სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
1 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 11 დღით ადრე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფაში ოფიციალური წერილი გაგზავნა, რომლითაც ორგანიზაციის მოქმედ პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარდაჭერა აღუთქვა.
მომდევნო ორ თვეში ბევრი რამ მოხდა, ინფანტინომ დანაშაულის ტოლფასი შეცდომა დაუშვა, რომელთაგამ საბედისწერო ის გამოდგა, მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების უფლების კერძო ინვესტორებისთვის გადაცემას რომ გეგემავდა. ამან გრანდიოზული სკანდალი გამოიწვია. ინფანტინომ ბოდიშიც მოიხადა, მის წინააღმდეგ ოპოზიციურ კოალიციას კი სათავეში უეფა და მისი პრეზიდენტი, სლოვენიელი ალექსანდრ ჩეფერინი ჩაუდგნენ.
ქართული მხარეც არჩევანის წინაშე დადგა და ვფიქრობთ, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო.
ფედარაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია:
„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აუქმებს 2026 წლის 1 ივნისს გაგზავნილ მხარდაჭერის წერილს, რომლითაც სფფ მხარს უჭერდა ჯანი ინფანტინოს კანდიდატურას FIFA-ს პრეზიდენტის თანამდებობაზე, 2027 წელს, კიდევ ოთხი წლის ვადით არჩევასთან დაკავშირებით.“
მოკლედ, საქართველოს პოზიცია გარკვეულია და რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში, ვინ უჭერს მხარს ინფანტინოს და ვინ არის მისი წინააღმდეგი?
ეს ქვეყნები საჯაროდ მხარს უჭერენ ინფანტინოს: არგენტინა, მაროკო, კატარი, ეგვიპტე, კონგოს დრ, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, პარაგვაი, ნიგერია, საამიროები, ჯიბური, კომორის კ-ბი, მავრიტანია, ქუვეითი, ნიგერი, შრი ლანკა, ინდონეზია, ლიბანი, ბუტანი, მონღოლეთი, ფილიპინები, გამბია, უგანდა, მალავი, სუდანი, ბანგლადეში.
როგორ ნაწილდება ხმები კონფედერაციების მიხედვით?
ევროპა - 55 ხმა
აფრიკა - 54 ხმა
აზია - 35 ხმა
ჩრდ. ამერიკა - 41 ხმა
ოკეანეთი - 11 ხმა
ს. ამერიკა - 10 ხმა.
თუ დაითვლით, ჯამში 211 ქვეყანა გამოდის, მაგრამ ამ დროისთვის ნეპალს წევრობა შეჩერებული აქვს, ასე რომ, ხმის უფლება არჩევნებზე 210 ქვეყანას ექნება.
BBC-მ დაითვალა: 124 ხმა, ძალიან დიდი ალბათობით, ინფანტინოს წინააღმდეგ წავა. 73 ხმა მყარად ინფანტინოსია, კიდევ 13 ქვეყანა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის.
ამ რიცხვებს თუ ვენდობით, ინფანტინოს ცუდად აქვს საქმე, მაგრამ არჩევნებამდე კიდევ 7 თვეა, ეს კი საკმარისი დროა, ფიფას პრეზიდენტმა რაღაც მოიფიქროს.
რატომ არ მოსწონთ ინფანტინო?
როგორც ვთქვით, ოპოზიციის ფლაგმანი უეფაა, რომელმაც პირობა დადო, რომ გაარკვევს, საერთდ როგორ გაჩნდა მსოფლიოს ჩემპიონატზე უფლებების გაყიდვის იდეა და ეს იდეა რეალიზაციის ეტაპამდე როგორ მივიდა.
უმწვავეს კრიტიკულ წერილს უეფასთან ერთად კონკაკაფი და აზიის კონფედერაციაც აწერენ ხელს.
თუმცა აზიაში ყველაფერი მარტივად არ არის. როგორც ავღნიშნეთ, კატარი, საამიროები, შრი ლანკა, ლიბანი, ქუვეითი და ბუტანი ინფანტონოს მხარდამჭერები არიან. ზოგ მათგანს ინფანტინოს დაპირებული მეტი ფული აინტერესებს, ზოგს - აზიისთვის გაზრდილი კვოტები.
საინტერესოა, რომ საუდის არაბეთს ამ საკითხზე პოზიცია ჯერ არ დაუფიქსირებია.
ასევე ჯერ არ დაუფიქსირებია პოზიცია ოკეანეთის კონფედერაციას, თუმცა ახალი ზელანდიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოკეანეთმა ერთიანი პოზიცია უნდა დაიკავოს.
კითხვის ნიშნებია ჩრდილოეთ ამერიკაშიც. მაგალითად, მექსიკას ინფანტინო მოსწონს, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი ინფანტინოზე თქვა, ისეთი მაგარია, გაეროს გენერალური მდივნობა მოუხდებოდაო.
ოღონდ, ცნობილია, რომ შეერთებული შტატების ფეხბურთის ფედერაცია ტრამპის აღფრთოვანებას არ იზიარებს. ჩრდილოეთ ამერიკას კი ჯამში 35 ხმა აქვს.
სამაგიეროდ, ჯანის მხარეს არის პრაქტიკულად მთელი აფრიკა. ამ მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, ცნობილია, რომ ინფანტინო 2030 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ჩატარების უფლების მაროკოსთვის გადაცემასაც კი გეგმავს, არადა, დღეს ცნობილია, რომ ფინალი სანტიაგო ბერნაბეუზე უნდა ჩატარდეს.
რა მოხდება? არჩევნებზე ყველა ნაციონალურ ასოციაციას ერთი ხმა აქვს. ამდენად, ინგლისის, გერმანიის, საფრანგეთის თუ ესპანეთის ხმა ზუსტად ისევე ფასობს, როგორც მაგალითად, კომოროს კ-ბის, უგანდის თუ მალდივის ხმები.
სხვათა შორის, ეს პაწაწინა ფედერაციები ღიად ამბობენ, რომ მათ ინფანტინოს დაპირებული მეტი ფული ხიბლავთ.
ინფანტინო ჭკვიანია, მან შექმნა ისეთი სისტემა, რომლის პირობებშიც პატარა საფეხბურთო ქვეყნები ადრინდელზე მეტ ფულს იღებენ, მათ ხმებს კი ისეთვე ფასი აქვთ როგორიც დიდებს. მოკლედ, არჩევნები 2027 წლის 18 მარტს რაბათში გაიმართება.
08/19/2026