Logo

ჯანმრთელობა

რა უნდა ვიცოდეთ ანტიდეპრესანტების შესახებ?

რა უნდა ვიცოდეთ ანტიდეპრესანტების შესახებ?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ანტიდეპრესანტები - ასეთი ვიწრო დასახელება არ არის მართებული, რადგან ანტიდეპრესანტად მონათლული ფსიქოფარმაკები, დეპრესიის გარდა ასევე (და ხშირად უფრო დიდი წარმატებით) გამოიყენება შემდეგი დაავადების მკურნალობაში:

პანიკური აშლილობა
აგორაფობია
სოციალური ფობია
სხვა ფობიები
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა GAD
აკვიატებული აზრები/ქმედებები OCD
პოსტტრავმული აშლილობა PTSD
სხვადასხვა "ნევროზები"
ძილის პრობლემა Dyssomnia
სხვადასხვა ტიპის ტკივილი
Ejaculatio praecox
და ასე შემდეგ

არსებობს ანტიდეპრესანტების რამდენიმე თაობა/ტიპი:

  • ძველი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, კლომიპრამინი, იმიპრამინი...)
  • თანამედროვე
    - SSRI (სერტრალინი/ზოლოფტი, ესციტალოპრამი/ციტოლესი, პაროქსეტინი, ფლუოქსეტინი ...)
    - SNRI - დულოქსეტინი, ვენლაფაქსინი
  • ატიპიური - მირტაზაპინი, ტრაზოდონი(ტრიტიკო), ტიანეპტინი, აგომელატინი, ბუპროპიონი

განსხვავება ძირითადად არასასურველ გვერდით მოქმედებებშია და ნაკლებად უშუალოდ სასურველ, თერაპიულ ეფექტში.

მათ ყველას (ტიანეპტინის გარდა) საერთო აქვთ ფსიქოფარმაკოლოგიაში დამკვიდრებული მონოამინების ჰიპოთეზა.
ანუ მარტივად, მათი მიღება იწვევს ისეთი ნეიროტრანსმიტერების, "ტვინის ჰორმონების", კონცენტრაციის გაზრდას, როგორიც არის:

1. სეროტონინი
2. ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი)
3. დოფამინი

ეს სამივე მონოამინია, ამიტომ სახელი "მონოამინების თეორია"

რადგანაც ფსიქიატრია აი უკვე 60 წელზე მეტია მიიჩნევს, რომ დეპრესია (ალბათ!) გამოწვეულია ამ მონოამონების დეფიციტით, შესაბამისად მკურნალობა ხდება მონოამინების დეფიციტის შევსებით.

სეროტონინი და ნორადრენალინი ასევე ჩართულია შიშების, პანიკის, აკვიატების, უძილობის, ტკივილის პათოგენეზში,ამიტომაც ვიყენებთ ანტიდეპრესანტებს არა მხოლოდ დეპრესიის სამკურნალოდ.

თუმცა ბოლო პერიოდში დაგროვდა ჩვენება, რომ ანტიდეპრესანტები პირველ რიგში ტვინში ნეიროტროფიული ჰორმონის (BDNF) გაზრდას უწყობენ ხელს. ამ გზით ტვინში უფრო მარტივად იქმნება ახალი სინაფსები, ანუ ახალი ტერიტორია, რომელშიც შეიძლება "ჩაიწეროს" ახალი, გამოჯანმრთელებისკენ მიმართული ფიქრები, ჩვევები, ქცევები.

აქვე ვიცოდეთ, რომ ანტიდეპრესანტები მიეკუთვნება მედიცინის ერთერთ ყველაზე ნაკლებად ეფექტურ წამალთა ჯგუფს - ყოველ მესამე პაციენტში არ გვაქვს ეფექტი

მაგრამ უდავოდ აქვს ანტიდეპრესიულ ფარმაკოთერაპიას თავისი ადგილი!

უბრალოდ აუცილებლად უნდა იცოდეთ ერთი რამ:

ანტიდეპრესანტებს ახასიათებს ტრიფაზური, 3-ეტაპიანი მოქმედების დაწყების დინამიკა:

1 ეტაპი - პაციენტი გრძნობს ძირითადად გვერდით მოქმედებებს:
აჟიტაცია
თავბრუსხვევა
დაღლილობა/ მთქნარება
უძილობა ან ძილიანობა
შფოთვა
მოუსვენრობა
გულისრევის შეგრძნება / ფაღარათი
გულის აჩქარება
მადის დაკარგვა / მომატება
სექსუალური დისფუნქცია (ერექციის პრობლემა, ანორგაზმია)
თავის ტკივილი
მხედველობის პრობლემები
და ასე შემდეგ

2 ეტაპი - მოგემატათ ძალა, ენერგია, მაგრამ გუნება-განწყობა ჯერ კიდევ დეპრესიულია. გინდათ რაღაცეების კეთება, მაგრამ კარგი არაფერი მოგდით თავში.
ფრთხილად: სუიციდის რისკი ამ ფაზაში ყველაზე მაღალია 3 ეტაპი - იწყება ანტიდეპრესიული მოქმედება, გუნება-განწყობა უმჯობესდება.

ეს 3 ეტაპი არის ფარდობითი და ასევე ძალიან ინდივიდუალური. მაგრამ მაინც კარგია ამის ცოდნა.

ანტიდეპრესანტის სწორი დოზირება არის დიდი ხელოვნება, ძალიან დიდი.

და კიდევ ერთი: აუცილებლად დაიწყეთ პატარა დოზებით და არადროს არ დაამთავროთ ანტიდეპრესანტის მიღება უცბად!
რეკომენდირებულია დოზის ნელნელა, ფრთხილად შემცირება და ამ გზით ბოლოს საერთოდ შეჩერება.

თუ ერთმა ანტიდეპრესანტმა არ იმუშავა, ეს არ ნიშნავს რომ სხვა არ იქნება უფრო ეფექტური!
ამის ცოდნაც და სწორი პაციენტისთვის სწორი ანტიდეპრესანტის შერჩევა ასევე დიდი ხელოვნებაა და პირდაპირ განსაზღვრავს პაციენტის ჯანმრთელობას თუ მრავალწლიან ავად ყოფნას.

არავის ენდოთ თავიდან ბრმად, ყოველთვის იყავით ჯანსაღად სკეპტიკურები, ვიდრე თქვენი მკურნალი კარგი შედეგით არ მოიპოვებს/დაიმსახურებს თქვენს ნდობას.

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!

თქვენი ჰაუსი

წყარო: თქვენი ჰაუსი - მედიცინა და ფსიქოლოგია

ავტორი: ზმნა

01/25/2026

ანტიდეპრესანტითქვენი ჰაუსიმკურნალობაფსიქიკა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024