Logo

რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ გაციების დროს? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ გაციების დროს? - გიორგი ღოღობერიძის რჩევები

10/07/2026

ტექსტის ზომა

გაციება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციაა, რომელსაც ცხვირისა და ხახის ლორწოვანი გარსების ანთება ახლავს.

ექიმი გიორგი ღოღობერიძე განმარტავს, რა შეიძლება დაგვეხმაროს გაციების დროს და რომელი საშუალებების გამოყენებას არ მიიჩნევს საჭიროდ.

„გაციების თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება ხელების ხშირი დაბანაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ კონტაქტი გქონდათ გაციებულ ადამიანთან.

თუ ინფექცია მაინც განვითარდა, პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვეულებრივი გაციება ვირუსული დაავადებაა და ანტიბიოტიკი მასზე არ მოქმედებს. ამიტომ გაციების დროს ანტიბიოტიკის თვითნებურად მიღება საჭირო არ არის.

თუ ადამიანს მაღალი და შემაწუხებელი სიცხე აქვს, შესაძლებელია სიცხის დამწევი საშუალების გამოყენება. გაციების დროს არჩევანის შემთხვევაში მე უპირატესობას იბუპროფენს ვანიჭებ.

ასევე არ არის აუცილებელი ხველის საწინააღმდეგო საშუალებების რუტინულად გამოყენება. ჩვეულებრივი გაციება უმეტეს შემთხვევაში დაახლოებით 7–10 დღე გრძელდება, თუმცა ზოგჯერ სიმპტომები უფრო დიდხანსაც შეიძლება შენარჩუნდეს.

განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ ბავშვებში. ექვს წლამდე ასაკში ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ექიმის რეკომენდაციის გარეშე არ არის მიზანშეწონილი.

რაც შეეხება ცხვირის გაჭედვის საწინააღმდეგო საშუალებებს, მათი ეფექტი ყოველთვის მაღალი არ არის.

გაციების დროს გარკვეული ეფექტი შეიძლება ჰქონდეს თუთიას, განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი მიღება სიმპტომების დაწყებიდან პირველ 24 საათში იწყება. კვლევებში გამოყენებულია თუთიის აცეტატი ან გლუკონატი. ასეთ შემთხვევაში შესაძლოა დაავადების ხანგრძლივობა დაახლოებით 1–2 დღით შემცირდეს.

თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: გაციების დროს კვლევებში გამოყენებული თუთიის დოზები ჩვეულებრივ დღიურ მოთხოვნაზე მაღალია და ისინი მხოლოდ მოკლე პერიოდისთვის განიხილება. ამიტომ მაღალი დოზების თვითნებურად და ხანგრძლივად მიღება არ შეიძლება.

C ვიტამინმა შესაძლოა გაციების ხანგრძლივობა მცირედ შეამციროს, თუმცა სიმპტომების სიმძიმეზე მისი გავლენა შედარებით მცირეა. D ვიტამინის უშუალო ეფექტი უკვე დაწყებული გაციების მკურნალობაში კი მკაფიოდ დადგენილი არ არის.

საბოლოოდ, ჩვეულებრივი გაციების დროს ხშირად სპეციფიკური მკურნალობა საერთოდ არ არის საჭირო. ორგანიზმი ინფექციას თავად უმკლავდება. სიმპტომური მკურნალობა კი საჭიროა მხოლოდ მაშინ, როცა კონკრეტული ჩივილი ადამიანს მნიშვნელოვნად აწუხებს“, - განმარტავს გიორგი ღოღობერიძე.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

გიორგი ღოღბერიძეექიმითავის ტკივილიყავა
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026