სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
როგორ უნდა უნდა დავიწყოთ დღე სწორად, რა უნდა მივირთვათ საუზმეზე - ბურღულეულის ფაფა, ხილი, კვერცხი, სოსისეული თუ ბოსტნეული? ხომ გაინტერესებთ?!
მახსენდება ერთი გამოთქმა, რომელსაც ერთი აჭარელი ხანდაზმული მეზობელი ამბობდა: ქალის მზითევს, კარგი საუზმე მირჩევნიაო. მაინც, რა ითვლება დღის სწორ დასაწყისად, რომ დღე მხნედ გავატაროთ?

"ზმნასთან" საუბარში ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა აღნიშნავს, რომ საუზმეა ზოგადად მთავარი. თუ რატომ არ უნდა გაამოტოვოთ დილის კვება და რა უნდა მივირთვათ პირველად, ამის გასაგებად, მოგვყევით.
ლაშა უჩავა: საუზმე მნიშვნელოვანია, რათა ორგანიზმს მივაწოდოთ საკვები მასალა, საყუათო ნივთიერებები, რომელიც აუცილებელია ჩვენი ნორმალური მეტაბოლიზმის წარმართვისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს ენერგია და ნივთიერებათა ცვლამ, დღის მანძილზე, გამართულად იმუშაოს.
იმისთვის, რომ გვქონდეს ენერგია და უკვე არსებული ენერგია დილიდანვე არ გამოვიყენოთ საკვების გადამუშავებაში, არ არის აუციელებლი, რომ საუზმე იყოს დატვირთული ცხიმებით და ნახშირწყლებით. უნდა იყოს ცილებიც, ცხიმებიც, ნახშირწყლებიც ვიტამინებთან და მინერალებთან ერთად. მაგრამ არა, დიდი ოდენობით.
მსუბუქად ისაუზმეთ. მაგალითად, ერთი ნაჭერი პურითა და ყველით, ან გახუხული პური ავოკადოსთან ერთად, ან მოხარშული კვერცხი, ორი სუფრის კოვზი შვრია რძის პროდუქტთან და ორ ნაჭერ ხილთან ერთად. შესაძლოა მივირთვათ კეფირი, ან მაწონი. არ დავიტვირთოთ, თუმცა ვისაუზმოთ.

- ლაშა ექიმო, რამდენად მართალია გავრცელებული აზრი, რომ ტკბილეულის ჭამა მეტწილად იმათ უნდათ, ვინც დილაობით არ საუზმობს?
- ადამიანებს ტკბილი და მწარე არ უნდათ. მათ უჩნდებათ შიმშილის შეგრძნება, რაც ტვინს სიგნალის სახით მიეწოდება. ხოლო იმის გენერირებას - რისი მირთმევა უნდა, უკვე ადამიანი აკეთებს და ირჩევს. ეს ქვეცნობიერშია, რა უყვარს, რასთან აქვს ბედნიერების მომენტები ასოცირებული. სწორედ ის საკვები უნდებათ ხოლმე. არ შეიძლება ორგანიზმმა მოგთხოვოთ კონკრეტულად ხაჭაპური, ან ნამცხვარი. ორგანიზმი გვაწვდის ნიშანს, რომ მას სჭირდება დახმარება, საწვავი.
10/25/2025