საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
დაკარგული დასაწყისი: როგორ ცდილობდა საქართველო დასავლეთისკენ სვლას განათლებით 1991 წელს
გასული საუკუნის დასაწყისშიც და მის მიწურულსაც, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის იდეა, მჭიდროდ უკავშირდებოდა დასავლეთისკენ ორიენტაციას. ეს არჩევანი განიხილებოდა როგორც განვითარების გზა და, საბოლოოდ, უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების შესაძლებლობა. არსებობდა მოლოდინი, რომ სწორედ ამ მიმართულებით შეიძლებოდა ქვეყანა ჩამდგარიყო იმ სახელმწიფოთა რიგში, სადაც ყველაზე სუსტიც კი არ რჩება მარტო აგრესორისა და ძალადობის წინაშე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, როგორ დაიწყო საქართველოში დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირება პრაქტიკულად ნულიდან — საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ — და როგორ უნდა ასახულიყო ეს პროცესი განათლების სისტემაზეც.
უცხო ენების საჭიროება ახალ რეალობაში
საბჭოთა კავშირში სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებს შორის ძირითადი საკომუნიკაციო ენა რუსული იყო. სკოლებში მისი სწავლება გაძლიერებული პროგრამით მიმდინარეობდა, მაშინ როცა ინგლისურსა და გერმანულს მხოლოდ მინიმალური საათები ეთმობოდა. შედეგად, მოსახლეობის დიდ ნაწილს რუსულის გარდა სხვა უცხო ენა პრაქტიკულად არ ჰქონდა ათვისებული.
საბჭოთა სისტემის რღვევის პერიოდში ნათელი გახდა, რომ ახალი რეალობა ახალ მოთხოვნებს აყენებდა — განსაკუთრებით საერთაშორისო კომუნიკაციის აუცილებლობას. ბუნებრივად დაიწყო ინგლისურისა და სხვა უცხო ენების სწავლების გააქტიურება: გაჩნდა თანამედროვე სახელმძღვანელოები, სასწავლო აუდიომასალები და გაიხსნა ენის შემსწავლელი კურსები. 1991 წლის პრესაშიც კარგად ჩანს ამ პროცესის მასშტაბი.
განათლების მინისტრის ღია წერილი თსუ-ს რექტორს
„საქართველოში უცხო ენას სწავლობს დიდი და პატარა. სწავლობენ როგორც პროფესიული, ისე არაპროფესიული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე. ერთი სიტყვით, უცხო ენის, განსაკუთრებით კი ინგლისურის სწავლა დღეს საყოველთაო საქმედ არის მიჩნეული.“

ამ სიტყვების ავტორი ელიზბარ ჯაველიძე იყო — ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში განათლების მინისტრი. შემდგომ წლებში ის მკვეთრად ანტიდასავლური, რუსული ნარატივების გამხმოვანებელი განცხადებებით გამოირჩეოდა. 1991 წელს კი მაშინდელი პრეზიდენტის პროგრესულ ხედვას ახმოვანებდა - აქტიურად უჭერდა მხარს დასავლურ აკადემიურ სივრცესთან დაახლოებას, ლაპარაკობდა ევროპის უნივერსიტეტებთან გაცვლითი პროგრამების ამუშავების ამოცანაზე, მოითხოვდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ევროპული ენების სწავლების მკვეთრ გაძლიერებას და უცხოური ლიტერატურის ორიგინალში შესწავლის პრაქტიკის დანერგვას.

ალბათ, სიმბოლურია ელიზბარ ჯაველიძის შემდგომი პოლიტიკური მეტამორფოზა. ზვიად გამსახურდიას მთავრობაში დასავლური ინტეგრაციის ენით საუბრობდა, ჩვენს თანამედროვე დროში პუტინის ქებითაც კი „გამოიჩინა თავი.“ ეს კონტრასტიც კარგად აჩვენებს, რამდენად რთული და წინააღმდეგობრივი იყო პოსტსაბჭოთა ქართული პოლიტიკური სივრცე.
განათლების სისტემის რეფორმის დასაწყისი
უცხო ენების სწავლების გააქტიურებას ბუნებრივად ახლდა გაცილებით ფართო საკითხი, განათლების საბჭოური მოდელის შეცვლაზე მსჯელობის გახსნა.

ისევ ცნობა 1991 წლის პრესიდან:
"გაიმართა მასწავლებელთა რესპუბლიკური შეკრება, რომელიც განათლების სიტემის პრობლემებს მიეძღვნა. სიტყვით გამოვიდა რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. შეკრებილებს დაურიგდათ სპეციალური მიმართვა, რომელშიც ნათქვამი იყო: "რადიკალური ცვლილებები განათლების სისტემაში, რომელსაც სავსებით მოველით, წარმოუდგენელია მასწავლებლის, ამ პროცესის მამოძრავებელი ძალის, საქმისადმი დამოკიდებულების შეცვლის გარეშე. რა დასამალია, დღეს უმაღლესი თუ საშუალო სკოლის პედაგოგთა გარკვეული ნაწილი ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს, შეიძლება ეს ვინმეს გადაჭარბებულად მოეჩვენოს, ჩვენ კი მტკიცედ გვწამს, რომ უნაკლო პროფესიონალიზმი, უწინარესად სწორედ მასწავლებლის დამახასიათებელი ნიშანი უნდა იყოს. დემოკრატიული ინტიტუტის ამოქმედება სასწავლო აღმზრდელობით მუშაობაში ხელსაყრელ პირობებს შეგიქმნით თქვენ, შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლებს, გამოავლინოთ შესაძლებლობათა პოტენციალი.“
დღეს ბევრს აღარ ახსოვს კიდევ საინტერესო დეტალი: ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში განიხილებოდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ერთიანი რესპუბლიკური სისტემის შექმნა. საუბარი იყო არა მხოლოდ გადამზადებაზე, არამედ პროფესიული ცოდნის შეფასების ნოვატორული მეთოდის დანერგვაზე — კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით.

საბჭოთა კავშირი ოფიციალურად ჯერ კიდევ არსებობდა და საქართველო უკვე ცდილობდა არა მხოლოდ პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებას, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტების ნულიდან აშენებას. აქ უკვე განათლების საბჭოური სისტემის შეცვლაზეც კი ფიქრობდნენ და იმ დროისთვის მეტად საინტერესო იდეებს ამუშავებდნენ. მძიმე ურთიერთდაპირისპირებამ და ამ პროცესების მოსკოვიდან წახალისებამ ბევრი გეგმა ჩაშალა. ქვეყანამ დაკარგა დრო, რესურსი და ქაოსში ჩაიძირა.
1991 წლის ეს ეპიზოდები გვახსენებს, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ათწლეულების წინაც ჩანდა როგორც პოლიტიკურ, ისე საგანმანათლებლო ხედვებში და, რომ ამ გზიდან გადახვევა არ შეიძლება.
04/23/2026