Logo

ყველაფერი ბავშვებზე

რა სირთულეების წინაშე დგას ბავშვი სასწავლო წლის დაწყებამდე?

რა სირთულეების წინაშე დგას ბავშვი სასწავლო წლის დაწყებამდე?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სასწავლო წლის დაწყება ბავშვისთვის მხოლოდ არდადეგების დასრულებასა და გაკვეთილებზე დაბრუნებას არ ნიშნავს.

ზაფხულის თავისუფალი რეჟიმის შემდეგ მას კვლავ უწევს ყოველდღიურ ვალდებულებებთან, ადრე გაღვიძებასთან, სასკოლო წესებთან და თანატოლებთან ურთიერთობის უკვე ნაცნობ, მაგრამ ამავე დროს შეცვლილ გარემოსთან შეგუება.

ახალი სასწავლო წელი ხშირად ახალი როლის ძიებასაც უკავშირდება. ბავშვი სკოლაში რამდენიმე თვის შემდეგ უფრო გაზრდილი, ახალი ინტერესებითა და მოლოდინებით ბრუნდება და ცდილობს, თანატოლებს შორის საკუთარი ადგილი თავიდან განსაზღვროს. სწორედ ამიტომ სექტემბრის მოახლოებას სიხარულთან ერთად შეიძლება ახლდეს შფოთვა, გაღიზიანება და ემოციური დაძაბულობაც.

როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი ბავშვს სასკოლო რეჟიმში უმტკივნეულოდ დაბრუნებაში და რა შეცდომებმა შეიძლება ეს პროცესი კიდევ უფრო გაართულოს? ამის შესახებ ფსიქოლოგი ოლიკო ნაკაშიძე საუბრობს.

ოლიკო ნაკაშიძე


" სექტემბრის მოახლოება ბავშვებისთვის მხოლოდ მეგობრებთან შეხვედრით გამოწვეული აღფრთოვანება როდია - ეს ის პერიოდია, როდესაც სიხარულთან ერთად ბუნებრივი შფოთვა და მომატებული მოლოდინებიც იჩენს თავს.

ყოველი ახალი სასწავლო წელი განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს - ბავშვი სკოლაში ბრუნდება გაზრდილი, შეცვლილი ხედვებით, ახალი გეგმებითა და სურვილით, თავიდან განსაზღვროს საკუთარი ადგილი თანატოლებს შორის. თუმცა ამ პროცესს თან სდევს ბუნებრივი შფოთვა და სერიოზული ფსიქოემოციური გარდატეხა.

სკოლა

რა სირთულეების წინაშე დგას ბავშვი სასწავლო წლის დაწყებამდე?

საკუთარი ადგილისა და როლის ხელახალი ძიება - ზაფხულის განმავლობაში შეცვლილი თვითაღქმა ითხოვს ახალ თვითგამოხატვას. ბავშვს უჩნდება სურვილი, კლასში გამოჩნდეს განსხვავებული იმიჯით, სტატუსითა თუ შესაძლებლობებით, რაც თავისთავად წარმოშობს შინაგან წნეხსა და სოციალურ შფოთვას.

ეკრანდამოკიდებულება და ციფრული ინერცია - ზაფხულის უსაზღვრო ეკრანული დროის შემდეგ გაჯეტებთან მკვეთრი ბრძოლა და აკრძალვები ხშირად მხოლოდ აგრესიასა და პროტესტს იწვევს. ბავშვისთვის ტელეფონი არა მხოლოდ გართობა, არამედ სწრაფი დოფამინისა და სოციალური კავშირის წყაროა.

სკოლა

რეჟიმის მკვეთრი ცვლილება - თავისუფალი განრიგის შემდეგ ადრეულ გაღვიძებასა და ყოველდღიურ ვალდებულებებში უეცარი დაბრუნება სხეულისა და ნერვული სისტემისთვის სტრესულია, რაც იწვევს ენერგიის კლებას, გაღიზიანებადობასა და ემოციურ არასტაბილურობას.

გაზრდილი მოლოდინების ტვირთი - „უკვე დიდი ხარ“, „წელს უკეთ უნდა ისწავლო“, „მეტი პასუხისმგებლობა გმართებს“ - უფროსებისგან წამოსული ეს ფრაზები ხშირად შეცდომის დაშვების, არასაკმარისობისა და იმედგაცრუების შიშს აძლიერებს.

მხარდაჭერის პრაქტიკული ნაბიჯები მშობლებისთვის

რუტინის ეტაპობრივი აღდგენა - ძილისა და კვების გრაფიკის ცვლილება დაიწყეთ სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე. ყოველდღიურად 15-20 წუთით ადრე დაძინება და გაღვიძება ორგანიზმს შოკური გადატვირთვის გარეშე ადაპტაციაში ეხმარება.

სკოლა

ეკრანის დროის რეგულაცია ჩანაცვლებით და არა აკრძალვით - ტელეფონის ჩამორთმევის ნაცვლად, შევთავაზოთ რეალური ალტერნატივები - ცოცხალი კონტაქტი, გასეირნება, სპორტული აქტივობა ან ერთობლივი სამზადისი. შეთანხმდით ეკრანისგან თავისუფალ ზონებზე, მაგ., ვახშმის დროს და ძილის წინ ერთი საათით ადრე.

სივრცე თვითძიებისთვის - მიეცით ბავშვს შესაძლებლობა, თავად აღმოაჩინოს თავისი ახალი ინტერესები და როლი, წინასწარ დაწესებული იარლიყებისა და ზედმეტი ჩარჩოების გარეშე.

ემოციური უსაფრთხოების განცდა - მოთხოვნების წამოყენებამდე მოუსმინეთ მის შიშებსა და მოლოდინებს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გაურკვევლობა ბუნებრივია, ხოლო ოჯახის მხარდაჭერა და მიმღებლობა უცვლელია ნებისმიერი აკადემიური შედეგის მიუხედავად.

სკოლა

სასკოლო გარემოსთან შეგუება ეტაპობრივი პროცესია. როდესაც ბავშვს ვუქმნით უსაფრთხო გარემოს და ვეხმარებით რესურსების გადანაწილებაში, ახალი სასწავლო წელი შიშის ნაცვლად საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის სივრცედ იქცევა," - გვირჩევს ფსიქოლოგი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

09/01/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024