ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მარხვის დასრულება და გახსნილება მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვეულებრივ კვებით რეჟიმზე გადასასვლელად ორგანიზმისთვის აუცილებელია გარკვეული ადაპტაციის პერიოდი. მარხვის პერიოდში მხოლოდ მცენარეული საკვების მიღება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მდგომარეობაზე აისახება. კერძოდ, ჩვენი ორგანიზმი ეჩვევა განსაზღვრულ, უმთავრესად, ნახშირწყლოვან საკვებს და გამოიმუშავებს მხოლოდ ისეთ ფერმენტებს, რომლებიც შლის სახამებელს, შაქარს, უჯრედისს, მცენარეულ ცილასა და ცხიმს.
რაკი ორგანიზმი ცხოველური ცილებითა და ცხიმებით აღარ იტვირთება, ქვეითდება პანკრეასის მიერ იმ ფერმენტების გამომუშავება, რომლებიც ამ კომპონენტების გადამუშავებაში მონაწილეობს. თუ მარხვის შემდეგ ცხოველურ საკვებს ერთბაშად მივეძალებით, დისკომფორტს აუცილებლად ვიგრძნობთ. ამ დროს მოსალოდნელია: მუცლის ტკივილი, ფაღარათი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გულძმარვა და სხვა სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა, საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებას ახლდეს თან.
გახსნილებისას ცხოველური პროდუქტის მიღება რძის ნაწარმით უნდა დავიწყოთ. ამ მხრივ საუკეთესოა მაწონი – რძემჟავა პროდუქტი, რომელიც ნაწლავური მიკროფლორის ნორმალური ბალანსის შენარჩუნებას უწყობს ხელს. დაიწყეთ რძემჟავა პროდუქტებით – მაწვნით, კეფირით, იოგურტით, შემდეგ კი თანდათან გადადით რძეზე, ხაჭოზე, ნაღებზე, კარაქზე, ყველზე. რეკომენდებულია ჭყინტი, უმარილო ყველი, ხოლო მარხვის შემდეგ პირველ დღეებში შებოლილი სულგუნი და თუშური ყველი მძიმე მოსანელებელი იქნება.

ხსნილის პირველ დღეს კარგია კვერცხის მიღება, მაგრამ არა უზომოდ. პირველ დღეებში თითო კვერცხზე მეტი არ უნდა ჭამოთ, რადგან კარგად მოხარშული კვერცხი საკმაოდ ძნელი მოსანელებელია.
ხსნილის პირველ დღეებში შეგიძლიათ მიიღოთ მჭლე, დაქუცმაცებული, მოხარშული, ჩაშუშული ხორცი; გარნირად კი გამოიყენოთ კომბოსტო, პომიდორი, ჭარხალი, სტაფილო, მწვანილი, მჟავე კენკრა – შტოში, წითელი მოცვი.

ზოგიერთი ჩვენგანი მარხვის დასრულებისთანავე გემრიელ და ცხიმიან საკვებს იღებს, რითაც საკუთარ საჭმლის მომნელებელ ტრაქტს სერიოზულ გამოცდას უწყობს. ჩვეულებრივ კვებაზე ერთბაშად გადასვლა ხშირად გასტრიტის, დუოდენიტის, წყლულოვანი დაავადების, პანკრეატიტის, ქოლეცისტიტის, კოლიტის, ჰემოროიდული დაავადების გამწვავებას იწვევს.
მადისაღმძვრელი სუფრა, ნაირგვარი საკვები კუჭის წვენისა და მარილმჟავას სეკრეციის მკვეთრ მატებას განაპირობებს, ეს კი განსაკუთრებით არასასურველია, როდესაც ადამიანს კუჭის წყლული აქვს. გარდა ამისა, ზომაზე მეტად იტვირთება პანკრეასი – სწორედ ის გამოიმუშავებს ცხოველური საკვების მონელებაში მონაწილე ფერმენტებს. თუ უხვ საკვებს დიდი ოდენობით ალკოჰოლიც დაემატა, დიდია მწვავე პანკრეატიტის განვითარების რისკი. საფრთხე ნაღვლის ბუშტსაც ემუქრება: ცხოველური ცხიმით მდიდარი საკვები შესაძლოა ნაღველკენჭოვანი დაავადების გამწვავების მიზეზად იქცეს, ყოველივე ეს კი ნაწლავის გაღიზიანებასაც იწვევს.
სადღესასწაულო სუფრა გულ-სისხლძარღვთა სისტემას მეტისმეტად ტვირთავს, მით უმეტეს, თუ ადამიანი არტერიულ ჰიპერტენზიას ან გულ-სისხლძარღვთა სხვა პათოლოგიას უჩივის.

აუცილებელია ზომიერების დაცვა
დიეტოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ მარხვის შემდეგ ჩვეულებრივ კვებაზე გადასვლა ორგანიზმისთვის საკმაოდ რთული პროცესია, ამიტომ ტრადიციულ რაციონს თანდათანობით უნდა დავუბრუნდეთ და არა – ერთბაშად. თუ ადამიანი ჯანმრთელია, ერთი კვირა მაინც არის საჭირო, რათა ორგანიზმმა პირვანდელი მდგომარეობა აღიდგინოს და ცხოველური სურსათის მონელებისთვის აუცილებელი ფერმენტები კვლავ საკმარისი ოდენობით გამოიმუშაოს.
წყარო: ოჯახის მკურნალი
04/09/2026