საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სხალთის მონასტერი ზემო მთიან აჭარაში, ხულოში, სოფელ ყინჩაურში მდებარეობს. ეს მამათა მონასტერი, თურქთა სამასწლოვანი ბატონობის შემდეგ, აჭარაში ერთადერთი გადარჩენილი ტაძარია.
ტაძარი მე-12 საუკუნეში თამარ მეფის ბრძანებით აგებულა და როგორც ადგილობრივი ფილოლოგ-ისტორიკოსი, ეთერ დეკანაძე მიყვება, მის აშენებას ლეგენდა და სასწაული ახლავს.
ისმენ ამგვარ ისტორიას და რწმუნდები იმაში, თუ რა ზებუნებრივმა ძალამ მოგვიყვანა ქართველები დღემდე.
ეთერ დეკანაძე: – ლეგენდის თანახმად, საბრძოლველად გამზადებულ ლაშქარს, წინ თამარი მიუძღოდა. ამ დროს გაწვიმებულა. ლაშქარს თავი უზარმაზარი მსხლის ხის ქვეშ შეუფარებია.
ეს მსხლის ხე იმხელა ყოფილა, რომ მისი ტოტების ქვეშ მთელი ლაშქარი დატეულა. ამის შემხედვარე თამარს უთქვამს, გამარჯვებული რომ დავბრუნდებით, ამ ხესთან ტაძარი ავაგოთო.
მართლაც გამარჯვებული დაბრუნებულან ბრძოლის ველიდან. თამარს კირით ხურონი, ოსტატნი და ხუროთმოძღვარი გამოუგზავნია ამ ადგილას.
მათ ამ უზარმაზარი მსხლის ხის მოჭრა დაუწყიათ. მაგრამ ხე ვერა და ვერ მოჭრეს! მთელი დღე ცულებით ჩეხდნენ, მეორე დღეს ხე ისევ გამრთელებული ხვდებოდათ. მერე ისევ თავიდან იწყებდნენ ხის გაჩეხვას. ხე კი სასწაულებრივად მრთელდებოდა…
მერე ბრძენთან მივიდნენ. მან რჩევა მისცათ – გაჩეხვას რომ მორჩებით, ცულები ხეში ჩატოვეთ, არ ამოიღოთ და მეორე დღეს ადვილად წააქცევთო. მართლაც ასე მოიქცენენ.
ცულები რომ ამოიღეს და გაჩეხვას მორჩნენ, ადვილად წააქციეს ხე. წაქცეულ მსხლის ხეს დიდი ექო გამოუცია. მაშინ ბრძენს უწინასწარმეტყველებია – აქ აგებული ტაძარი მრავალ მეხთა ტეხას გაუძლებს, მაგრამ ძვრას ვერაფერი უზამს, ვერც მტერი და ვერც რამე მოვლენა. ეს ტაძარი საუკუნეებს გაუძლებსო. ბრძენის ნაწინასწარმეტყველება ახდა.

1989 წლის 19 აპრილს სხალთაში მეწყერი ჩამოწვა და 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სხალთას, მათი სულის მოსახსენებლად, პატრიარქი ეწვია.
და 29 მაისს, 300 წლის განმავლობაში დადუმებული სხალთის ტაძრის ზარის ექო საქართველოს დედო ზარების ექოს შეეხმიანა.
სხალთის მამა მონასტერი მას შემდეგ ხელახლა ფუნქციონირებს…

ხულო უფლის მოციქულების ნაფეხურებიანი მიწაა. ანდრია პირველწოდებული პირველად ხულოში მოვიდა საქადაგებლად, სოფელ დიდაჭარაში ააგო პირველი ტაძარი.
უწყლო სოფელში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა და როგორც ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, იქ მაშინვე წყარო ამოჩქეფდა!
მიწიერ სამყაროში, ხულო პირველი ადგილია, სადაც სახარება იქადაგეს და პირველი ტაძარი აიგო. აქ ანდრია პირველწოდებულის ხელით გაინათლა აჭარლები, ტაძარში მისი დადგენილი წესითა და ტიპიკონოთ დაიწყო წირვა-ლოცვა…
ასევე ნახეთ:
05/07/2026