სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ემოციური ძალადობა ხშირად შეუმჩნეველია, თუმცა მისი შედეგები ადამიანის ფსიქიკაზე ღრმა და ხანგრძლივ კვალს ტოვებს.
სისტემატური გაუფასურება, კრიტიკა და დამცირება ერთი შეხედვით „უწყინარ“ შენიშვნებად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა რეალურად ის პიროვნების ღირსებასა და თვითშეფასებას საფუძველს უთხრის.
როდესაც ადამიანი ახლო გარემოცვისგან გამუდმებით ისმენს ფრაზებს საკუთარი უსუსურობისა თუ ნაკლოვანებების შესახებ, ჯანსაღ კომუნიკაციასა და ძალადობას შორის ზღვარი იშლება და იკარგება.
ფსიქოლოგი ლეილა ლომუაშვილი განმარტავს, როგორ მუშაობს გაუფასურების მექანიზმები, როგორ ყალიბდება ბავშვობაში მიღებული ტრავმა ზრდასრულ ასაკში თვითკრიტიკის, თვითდამცირებისა და შინაგანი უკმაყოფილების მუდმივ წრედ.
„ემოციური ძალადობის ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა დამცირება, ხოლო სისტემატიკური გაუფასურება მისი ფორმაა და სულაც არ არის ისეთი უწყინარი, როგორც შეიძლება ჩანდეს.
ანუ, თუ თქვენ ხშირად გესმით თქვენი მისამართით დამამცირებელი და გამაუფასურებელი ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად: „არაფრის უნარი შენ არ გაქვს“, „ყველაფერს აფუჭებ“, „რატომ არ შეგიძლია ნორმალურად გაკეთება?“, „ყველამ უკვე გააკეთა“, „რატომ უნდა შეგაქოთ?“ და ა.შ. ეს დიდწილად ნიშნავს იმას, რომ თქვენი ღირსება რეგულარულად ილახება. ხოლო ამ ურთიერთობების შიგნით საკუთარი თავისადმი პატივისცემის აღდგენის შესაძლებლობა ფაქტობრივად არ არსებობს.
ასეთ სისტემაში კარგად გაკეთებული საქმე თითქოს თავისთავად ნაგულისხმევია, ხოლო შეცდომები გამოიყენება იმის დასადასტურებლად, რომ ადამიანი სუსტია, ნაკლოვანია და პატივისცემას არ იმსახურებს.
გაუფასურება ყველაზე ხშირად საკმაოდ ახლო ურთიერთობებში ხდება - მშობელთან, პარტნიორთან, მეგობართან, მასწავლებელთან, უფროსთან...
და ზოგადადაც, გაუფასურება განსაკუთრებით დამანგრეველი სიახლოვის, ნდობისა და სიყვარულის შემცველ ურთიერთობაშია. თუ ასეთი მოპყრობა იყო სისტემატური და ის მნიშვნელოვანი უფროსებისგან მოდიოდა, ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვის დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, ღირსების გრძნობა და საკუთარ თავზე დაყრდნობის უნარი იკარგება, ნორმის ცნება იშლება, ხოლო საკუთარ თავთან გაუფასურების გზით კომუნიკაციის წესი რჩება.
და შემდეგ, ზრდასრულ ასაკში, ის უკვე თავადვე ეპყრობა საკუთარ თავს ასე - გაუფასურებით და დესტრუქციული კრიტიკით. საკუთარ თავს მოტივაციას სწორედ ამ გზით აძლევს და მეტ ეფექტურობასაც დამცირების გზით აღწევს. რა თქმა უნდა, აქედან საბოლოოდ არანაირი კმაყოფილება არ დგება,“ - განმარტავს ფსიქოლოგი.
08/07/2026