ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
აუტიზმის შემთხვევების მატება თანამედროვე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემაა. თუ გადავხედავთ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ოფიციალურ სტატისტიკას, ციფრები მართლაც შთამბეჭდავია:
2000 წელს აუტიზმის სპექტრის დარღვევა ყოველ 150 ბავშვში 1-ს უდგინდებოდა.
2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი 68-ში 1-მდე გაიზარდა.
ბოლო მონაცემებით კი, დიაგნოზი უკვე ყოველ 36 ბავშვში 1-ს აღენიშნება.
ამგვარმა მკვეთრმა ზრდამ საზოგადოებაში ბევრი კითხვა და მითი გააჩინა.
რეალურად იმატა თუ არა შემთხვევების რაოდენობამ, თუ ეს უბრალოდ მედიცინისა და დიაგნოსტიკის განვითარების შედეგია?
ამ კითხვებზე კლინიკურ ფსიქოლოგი მინდია გაბიჩვაძე პასუხობს.

"ამ კითხვაზე მოკლე პასუხი ასეთია - აუტიზმი ახალი არ არის, მაგრამ ახალია მისი ამოცნობის მეთოდები. დიაგნოსტიკური ბადე გაფართოვდა და ჩვენ, როგორც იქნა, ვისწავლეთ იმ ადამიანების შემჩნევა, რომლებიც ადრე მხედველობიდან გვრჩებოდნენ.
დაწვრილებით შევხედოთ რამდენიმე ფაქტორს, რომელიც გვაჩვენებს, რა არის შემთხვევების ზრდის მთავარი მიზეზები.
პირველი, როგორც ვთქვი, უფრო ფართო დიაგნოსტიკური კონცეფციაა. წარსულში აუტიზმს ძირითადად იმ ბავშვებში ცნობდნენ, რომლებსაც აღენიშნებოდა მეტყველების შეფერხება ან რაღაც ინტელექტუალური შეზღუდვა.
თანამედროვე დიაგნოსტიკა მოიცავს ბევრად უფრო ფართო სპექტრს. მაგალითად, ამ სპექტრში შედიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც საერთოდ არა აქვთ მეტყველების პრობლემა; ასევე ადამიანები, რომლებსაც საშუალო ან მაღალი IQ აქვთ; ადამიანები, რომლებსაც სოციალური კომუნიკაციის უნარებიც თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ; ადამიანები, რომლებსაც აქვთ შეზღუდული ინტერესები და ასევე ადამიანები, რომლებსაც აქვთ სენსორული პრობლემები.
ამ გაფართოებამ, გაცილებით უფრო გაზარდა დიაგნოზის დასმის შემთხვევები.

მეორე ფაქტორია, რომ გაიზარდა სკრინინგი და გადამისამართება. სკოლები და მშობლები, თუნდაც პედიატრები, ფსიქოლოგები ახლა აუტიზმის დიაგნოზს ან აუტიზმის ნიშნებს უფრო ხშირად და უფრო ადრეულ ასაკში ეძებენ და როდესაც ეს მონიტორინგი ინტენსიურად იზრდება, გავრცელებაც იმატებს.
მესამე ფაქტორია, რომ ჩვენ უკეთ ვახდენთ ნაკლებად წარმოდგენილი ჯგუფების იდენტიფიკაციას.
ისტორიულად ყოველთვის ლაპარაკი იყო ბიჭებსა და გოგოებზე, ბავშვებზე, ზრდასრულებზე, სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რასის ჯგუფებზე ეს დიაგნოზი ფაქტობრივად არ ჩანდა. ახლა ეს ვითარება შეიცვალა და ეს მთავარი ცვლილებები მოხდა იმიტომ, რომ ჩვენ დღეს გვაქვს ინტერნეტი და სოციალური მედია და ხალხმა უფრო მეტად ამოიცნო თავისი თავი და უფრო მეტად დაიწყეს ამაში გარკვევა.

მეცნიერების საბოლოო დასკვნა ასეთია: აუტიზმის სპექტრის დიაგნოზის მქონე მეტი ადამიანი გვყავს იმიტომ, რომ დიაგნოსტიკური ბადე გაფართოვდა, სპეციალისტები და სკოლები უკეთ პოულობენ მას, ადრე გამოტოვებული ჯგუფები ახლა უკვე შესამჩნევია და ამ ცვლილებებმა, სისტემაც შეიცვალა.“
06/09/2026