ეს გემრიელია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
რას იფიქრებდა შქმერელი (სოფელი რაჭაში) დიასახლისი, რომ მის მიერ, სადილად, უბრალოდ შემწვარი წიწილა ნიორ-წყალში სხვადასხვა ინტერპრეტაციას მოირგებდა, შეიწოვდა, მოიხდენდა და მერე მსოფლიოდან სტუმრად ჩამოსულ ტურისტებს ისე მოეწონება, რომ სასურველ და მოთხოვნად კერძად იქცეოდა.
კერძი, რომელსაც მოგვიანებით "შქმერული" დაერქვა, მზადდება შემწვარი ქათმით, ნივრითა და წყლით. შემდეგ მას რძეც დაემატა და ნაღებიც. თუმცა რაჭველები "აჯანყდნენ", ეგ სადოური "შქმერულია", ბოშო, რა უნდა ნამდვილ "შქმერულში" რძეს და ნაღებსო?
შემდეგ გამოჩნდნენ ისეთები, რომლებმაც კერძის ტრანსფორმაციის ისტორიაც გაიხსენეს.
"შქმერელმა მზარეულმა, თუ არ ვცდები - გრიშა გაგნიძემ, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მზარეული იყო, რეცეპტს ნაღები დაუმატა და მას შემდეგ დაერქვა მას "შქმერული". ნიორ-წყალს კი, რაჭა-ლეჩხუმში და მთელ საქართველოში, ყველგან აკეთებდნენ" - წერს ნინო კაჭკაჭიშვილი ფეისბუქზე.
***
რეცეპტი
ქათამი ან წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავჭრათ შუაზე, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი. დავდოთ ქათამი კანიანი მხრიდან კარაქიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, რათა კანი სწრაფად დაიბრაწოს. ზემოდან სპეციალური, მძიმე თუჯის თავსახური-პრესი დავადოთ, მისი დიამეტრი ტაფისაზე ოდნავ ნაკლები უნდა იყოს, რათა უშუალოდ ქათამს ეხებოდეს. თუ ასეთი თავსახური არ გვაქვს, სხვა ნებისმიერიც გამოდგება, ზემოდან კი მძიმე ნივთი დავადოთ.
6-7 წუთში ქათამი შევამოწმოთ, თუ კანი საკმაოდ დაბრაწული და კრაწუნაა, გადავაბრუნოთ, ისევ დავახუროთ მძიმე თავსახური და ცეცხლს ცოტა დავუწიოთ.

შემწვარი ქათამი ტაფიდან გადმოვიღოთ და დავჭრათ. გადავიტანოთ კეცზე. ტაფაში კი, სადაც ქათამი შეიწვა, დარჩენილ ცხიმში დაჭყლეტილი ნიორი მოვშუშოთ. ნიორი წვნიანი უნდა იყოს, ანუ აუცილებლად დავჭყლიტოთ და არა დანით დავჭრათ. ვშუშავთ მსუბუქად, რომ არ დაიწვას. ფერს რომ ოდნავ შეიცვლის, დავასხათ 1 ჭიქა წყალი წამოვადუღოთ 2-იოდე წუთი და დავასხათ ქათამს.გემრიელად მიირთვით
07/24/2026