასა პატივს-ვსცემდეთ, რამეთუ მტერისა საფრხენი შემუსრნა, და ვითარცა სირი განერა მახისაგან შეწევნითა და საჭურველითა პატიოსნისა ჯუარისათა.
კონდაკი: სამებასა წმიდასა სარწმუნოებით თაყვანის-ეც და შეუდეგ შენ მსგავსად ბრძანებისა მისისა პატიოსანო მოწამეო, და კერპთა საზორველი დაამხვენ, და შორის მათსა იღვაწე წმიდაო ბარბარე, მძლავრთა სიცბილნი და შინებანი შეურაცხ-ჰყუენ, და ხმა მაღლად ღაღადებდ: სამებასა წმიდასა ვესავ, და ერთ ღმრთაებით ვადიდებ.
***
წმიდა დიდმოწამე ბარბარე მართლმადიდებლობისთვის მეოთხე საუკუნის დასაწყისში, მმართველ მარკიანეს დროს ეწამა. ამჟამად მისი წმიდა ნაწილები კიევში, ვლადიმირის სახელობის საკათედრო ტაძარშია დასვენებული.
ბარბარობასთან დაკავშირებით წირვა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
წმიდა დიდმოწამე ბარბარე ბავშვების მფარველად მიიჩნევა. მას ევედრებიან ყრმათა კურნებისთვის, შვილიერებისთვის, ასევე მოულოდნელი, უზიარებელი სიკვდილისგან დასაცავად. ბარბარობაზე საზეიმო წირვას ბევრი ბავშვი ესწრება.

ამ დღეს ბევრ ქართულ ოჯახში, ხალხური ტრადიციისამებრ, ლობიანს აცხობენ და ბარბარობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რიტუალს – მეკვლეობის წესს იცავენ. ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, რომ ეს დღესასწაული არის ბედობის დღეც.
ქართველები ბარბოლს, ბარბლაშის (სვანეთი) და ბარბალეს სახით თაყვანს სცემდნენ ამავე სახელწოდების წინაქრისტიანული მზის ადგილობრივ ღვთაებას. ქართულ წარმართულ პანთეონში აქტიური ადგილი ეკავა მზის ღვთაებას და მის დედას აისს–ბარბალეს. მათდამი პატივსაცემად დღესასწაულზე აცხობდნენ მზის დისკოს ფორმის ღვეზელებს, ყველიან და კვერცხიან კვერებს.
როდესაც ქვეყანა გაქრისტიანდა, არსებული წარმართული წმინდანისა და ახალი ბარბარეს სახელების ფონეტიკური დამთხვევის გამო მოხდა მათი შერწყმა. ბარბარობა მარხვას ითვალისწინებდა, გულსართად კი, ყველისა და კვერცხის ნაცვლად, მზის ფორმის კვერებში, გაჩნდა სამარხო პროდუქტი - ლობიო. აი, რა კავშირია ლობიანსა და ამ დღესასწაულს შორის.
12/17/2025