საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
შაბათ საღამოს, სიონის ტაძრის ჩრდილოეთის (მარცხენა) კართან, საქმიანი მიმოსვლა იყო. პატრიარქის საფლავში სარკოფაგს ამზადებდნენ. ტაძარში, საფლავს, შავი ფარდის ტიხარი ფარავდა. ლოცვაზე მისული მრევლი ვერაფერს ხედავდა. ეზოში გადავინაცვლე. ამ საქმისთვის ღმერთისგან გამორჩეულ, მუშაობაში გართულ ადამიანებს ვაკვირდებოდი.
როცა ერთ-ერთი, ყველაზე ახალგაზრდა, ტაძრიდან გამოვიდა და მცირე ხნით დასასვენებლად, სიონის ეზო გადასერა, კვალზე დავადექი.
40 წლის ბექა ფარადაშვილი მოქანდაკე აღმოჩნდა. ცხადია, ვერც ვერასდროს იფიქრებდა, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი პატრიარქისთვის, საფლავის მომზადებაში მიიღებდა მონაწილეობას. სარკოფაგისთვის ბეტონი მან დაამუშავა. "ზმნასთან" ამბობს, რომ ამ საოცარ ამბავში დასახმარებლად, მოულოდნელად მოუხმეს. ახლაც უჭირს იმის გაცნობიერება, რაზე იმუშავა; თუ როგორ გამოარჩია უფალმა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც პატრიარქის სამუდამო განსასვენებელი გაამზადა.
ბექამ ითხოვა, რომ მისი ეს პატარა, სპონტანური ინტერვიუ, მისი ფოტოს გარეშე გამომექვეყნებინა. უდიდესი მადლობა მას ამ ემოციის გაზიარებისთვის.
ბექა ფარადაშვილი: მე მოქანდაკე ვარ. პატრიარქის საფლავის ქვაზე ვიმუშავე. მაღალი ხარისხის ბეტონით გავაკეთეთ სარკოფაგი.

- აცნობირებთ, რა სამუშაო შეასრულეთ?
- თან ვიაზრებთ და თან ვერც ვიაზრებთ. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. გულით და სულით ვიმუშავეთ. ვეცადეთ, კარგი გამოგვსვლოდა. ბევრნი ვართ, დილიდან ვმუშაობდით.

- ტაძარში პატრიარქის საგალობლები ისმოდა, მრევლი ტიროდა და ამ ფონზე მუშაობდით. რა ემოციას იწვევდა ეს თქვენში?
- პირველად არის ჩემს ცხოვრებაში, რომ გალობის ფონზე ქვაზე ვმუშაობდი და თან - პატრიარქის საფლავზე!.. ჯერ შოკში ვარ! სულ სხვა ემოციაა. ჯერ ზუსტად ვერ ვაცნობირებ, რა ხდება, რამხელა პროცესში ვმონაწილეობ.
- პირადად ხომ არ იცნობდით, ხომ არ შეხვედრიხართ უწმინდესს?
- არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემი მესამე შვილის ნათლიაა. რვა წლის წინ მონათლა. ჩემი შვილი ნათლულების მსვლელობაში მონაწილეობდა.
- სამებაში პატრიარქთან დამშვიდობება მოახერხეთ?
- მოვახერხე, შევედი და მერე სიონში წამოვედი.
- პატრიარქმა ასე გააერთიანა ერი, თურმე რამდენი ვართ! ამის შემყურე რას ფიქრობთ?
- პატრიარქს დიდი ღვაწლი აქვს. ხალხმა ასე, ერთ მუშტად შეკვრა რომ ვიცოდეთ, როგორც ეს დღეები შევძელით, ვერავინ დაგვძრავს. მდუმარედ დგანან და ზუზუნიც არ ისმის. სხვაგან ასე არ ვიქცევით, ქართველების ამგვარი, ემოციის გარეშე დგომა, ძალიან მიკვირს. მაგრამ სამებისკენ მიმავალი ხალხი მართლა სხვანაირად თავდაჭერილია. ეს პატრიარქის დამსახურებაა. მას პატივს სცემენ. ნამდვილად გლოვობს ერი. ერთმანეთს უთმობენ, ეხმარებიან, მოკრძალებით დგანან.
- ბექა, როგორ მოუყვებით შვილებს ამ ამბავს - სიონში, პატრიარქის საუკუნო განსასვენებელ ადგილზე, რომელიც სხვებთან ერთად, თქვენც გაამზადეთ?
- მაგას უკვე რამდენიმე დღეში, კარგად რომ გავიაზრებ და დავალაგებ, რა მოხდა, ამ იშვიათ ამბავზე, მერე მოვუყვები შვილებს...
- უფალმა გამოგარჩიათ.
- ისე არაფერი ხდება. არც ვიცოდი, ისე უცებ აღმოვჩნდი სიონში...
03/23/2026