Logo

საზოგადოება

რა უფრო დიდი შეურაცხყოფაა ახლა ნოდარ დუმბაძისთვის? ის თუნდაც ცუდი ხუმრობა, თუ მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფა? - თორნიკე რაზმაძე

რა  უფრო დიდი შეურაცხყოფაა ახლა ნოდარ დუმბაძისთვის? ის თუნდაც ცუდი ხუმრობა, თუ მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფა? - თორნიკე რაზმაძე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სოციალურ ქსელებში კვლავ გრძელდება დაპირისპირება ონისე ოქრიაშვილის ხუმრობისა და მასზე თავდასხმის შესახებ.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ხუმრობა საკმაოდ მარტივად აღსაქმელი იყო და მასში შეურაცხყოფის ნიშნები არ ყოფილა. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ონისე ოქრიაშვილმა ამ ხუმრობით ქართველი მწერალი შეურაცხყო, ხოლო ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ ნოდარ დუმბაძის ღირსებას იცავდნენ და მათი დასჯა დაუშვებელია.

სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე რაზმაძე ამ დაპირისპირებაში პროპაგანდას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ონისე ოქრიაშვილის ხუმრობა, არასწორი ინტერპრეტაციით, სწორედ პროპაგანდის საშუალებით გაავრცელეს და ამით საზოგადოების იმ ნაწილის გულის წყრომა გამოიწვიეს, რომლებსაც დუმბაძის ნაწარმოებებზე შესაძლოა წარმოდგენაც კი არ ჰქონდეთ.

"ნოდარ დუმბაძის შვილს და შვილიშვილსაც გაუკეთებიათ კომენტარი და რა თქვეს იცით? თქვენგან განსხვავებით, მათ გაიგეს კონტექსტი და შინაარსი და მიხვდნენ, რას აკეთებდა პროპაგანდა. თქვეს, რომ აბსოლუტურად გაუმართლებელია ძალადობა და შეიძლება რაღაცა არასასიამოვნო იყო ამ ხუმრობაში, მაგრამ მაგის გამო ადამიანზე ძალადობა აბსოლუტურად გაუმართლებელია და ვინც ეს გააკეთა, ან არის პროვოკატორიო, ან ძალიან დიდი სულელიო... ამის შემდეგ რა ქნა ამაზე პროპაგანდამ? ეს ცნობილი ტროლები მიდგნენ და ამათ ლანძღავენ. ანუ, ნოდარ დუმბაძის ოჯახის წევრების ლანძღვა დაიწყეს, რომ ეგენი აგენტები არიანო...

ახლა ვსვამ კითხვას: ნოდარ დუმბაძე რომ ცოცხალი იყოს, რომელი უფრო არ მოეწონებოდა და არ ესიამოვნებოდა და რომელი უფრო დიდი შეურაცხყოფა იქნებოდა მისთვის? ის ამბავი, რომ იუმორისტმა, თუნდაც უგემოვნოდ და არასასაცილოდ იხუმრა? თუ ის, როგორც გაგრძელდა ეს ამბავი?


სხვათა შორის, ონისემ ხუმრობაში ჰიპოთეზურად დაუშვა, რომ ტიპი ისეთი სულელი რომ იყოსო, ნოდარ დუმბაძე რაღაცის გამო არ მოსწონდესო და მისი ნაწარმოებები „გული“ და „ჰელადოსი“ რომ ლანძღოსო და აგინოსო... აი, ეს თქვა რეალურად. ოღონდ ეს „გული“ რომ ნაწარმოებია და „ჰელადოსი“ ეგ ბევრმა არ იცოდა და ნოდარ დუმბაძის გული აგინაო, ამბობენ.

ეგეც საინტერესო ამბავია, რომ, ამ ტიპს, ონისეს, იმაზე მეტი ნაწარმოები აქვს წაკითხული ნოდარ დუმბაძის, ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც ეს ყველაფერი დაატეხეს თავს.

ეს ყველაფერი ნოდარ დუმბაძის შვილმაც და შვილიშვილმაც გაიგეს. მათ ინტელექტიც აქვთ და შეგნებული ადამიანები არიან და ამ დროს, ესენი ადგნენ, როგორ თუ ჩვენთვის სასარგებლო რაღაც არ თქვიო და ამათი ლანძღვა დაიწყეს. წარმოგიდგენიათ ეგეთი რამე?

რომელი უფრო არ მოეწონებოდა ახლა, ნეტა, ნოდარ დუმბაძეს, რომელი უფრო დიდი შეურაცხყოფაა ახლა ნოდარ დუმბაძისთვის? ის თუნდაც ცუდი ხუმრობა, რაც თქვა იმ ბიჭმა, თუ მისი ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, რაზეც დარაზმეს ტროლები და რასაც აკეთებინებენ?"- ამბობს თორნიკე რაზმაძე.

ავტორი: ზმნა

07/23/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024