Logo

საზოგადოება

"რა სჭირდა ჩემს უსაყვარლეს ბიჭს სასიკვდილო?" - დღეს ტარიელ ჭანტურიას ვაჟი, ირაკლი 66 წლის გახდებოდა

"რა სჭირდა ჩემს უსაყვარლეს ბიჭს სასიკვდილო?" - დღეს ტარიელ ჭანტურიას ვაჟი, ირაკლი 66 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს ირაკლი ჭანტურიას დაბადების დღეა, ტარიელ ჭანტურიას ვაჟის, რომელიც 2021 წლის 18 აპრილს, გერმანიის კლინიკაში გარდაიცვალა.

ირაკლის ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს ლაშა თაბუკაშვილის პიესის მიხედვით გადაღებული, ქეთი დოლიძის ფილმიდან „სანამ წვიმა გადივლიდეს“, სადაც ის მედეა ჯაფარიძის და თენგიზ არჩვაძის გმირების, სალომეს და ვახტანგის შვილის როლს ასრულებს.

ირაკლი ჭანტურიაირაკლი ჭანტურიაირაკლი ჭანტურია

გუშინ, 8 ივლისს კი, 93 წლის ასაკში შვილმკვდარი პოეტი - ტარიელ ჭანტურია შეუერთდა მარადისობას.

რა სევდიანი ამბავია...

11 ივლისს 94 წლის გახდება - იქ, მარადისობაში.

ტარიელ ჭანტურია: ჩემი ირაკლი რომ გარდაიცვალა, მერჩია, მე მოვმკვდარიყავი. ჩემს უსაყვარლეს ბიჭს, რა სჭირდა სასიკვდილო? მეხივით დამეცა...

ეს აძლიერებს და ტრაგიკულ თემას ამრავლებს. გინდა არ გინდა, გადადიხარ იმ სამყაროში - უკვდავების, სიკვდილის, დავიწყების.

"უპანთეონოდ გავალ იოლად -
ჰქონდეთ დიდუბე სხვებს ჩემი წილი!
რა სჯობს, როდესაც მარადიულად
გვერდიგვერდ წვანან მამა და შვილი!"

ჭანტურიები

მისი პოეზია არის ფერადი, მელოდიური და ყველასთვის გასაგები, ღიმილის და ცრემლის მომგვრელი. წყურვილს მაშინვე გიკლავს, რამე პოეტურის წაკითხვის სურვილისას რომ გადაეყრები...

" ბოლოს და ბოლოს, ერთი აქვს ბოლო
ლომსა და თინუსს, ნაძვსა და ღოლოს!
სიყვარულისთვის! კარგო, ჩვენ მხოლოდ
სიყვარულისთვის გავჩნდით და ვცხოვრობთ!
უხერხულია - შენ გერქვას ცოლი -
შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე.
აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი! -
მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ..."

ტარიელ ჭანტურია

ტარიელ ჭანტურია: მთელი ცხოვრება გამომცემლობებში, ჟურნალში, გაზეთში, რედაქციებში გავატარე. მურმან ლებანიძის შემდეგ, ვიყავი რუსთაველის კომიტეტის თავმჯდომარეც.

კომპარტიის წევრი არასდროს ვყოფილვარ. სირცხვილის გრძნობა შეგაწუხებდა, კატორღელების შვილი კომპარტიაში შემძვრალიყავი.

კარტოღელების შვილებმა უფრო იციან, რა არის თავისუფლება, ვიდრე პარიზელებმა. მათ არ იციან, ჩვენ ვიცით, რა არის თავისუფლება.

80 წლის რომ გავხდი, არავის, არც მედიას, არც კულტურის სამინისტროს, არც ე.წ. მწერალთა კავშირს არ უთქვამს ჩემთვის ერთადერთი სიტყვა - გილოცავთ! ამაში არაფერი ჩემთვის არ იყო მოულოდნელი, გაუგებარი და არც არაფერი მიუღებელი. მოულოდნელია ასეთი შეხვედრა, ახლა რომ მომიწყვეთ. ერთხელ ოთარ ჭილაძემ იხუმრა, მგონი, უნდა დავიჯერო, რომ მეც რაღაც ვარო. მეც ვფიქრობ, ხომ არ დავიჯერო-მეთქი?

***

"სიყვარული? ხურავს.

სიძულვილი? ტეხავს.

სიძულვილი ბადებს წიწამურს და ტეხასს.

გიყვარდეთ და გწამდეთ,

გევედრებით ყველას -

ტარიკოს და სანდროს, ანანოს და ეკას.

სიძულვილი ტეხავს, სიყვარული ხურავს.

ხედავთ, აქეთ თამარს, იქით დიდ მოურავს.

პატარა კახს, დიდგორს, ვაჟას იას, დეკას.

სიყვარული ხურავს, სიძულვილი ტეხავს..."

***

"არ მაძლევს ეს ქალი,
არ მაძლევს ეს ქალი,
არ მაძლევს ეს ქალი
მოსვენებას!
თან დამდევს ყველგან და
თან დამდევს ყოველთვის,
სიზმრად და ლანდად და
მოჩვენებად!
არ მომცა ამ ქალმა,
არ მომცა ამ ქალმა,
არ მომცა ამ ქალმა
მოსვენება!
მოვკვდები,თუ კი მას
სიკვდლი სურს ჩემი,
ვიცოცხლებ,თუ კი ეს
მასვე ნებავს...
რა მოხდა შე ქალო,
მომეცი შე ქალო,
მომეცი შე, ქალო,
მოსვენება."

***

"გთხოვ, გევედრები, მაღალო ღმერთო,

სიკდვილს, მაგ ოხერს, დაადე ვეტო.

გთხოვთ, ყოვლის შემძლე, მაღალო ღმერთო,

თვით სატანასაც დაადო ვეტო..."

***

ტარიელ ჭანტურია: მიყვარს ნარდის თამაში. საერთოდ, პოკერისტების ჩვენს ჯგუფს დიდი ნაკლი გვქონდა. წლების მანძილზე - მე, გურამ საღარაძე, გურამ ასათიანი, ძმები ჭილაძეები, ჭაბუა ამირეჯიბთან სახლში პოკერს ვთამაშობდით. იქ მთავარი იყო არა თამაში, არამედ საუბრები პოეზიაზე, კულტურაზე. თამაში მხოლოდ პოკერი და ნარდი არ არის, ცხოვრებაა თამაში. ამაზეა აგებული უზარმაზარი მსოფლიო პროზა.

ჭაბუას დედა, დეიდა მაკა, კატორღელი ქალი იყო. მოგვესალმებოდა, გაგვიღიმებდა და თავის ოთახში შევიდოდა. მე პირადად არასდროს დავლაპარაკებივარ. ერთ დღეს მათთან ვათვალიერებ კატორღაში გადაღებულ დეიდა მაკას სურათებს. ვხედავ, ერთ ფოტოზე ხუთი პატიმარი ქალია, ერთ-ერთი დედაჩემია! ეს ჩვენთვის, ჩემთვის და ჭაბუასთვის, აბსოლუტური მოულოდნელობა იყო. თურმე, ჩვენი დედები ამხანაგები ყოფილან...

ტარიელ ჭანტურია

პოეტი 90 წლის რომ გახდა, მაშინ ეს თქვა:

"ადამიანის ხანგრძლივი სიცოცხლე კარგია, მაგრამ ერთი საშინელი ნაკლი აქვს - მოიხედავ უკან და შენი უსაყვარლესი ადამიანები, წასულია ყველა. სიცოცხლის დახარბება, არ არის გონივრული გადაწყვეტილება."

ლექსო დორეული, ლიტერატურათმცოდნე: მე ტარიელ ჭანტურიაზე უფრო თანამედროვე და დროსთან შესაბამის პოეტს არ ვიცნობ. თანამედროვე პოეტებს კარნახობს ხმას და ისინი ცდილობენ დაეწიონ 90 წლის ტარიელ ჭანტურიას.

საბჭოთა კავშირის დროს, მისი შემოქმედება დროსთან შეუსაბამო იყო. მან შეძლო და კონიუნკტურაში, სატრფიალო ლირიკაში ჩაკეტილი ლიტერატურისა და პოეზიის საზღვრები გაზარდა. მან პოეზიაში ყოველდღიურობა შემოიტანა.

"ზის ბუხართან ჯოყოლა და მიირთვევს შოკოლადს.

სხვა დროისთვის გადავდოთ, დეტალების მოყოლა."

საბჭოთა ადამიანს ვერ წარმოედგინა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო პოეზია.

ტარიელ ჭანტურია

***

ტარიელ ჭანტურია: პოეტი ლექსს შორეულ მომავალში გზავნის. ეს მცდელობა ან შესრულდება, ან - არა.

ტარიელ ჭანტურიას მიერ წაკითხულ ლექსებს, ამ ბმულზე გადასვლით მოისმენთ

ავტორი: თამარ გონგაძე

07/09/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024