საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1924 წლის აგვისტოს აჯანყება იშვიათად ასახულა ქართულ ლიტერატურაში ისე მძაფრად და ტრაგიკულად, როგორც ეს არის გალაკტიონ ტაბიძის პოემაში - „მოგონებები იმ დღეების როცა იელვა.“ ჩვენამდე მოღწეული ცნობებით, ამ პოემის გამო გალაკტიონი ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული იყო. ეს ამბავი საბჭოთა კავშირში საგულდაგულოდ გადამალეს. პოემასაც თითქოს დღემდე მოჰყვება საბჭოთა ცენზურის გავლენა. გალაკტიონ ტაბიძის ეს შედევრი აშკარად არ არის ისეთი პოპულარული, როგორიც უნდა იყოს. ამიტომ, მეტი უნდა ვილაპარაკოთ გალაკტიონისეულ იმ დღეების მოგონებებზე — „როცა იელვა.“

„ქალაქს მოავლეს გარშემო ალყა
და ერთხელ, დილით,
მძიმე ტანკების მოინგრა ტალღა
ბოროტი ჩრდილით.
მთელი სამი დღე გაგრძელდა სროლა,
სისხლიც ათავდა,
ორი მრისხანე სტიქიის ბრძოლა
მწარედ გათავდა.“
ეს პოემა 1924 წლის აჯანყების ცხელ კვალზე ჟურნალ „მნათობში“ დაიბეჭდა, თუმცა მკითხველამდე ვერ მიაღწია. დიდი ტერორის დღეები იყო — ბოლშევიკურმა რეჟიმმა ჟურნალის მთელი ტირაჟი ამოიღო და გაანადგურა. დღემდე მხოლოდ მცირე რაოდენობის ეგზემპლარებია შემორჩენილი.

„გამარჯვებულნი სასტიკი ხელით
აღრჩობენ ტყვეებს,
ჰკაფავენ, ხვრეტენ, ხალხის სახელით
უსპობენ დღეებს.“
ამ სტრიქონების გამო ავტორი მეტეხის ციხეში აღმოჩნდა. ბედად დახვრეტას გადაურჩა და მალევე გაათავისუფლეს.
ხშირად იქმნება შთაბეჭდილება, რომ საზოგადოებას უფრო მეტად აინტერესებს გალაკტიონის ტექსტები, რომლებიც საბჭოთა რეალობასთან „შეგუებად“ აღიქმება — თითქოს იმის დასამტკიცებლად, რომ ეპოქას დაემორჩილა, ვიდრე მისი ანტისაბჭოთა სულისკვეთების ნაწარმოებებში, რომელთა შორისაც ერთ-ერთის გამო დაპატიმრებული იყო.
„გიამბო? არა! ვნახე ვენახი
როგორც ტაძარი.
ისეთი არსად ჯერ არ მენახა,
უზარმაზარი.
და იისფერი ფურცლები ვაზის
სანთლებს ვენახში
უმძიმეს ქარვის მტევნებად აზის,
ვით ფერფლი ნახშირს.“
სიზმრად ქცეული სამშობლო — ვენახი, როგორც ტაძარი უზარმაზარი, სადაც სილამაზეს განადგურების წინათგრძნობა უპირსპირდება.
1924 წლის ტრაგედიის აღწერისას გალაკტიონს ამგვარი მეტაფორული ხედვით შემოაქვს სამშობლოსა და თავისუფლების განცდა. იქვე ქმნის ქალაქის სურათს, სადაც ცარიელი ქუჩები, გაჩერებული ქარხნები, გაღატაკებული ხალხი ჩანს და სროლის ხმა ისმის. ყველაფერი მთელი სიმძაფრით ასახავს რეალობას, რომელიც 1924 წლის აჯანყების უძღოდა წინ და მისი დამარცხების შემდეგ სუფევდა საქართველოში. ხალხის გამოსვლები, „მარსელიეზა“, შეტაკებები და ტყვიები კი აჯანყების უსასტიკეს ჩახშობაზე გვიყვება. ერთმანეთში ირევა შიმშილი, შიში, იმედი, სიყვარული, ღირსების დახვრეტა, დამარცხება და განადგურება. გალაკტიონ ტაბიძის ეს პოემა 1924 წლის მოვლენების და საქართველოს აჯანყების ერთგვარი მხატვრული მემორიალია.

„აქ გზატკეცილმა ნდობა არ იცის...
ხელგანაშვები
თრთიან შიმშილის და პოლიციის
მსხვერპლი, ბავშვები.“
1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ, არგვეთთან მატარებელში პატრიოტების ვერაგულად და უსასტიკესი ფორმით ამოხოცვას ეძღვნება გალაკტიონ ტაბიძის ეს ლექსიც:
„მოწმეა რბევის და თარეშის ხვადაგურის
ბინდბუნდი საზიზღარ რკინიგზის სადგურის,
აგზავნის სადღაცა კუბოებს — ვაგონებს
და მათი კივილი იმ დღეებს მაგონებს,
როდესაც ამ გზებზე გაეკრა ვაება...
ნუთუ ის კივილი ლიანდაგს ჩაება?“
ასე, ლიანდაგს სამუდამოდ ჩააბა გალაკტიონმა კივილი, რომელიც არასდროს სრულდება, აღარ ქრება, დავიწყებას ვერ მიეცემა. ეს ლექსი ეხება საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ გამოსული 200 პატრიოტი ქართველის დახვრეტას და გვიყვება იმაზე, თუ როგორ გახდა ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში სიკვდილი მექანიკური და სისტემური, გარემო კი - ცარიელი, ბნელი და საზიზღარი.

ისტორია არ მთავრდება იმით, რაც მოხდა, ის გრძელდება იმით, როგორც ადამიანებს გვახსოვს. ჩვენი გენიალური პოეტის გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში 1924 წლის აჯანყება არ სრულდება წარსულში. ის რჩება ცოცხალ მეხსიერებად და აგრძელებს ცხოვრებას უკვდავ სიტყვებში, უმძაფრეს წარმოსახვასა და განცდებში, იმ დღეების ტკივილიან მოგონებებში — „როცა იელვა.“
1924 წლის აგვისტოს აჯანყების ჩახშობის დროს დაღუპულთა და თანამდევი რეპრესიების მსხვერპლთა ზუსტი რიცხვი უცნობია. 1927 წელს დაჯამებული ცნობებით ვარაუდობდნენ, რომ მსხვერპლი 7000-ზე მეტი იყო, საქართველოსთვის კატასტროფული მონაცემია, „დიდი ტერორი“ კი შემდგომ წლებშიც გაგრძელდა.
რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საერთო სახალხო აჯანყების მიზანი საქართველოს განთავისუფლება და დემოკრატიული წყობის აღდგენა იყო.

04/24/2026