სპორტი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ადრე, სანამ ადამიანები კომპიუტერს გამოიგონებდნენ, ფეხბურთის მატჩების და მთელი ტურნირების გამარჯვებულის გამოცნობას ძველ ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და ზოგადად, საქმეში ჩახედულ ხალხს სთხოვდნენ ხოლმე. მერე ეს მოსაწყენი გახდა და საქმეში რვაფეხები და ფაუნის სხვა ეგზოტიკური თუ არაეგზოტიკური სახეობები ჩართეს. ამტკიცებდნენ, რომ რომელიღაც აკვარიუმის რვაფეხამ და სადღაც ზოოპარკში მხცოვრებმა დათვმა თურმე ყველაზე უკეთ იცოდნენ, ვინ უნდა გამხდარიყო მსოფლიოს ჩემპიონი. მერე მეცნიერებმა იფიქრეს, მოდი კომპიუტერს ვკითხოთო...
არის ასეთი სუპერკომპიუტერი Opta, რომელსაც უზარმაზარი გამომთვლელი რესურსი ჰქონია. ჰოდა, ტვირთავენ და ტვირთავენ ამ კომპიუტერში ყველანაირ შესაძლო საფეხბურთო მონაცემებს და მერე გამარჯვებულის გამოცნობას სთხოვენ. ნუ, პრინციპში, როგორ მონაცემებსაც ჩატვირთავ, პასუხსაც ისეთს გაგცემს.
ახლა, ¼ ფინალის დაწყებამდე Opta-ს მორიგ ჯერზე ჰკითხეს: ვინ მოიგებს მსოფლიოს ჩემპიონატს? სუპერკომპიუტერმა ბრძანა, რომ ამის ყველაზე მეტი შანსი საფრანგეთს აქვს. დარჩენილ რვა გუნდში კი ყველაზე ნაკლები შანსი ბელგიას ჰქონია.

იმის მიუხედავად, რომ 1/8 ფინალში საფრანგეთმა პარაგვაისთან გვარიანად იწვალა, სუპერკომპიუტერი კვლავ მის მთავარ ფავორიტობას ქადაგებს. ალბათობა, რომ კილიან მბაპე რამდენიმე დღეში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გახდება, კომპიუტერმა 27.32%-ით შეაფასა.
ფავორიტთა შორის მეორე ადგილზე კომპიუტერმა ესპანეთის ნაკრები დაასახელა, რომელიც, სხვათა შორის, ჩემპიონატის დაწყებამდე მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა. ახლა კომპიუტერი ამბობს, რომ ლუის დე ლა ფუენტეს გუნდის შანსი 21.33%-ია.
ფავორიტებად საფრანგეთის და ესპანეთის გამოცხადება იმასაც ნიშნავს, რომ მოსალოდნელ ½ ფინალურ შეხვედრას ამ ორ ნაკრებს შორის Opta „ფარულ ფინალად“ მიიჩნევს. ბადის მეორე მხარეს დარჩენილი არგენტინის და ინგლისის შანსებს Opta შედარებით მოკრძალებულად აფასებს.
ეგვიპტესთან უმძიმესმა შეხვედრამ სუპერკომპიუტერს აფიქრებინა, რომ არგენტინის შანსი უნდა დაეწია. ახლა მესის და კამპანიის ფავორიტობა 17.28%-ით ფასდება. იქვე ახლოს არიან ინგლისელებიც - 16.48%.
ბარემ აქვე ჩამოვთვალოთ დარჩენილი ოთხი გუნდის მოკრძალებული სანსებიც: ნორვეგია - 6.57%; შვეიცარია - 3.78%; მაროკო - 3.66% და ბელგია - 3.58%. კომპიუტერი ამ ოთხეულის არათუ ფინალში, ½ ფინალში გასვლის შანსებსაც მეტისმეტად მოკრძალებულად აფასებს.
და რატომ უნდა ვენდოთ კომპიუტერს? აქ საინტერესოა, რა პროგნოზს აკეთებდა იგივე Opta მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ?
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თვეზე ოდნავ მეტიხნის წინ სპეციალისტებმა, მონაცემების ჩატვირთვის შემდეგ, კომპიუტერს სთხოვეს, 10 ათასჯერ მოეხდინა ტურნირის შედეგების მოდელირება და საბოლოო პასუხი მერე გაეცა.
მოდი, პირდაპირ ვთქვათ: Opta-ს მიერ დასახელებული 8 მთავარი ფავორიტიდან ოთხმა 1/4 ფინალამდე საერთოდ ვერ გააღწია. ესენი ბრაზილია, გერმანია, ნიდერლანდები და პორტუგალია არიან. თუმცა, მეორე მხრივ, 4 მთავარი ფავორიტი სუპერკომპიუტერმა თავიდანვე ზუსტად „დასვა“. ოღონდ, როგორც უკვე ვთქვით, ესპანეთს, კომპიუტერის აზრით, საფრანგეთზე მეტი შანსი ჰქონდა ჩემპიონობის. ინგლისი კი ოდნავ უსწრებდა არგენტინას.
რა გამოდის? სუპერკომპიუტერის პროგნიზები ზუსტია? ალბათ, კი, მაგრამ მოდი, კითხვა ასე დავსვათ: საფრანგეთი, ესპანეთი, არგენტინა და ინგლისი რომ ფავოროტები არიან, ამას ბირჟაზე მდგომი ნებისმიერი გულშემატკივარიც სრულიად უფასოდ ვერ გეტყოდათ?
07/10/2026