Logo

"რაღა მე უნდა ჩამოვვარდე?" - ვიდეო, რომელმაც მილიონობით ნახვა დააგროვა და ფსიქოლოგის შეფასება

"რაღა მე უნდა ჩამოვვარდე?" - ვიდეო, რომელმაც მილიონობით ნახვა დააგროვა და ფსიქოლოგის შეფასება

10/12/2026

ტექსტის ზომა

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, რომელიც კონდიტერმა ვაჟა წულუკიძემ ატვირთა და დედასთან ერთად საბაგირო გონდოლით მგზავრობის მხიარული კადრები გააცნო საზოგადოებას.

როგორც ჩანს ვაჟას დედას სიმაღლის ეშინია და საკუთარ შიშს, სიცილისა და ხუმრობის თანხლებით საკმაოდ სახალისოდ გამოხატავს.


რა არის ფობია, რა იწვევს მის განვითარებას და რა უნდა იცოდეს ყველა ადამიანმა? - ამ კითხვებით zmna.ge ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძეს დაუკავშირდა.
ფსიქოლოგი განმარტავს, რომ შიშისგან განსხვავებით, რაც ბუნებრივი და საჭირო ემოციაა, ფობიას ადამიანისთვის სერიოზულ პრობლემების შექმნა შეუძლია და მის დასანარცხებლად უმეტესად პროფესიონალების დახმარება ხდება საჭირო.

ირმა კვაჭაძე

რით განსხვავდება ერთმანეთისაგან ჩვეულებრივი შიში და ფობია?


შიში ბუნებრივი ემოციაა, რომელიც საფრთხის ამოცნობასა და თავის დაცვაში გვეხმარება. ფობია კი კონკრეტული ობიექტის ან სიტუაციის მიმართ ძლიერი და მდგრადი შიშია, რომლის ინტენსივობა რეალური საფრთხის ხარისხს მნიშვნელოვნად აღემატება.

ადამიანს შეიძლება ესმოდეს, რომ საფრთხე მცირეა, თუმცა მაინც განიცდიდეს ძლიერ შფოთვას, გულისცემის აჩქარებას, კანკალს ან სუნთქვის გახშირებას. ზოგჯერ ასეთი რეაქციის გამოსაწვევად საშიშ სიტუაციაზე ფიქრიც კი საკმარისია.

რის საფუძველზე ხდება ფობიის ჩამოყალიბება და რა უშლის ხელს მის დაძლევას?

ფობიის ჩამოყალიბებას ერთი უნივერსალური მიზეზი არ აქვს. მას შეიძლება ხელს უწყობდეს პირადი გამოცდილება, სხვების შიშზე დაკვირვებით დასწავლილი რეაქციები და შფოთვისადმი მემკვიდრეობითი მიდრეკილება.

ფობიის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს იგნორი / თავის არიდება. ის დროებით ამცირებს შფოთვას, თუმცა ადამიანს ართმევს შესაძლებლობას, გამოცდილებით შეამოწმოს, რამდენად რეალურია მოსალოდნელი საფრთხე და რამდენად შეუძლია მასთან გამკლავება.

როდის ითხოვს ფობია განსაკუთრებულკ ყურადღებას?

ფობია განსაკუთრებით საყურადღებოა როდესაც ის ადამიანის ყოველდღიურ არჩევანს განსაზღვრავს. ზღუდავს გადაადგილებას, საქმიანობასა და ურთიერთობებს ან აუცილებელი სამედიცინო დახმარების მიღებას უშლის ხელს.

ბუნებრივი შიშისგან სიმძაფრე გარდა მას განასხვავებს მდგრადობა, საფრთხესთან შეუსაბამობა და ცხოვრების შეზღუდვა.

ასეთ შემთხვევაში პროფესიული დახმარების მიზანია შფოთვის შემცირება და შიშის გამომწვევ სიტუაციასთან თანდათანობით, შეთანხმებული ნაბიჯებით მიახლოება, რათა ადამიანმა დაიბრუნოს თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობა.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

გონდოლაირმა კვაჭაძესაბაგირო გონდოლაფობიაფსიქოლოგიშიში
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026