ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ზაფხულის ცხელ დღეებში, ადამიანი სულ უფრო მეტ დროს ატარებს ღია ცის ქვეშ, ბუნებაში. ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სუფთა ჰაერზე სეირნობასა და დასვენებას, თან გარკვეული რისკებიც ახლავს, რომელთა შორის განსაკუთრებით საყურადღებო ტკიპას ნაკბენია.

ბევრი მშობლისთვის, ბავშვის კანზე ტიპის აღმოჩენა, შიშსა და პანიკას უკავშირდება, რასაც ხშირად არასწორი ქმედებები და სამედიცინო დაწესებულებებში ზედმეტი ვიზიტები მოსდევს.
რეალურად, რა საფრთხეს შეიცავს ტიპის ნაკბენი, რომელ ტკიპებს შეუძლია ბორელიოზის გადატანა, როგორ უნდა მოვიქცეთ მათი აღმოჩენისას და რა პრევენციულ ზომებს უნდა მივმართოთ ბუნებაში გასვლისას?
ამ კითხვებზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პასუხობს.

„ ტკიპებისგან ბავშვების დაცვა, ზაფხულის სეზონზე ძალიან მნიშვნელოვანია. ტკიპებს შეუძლიათ ისეთი დაავადების გადატანა და გავრცელება, როგორიც ბორელიოზია.
ზოგს ჰგონია, რომ ლაპარაკი იმ ტკიპებზეა, ცხოველებს რომ უჩნდებათ. სინამდვილეში, ძაღლის და კატის ტკიპები ამ მხრივ საშიში არ არის. ბორელიოზის გადამტანია ძალიან წვრილი ტკიპა, რომელიც თავისუფალი სახით არის ბუნებაში და მარტივად შეუძლიათ ბავშვებისა და მოზრდილების დაინფიცირება.

ჩემი რჩევაა, რაც უნდა ცხელოდეს და როგორი დისკომფორტიც არ უნდა იყოს, ბავშვებს ფეხზე ეცვათ წინდა და დახურული ფეხსაცმელი. ასევე სასურველია გრძელი შარვალი და გრძელსახელოებიანი ტანსაცმელი. ეს მნიშვნელოვნად გვიცავს, თუმცა გარანტია, რა თქმა უნდა, არ არსებობს.

ასევე ბუნებაში გასვლის შემდეგ სასურველია, რომ მშობელმა ბავშვი მთლიანად დაათვალიეროს. ტკიპა ბავშვის კანზე ნებისმიერ ადგილზე შეიძლება იყოს ჩამჯდარი. ძალიან მნიშვნელოვანია დრო, თუ რამდენ ხანს არის ტკიპა კანში. მშობლები აქაც ერთ დიდ შეცდომას უშვებენ. ისინი ეძებენ ხოლმე სამედიცინო დაწესებულებას, ქირურგს და ა.შ...
არავითარი ქირურგი ტკიპას ამოღებას არ ჭირდება. პინცეტი თუ გვაქვს, ძალიან კარგია, პინცეტის საშუალებით ტკიპა მარტივად ამოდის. იმ შემთხვევაში თუ პინცეტი არ არის, მისი ამოღება ხელითაც შეიძლება. კანთან ღრმად უნდა მოვეჭიდოთ და მთლიანად ამოვაძროთ.

ტკიპას ამოძრობის შემდეგ, კანი უბრალოდ სპირტით უნდა დამუშავდეს.
შემდეგ უკვე უნდა დაიწყოს ბორელიოზის კონტროლი. ამ დაავადებას კანზე სპეციფიკური გამოვლინება აქვს. ეს არის კონკრეტული ფორმის გამონაყარი, რომელიც არა მარტო ნაკბენის ადგილას, არამედ სხეულის ნებისმიერ ადგილზე შეიძლება გაჩნდეს და თანაც გადანაცვლდეს.

ასეთი სიმპტომის შემჩნევის შემთხვევაში, ადამიანმა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას. თუმცა არსებობს უსიმპტომო ბორელიოზებიც.
ამიტომ თუ კანში ტკიპა იყო ჩაჭედილი, ბორელიოზზე ანალიზის გაკეთება სასურველია. ოღონდ მაშინვე ანალიზის გაკეთებას აზრი არ აქვს, გამოკვლევამ რომ შედეგი აჩვენოს, ტკიპას ჩაჭედვიდან, 2–3 კვირა უნდა გავიდეს,“ - გვირჩევს ექიმი.
07/22/2026