Logo

რამხელა ტრაგედიად დაუჯდათ გეორგიევსკის ტრაქტატი ერეკლე მეფის ოჯახის წევრებს

რამხელა ტრაგედიად დაუჯდათ გეორგიევსკის ტრაქტატი ერეკლე მეფის ოჯახის წევრებს

09/05/2026

ტექსტის ზომა

რუსეთის იმპერია ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ერეკლე II-ის დიდი ოჯახის განადგურებასა და საქართველოდან ამოძირკვას შეუდგა.

გიყვებით იმაზე, რამხელა ტრაგედიად დაუჯდათ გეორგიევსკის ტრაქტატი, თავად ერეკლე მეფის ოჯახის წევრებს. როგორი წინააღმდეგობა გაუწია ქართლ-კახეთის უკანასკნელმა დედოფალმა (გიორგი მეთორმეტის ქვრივმა) მარიამმა იმპერიის წარმომადგენლებს და ოკუპანტებისადმი დაუმორჩილებლობით, როგორ იქცა სიმბოლოდ ღირსეული ქართველი ქალისა.

XIX საუკუნის დასაწყისი საქართველოსთვის კატასტროფული ტრანსფორმაციის პერიოდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო ძალით გააუქმა, ერეკლე II-ის ოჯახი ხალხისთვის კვლავ ეროვნული ღირსებისა და სახელმწიფოებრიობის სიმბოლოდ რჩებოდა. მოსახლეობა ერეკლეს ქვრივს, დარეჯან დედოფალს თუ ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის ქვრივ მარიამს, ისევ კანონიერ მმართველებად აღიქვამდა და მზად იყო, მათ დასაცავად ებრძოლა.

საიმპერატორო კარს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი საქართველოდან ერეკლე მეორის შთამომავლების ძირფესვიანად ამოძირკვა და მათი რუსეთში გადასახლება.

კარლ კნორინგი

მთავარმართებელი კარლ კნორინგი ამ საქმეს სიფრთხილით ეკიდებოდა - შიშობდა, სამეფო ოჯახის წევრთა მიმართ უხეშ მოპყრობას ხალხი არ განერისხებინა და 1802 წლის აჯანყების მსგავსი სტიქიური აფეთქება არ გამოეწვია. ის ცდილობდა, დედოფლები რუსეთში გადასახლებაზე ნებით დაეყოლიებინა, თუმცა ესენი იმპერატორის „საპატიო მიპატიჟებებს“ კატეგორიული უარით პასუხობდნენ. შეშფოთებული კნორინგი იმპერატორს ატყობინებდა, რომ დედოფლები ყოველგვარ წინადადებას უარყოფდნენ, ერჩივნათ, მშობლიურ მიწაზე სიღატაკესა და გაჭირვებაში დაელიათ სული, ვიდრე რუსეთში უზრუნველად ეცხოვრათ.

რატომ შეიძლებოდა ერეკლე მეფის ოჯახის წევრებს სამშობლოში სიღატაკეში ეცხოვრათ?

საქმე ის იყო, რომ რუსეთის ადმინისტრაციამ ბაგრატიონთა დინასტიას მამულები და ქონება სრულად ჩამოართვა, ყოველივე კი რუსეთის ხაზინას გადასცა. დატოვეს სამეფო ოჯახი ცარიელზე, იმ პირობით, რომ სანაცვლო ქონებას მხოლოდ რუსეთში მიიღებდნენ. ასეთი იყო ბინძური მეთოდი, რომლითაც სურდათ სამეფო ოჯახის წევრების იძულება, ნებით დათანხმებოდნენ რუსეთში ცხოვრებას სიცოცხლის ბოლომდე.

ტერორის პოლიტიკა და ციციანოვ-ლაზარევის „სპეცოპერაციები“

კნორინგმა ამგვარი „მშვიდობიანი“ ზომებით შედეგს ვერ მიაღწია, ნებით ვერავინ დაითანხმა რუსეთში გადასახლებაზე. ამიტომ, იმპერატორმა ალექსანდრე I-მა უფრო რადიკალური და უხეში ძალის გამოყენება არჩია და საქართველოში მთავარმართებლად გარუსებული ქართველი, რუსეთის ინტერესებისადმი რუსზე მეტად ერთგული პავლე ციციანოვი გამოგზავნა.

პავლე ციციანოვი

ქართული სამეფო სახლის წინააღმდეგ ტერორის პოლიტიკაში მისი მარჯვენა ხელი გენერალი ივანე ლაზარევი იყო - პირი, რომელიც ჯერ კიდევ გიორგი XII-ის სიცოცხლეშივე გამოირჩეოდა ქართველთა მიმართ სიძულვილით და მეფისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ ღია უპატივცემულობით.

ივანე ლაზარევი

1803 წლის თებერვალში ციციანოვმა და ლაზარევმა იჩქარეს და ბატონიშვილების - დავითისა და ბაგრატის იძულებითი გადასახლება ისე სწრაფად მოაწყვეს, ოჯახის წევრებთან დამშვიდობების საშუალებაც კი არ მისცეს. სასოწარკვეთილმა ბატონიშვილებმა თურმე გზიდან მისწერეს მთავარმართებელ ციციანოვს: რაკი ინებეთ ჩვენი ძალით შეპყრობა და რუსეთს გაგზავნა, ნება დაგვრთეთ ცოტა ხნით შევჩერდეთ დუშეთში, გვადროვეთ, მოგვიტანონ აუცილებელი ნივთები, რომ ამ ზამთარში გზაში არ დავიხოცოთო. პასუხად ციციანოვმა იმპერატორის კარზე მინისტრ კოჩუბეის აცნობა, რომ ბატონიშვილები რუსეთის გზას გაუყენა და მოითხოვა, მათთვის ყოველგვარი ქონებრივი პრეტენზია სამუდამოდ შეეზღუდათ - ეს მაშინ, როცა სამეფო ოჯახის მთელი მამულები რუსეთის ხაზინას ჰქონდა მიტაცებული.

დავით და ბაგრატ ბატონიშვილები

დედოფალ მარიამის განთქმული ხანჯალი

ხალხის გამოფხიზლებისა და ახალი აჯანყების შიშით, დამპყრობლები ჩუმ და სწრაფ სპეცოპერაციებზე გადავიდნენ. ყველაფერი ისე უნდა მოწყოთ, რომ ხალხს დედოფლებისა და ბატონიშვილების დაცვა ვერ მოესწრო და მათი გადასახლების შესახებ მხოლოდ მაშინ შეეტყო, როცა უკვე გვიან იქნებოდა. მალე დადგა გიორგი XII-ის ქვრივის, დედოფალ მარიამის ჯერიც და ეს საბედისწერო აღმოჩნდა დამპყრობელ ლაზარევისთვის.

ამბავი 1803 წლის აპრილში მოხდა. თავხედი რუსი გენერალი დედოფლის შესაპრობად, პირადად შეიჭრა მის სასახლეში, თანაც პირდაპირ საძინებელში. იქ რაც მოხდა, ამაზე ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, შეურაცხყოფილმა დედოფალმა მარიამმა ვერ მოითმინა რუსი გენერლის უტიფრობა, ხანჯალი მკერდში გაუყარა და იქვე მოკლა. მეორე ვერსიით, ლაზარევი მარიამ დედოფლის საძინებელში თავადმა ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა მოკლა, რის შემდეგაც მიმალვა მოახერხა.

საინტერესოა, რომ გენერალ ლაზარევის ნეშტი დღემდე თბილისში, სიონის ტაძარშია დაკრძალული, ისევე როგორც დამპყრობელ პავლე ციციანოვის.

მაგრამ დავუბრუნდეთ 1803 წელს. იმპერატორისთვის გაგზავნილ ოფიციალურ ანგარიშში ციციანოვი აღნიშნავდა: „დედოფალი მარიამი, რომელმაც მოკლა გენერალი ლაზარევი, და მისი ასული, რომელიც პოლიცმაისტერის მოკვლას აპირებდა, გაიგზავნენ ვორონეჟის გუბერნიის მონასტერში, სადაც მიიღებენ საცხოვრებელ ულუფას და საეკლესიო მონანიებითა და სინდისის ქენჯნით დაისჯებიან მათი დანაშაულის შესაფერისად“.

მარიამ დედოფალი

მხოლოდ რვა წლის შემდეგ მისცეს მარიამს ნება, ჩასულიყო მოსკოვში, სადაც მისი შვილები იყვნენ წლების წინ მოწყვეტილნი და გადასახლებულნი.

ქართლ-კახეთის უკანასკნელი დედოფალი 80 წლის ასაკში, 1850 წელს რუსეთში გარდაიცვალა. ნატანჯს, მოხუცებულობაშიც კი არ მისცეს სამშობლოში დაბრუნების უფლება, აი, ანდერძი კი შეუსრულეს. ამაყი და გაუტეხელი დედოფალი მარიამი რუსეთის იმპერიამ საქართველოში მხოლოდ გარდაცვლილი დააბრუნა და გასცა ბრძანება, სვეტიცხოველში პატივით დაეკრძალათ. გარდაცვლილი იმპერიისთვის უკვე საშიში აღარ იყო.

გააზიარე სტატია

ავტორი: ელენე ლომთაძე

მარიამ დედოფალი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026