რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მარიამობის მარხვა უძველესი დროიდან იღებს სათავეს.
წმინდა სიმეონ თესალონიკელი ამბობს: "აგვისტოში მარხვა დაწესებულია ღვთის სიტყვის ლოგოსის დედის საპატივსაცემოდ, რომელმაც უწყოდა რა ჟამი თვისი განსვენებისა, იღვწოდა და მარხულობდა ჩვენთვის, თუმცა თავად მყოფი წმიდა და შეუმწიკვლელი, ამას არ საჭიროებდა. ის ლოცულობდა ჩვენთვის, როდესაც აპირებდა წუთისოფლიდან მარადისობაში გადასვლას, და მისი ნეტარი სული უნდა შეერთებულიყო მის ღვთაებრივ ძეს. ამიტომაც ჩვენ უნდა ვმარხულობდეთ და განვადიდებდეთ მას, ვბაძავდეთ მის ცხოვრებას, რათა ამით აღვძრათ ის ჩვენთვის ლოცვისა და მეოხებისათვის".
მარიამობის მარხვის შესახებ, ტაძრის დეკანოზი დავით ციცქიშვილი:
"თავდაპირველად მარიამობის მარხვა დაფიქსირებული არ იყო, როგორც ორკვირიანი, თუმცა შემდეგ საზღვრებში მოექცა.
მარიამობის მარხვაში ფერისცვალების დღესასწაულია, რაც ადამიანს სულიერი ფერისცვალებისკენ უბიძგებს და მარიამობასთან შესახვედრად ამზადებს.
მარიამობის მარხვა აგრეთვე ადამიანს მოუწოდებს, მიემსგავსოს ღვთისმშობელს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ლოცვასა და მარხვაში გაატარა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ღვთისმშობელს ვერ შევედრებით, მაგრამ შესაძლოა ეს იყოს მაგალითი ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის. ამ მარხვასთან დაკავშირებით სწორედ აღნიშნული ორი შინაარსობრივი მომენტი გამოიყოფა.
მარხვა მეტად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.
პირველი მარხვა ჯერ კიდევ სამოთხეში დაწესდა. ცნობილი ქრისტიანული დაშვებაა, რომ როდესაც ღმერთმა ადამს აუკრძალა, მიეღო ერთ-ერთი ხიდან ნაყოფი, ყველამ ვიცით, რომ ეშმაკის ზეწოლითა და ევას ზემოქმედებით მან აკრძალული ხილი იგემა და მარხვა დაარღვია.
უნდა ითქვას, რომ მარხვა, გარკვეული თვალსაზრისით, ადამიანის ნებისყოფის გამოვლენაა.

სახარებაში წერია: "სასუფეველი ღმრთისაი იიძულების". ქრისტიანულ ცხოვრებაში ასეთ გამოვლინებებს, ნებისყოფას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ღმერთთან მისვლა რომ მხოლოდ სიამოვნებებით ხდებოდეს, მაშინ ყველა მივიდოდა. ზოგჯერ ადამიანს ლოცვის განწყობა არ აქვს, ეზარება, დაღლილია, მაგრამ მაინც ლოცულობს. ასე რომ, იძულების მომენტს დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
მარხვა თითქოს ჩვენი ნებისყოფის წრთობაა და მიუთითებს, რომ თუ საკვების მიღებაზე ადამიანს თავის შეკავება არ შეუძლია, მაშინ სხვა რაში გამოიჩენს ნებისყოფას? ამ შემთხვევაში ადამიანის პიროვნული სიძლიერე დაკნინებულია.
მარხვას, ადამიანის მხრიდან, ნებელობითი აქტის გამოვლინების დატვირთვა აქვს და ორი ასპექტი გააჩნია – ფიზიკური და სულიერი. ფიზიკური მარხვა საზრდელისგან გარკვეულ თავშეკავებას გულისხმობს. პიროვნება თავისი სულიერი განვითარების მიხედვით საზღვრავს მარხვის სიმკაცრეს.
გაცილებით მნიშვნელოვანია მარხვის სულიერი ასპექტი, რაც გულისხმობს თავშეკავებას სანახაობებისგან, ჩხუბისგან, ბილწი ფიქრებისგან.
მართლმადიდებელმა მამებმა შემოსაზღვრეს დრო, რადგან იმ მომენტში უფრო მეტად გაეკონტროლებინათ ადამიანებს თავი, სულიერად მოქცეულიყვნენ და ეცხოვრათ.
როდესაც სწორად იწრთობა ადამიანი, ეს სულიერი მომენტი მარხვის შემდგომ პერიოდშიც გადაჰყვება ხოლმე მას. ნელ-ნელა ვითარდება ადამიანის სულიერი მონაცემი და ჭეშმარიტი მარხვის განწყობა ნარჩუნდება ხსნილშიც.
საინტერესო ფსიქოთერაპიული მომენტია, როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ თამბაქოს თავი უნდა დაანებოს და შეიძლება შემოუსაზღვრო მხოლოდ ერთი კვირა, სცადოს მისგან თავშეკავება და არა მთელი ცხოვრება. ამ დროს თითქოს უფრო ადვილია რაღაცის დაძლევა… და შემდეგ უკვე ბუნებრივად ვრცელდება უფრო დიდ პერიოდზე.
მარხვა – ეს ხელოვნებაა. ყოველ მარხვაში რაღაცით უნდა წარემატოს ადამიანი. შეიძლება დიდი არა, მაგრამ რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგას წინ. უფრო ნაკლებად უყუროს ტელევიზორს, მეტად ილოცოს. ამას ზოგჯერ შინაგანი ხმა გეუბნება, თუ როგორ გაამკაცრო მარხვა.
როცა უფალთან საღი ურთიერთობა გაქვს, გაგრძნობინებს, თუ როგორ გააუმჯობესო მარხვა.
მართლმადიდებლობა პიროვნული სრულყოფის რელიგიაა, რომელიც მუდმივ ზრდას გულისხმობს. მარხვაში ზრდის მომენტი აუცილებელია".
მარიამობის მარხვა 14 აგვისტოს იწყება და 28 აგვისტოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე მთავრდება.
08/21/2026