Logo

კულტურა

"რაო, რაო? კოტე ჯვარს იწერსო!"- ეს ფრაზა ისმის, თუმცა ჯვრისწერის კადრები, საბჭოთა ცენზურამ, კინოჰიტიდან ამოჭრა

"რაო, რაო? კოტე ჯვარს იწერსო!"- ეს ფრაზა ისმის, თუმცა ჯვრისწერის კადრები, საბჭოთა ცენზურამ, კინოჰიტიდან ამოჭრა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

1948 წელს გადაღებულ ფილმში "ქეთო და კოტე”, ჯვრისწერის სცენა, კინოცენზურამ ამოიღო.

"კოტე ჯვარს იწერსო!.." ხომ გახსოვთ, რამდენჯერ ისმის ეს ფრაზა ამ უკვდავ კინოჰიტში? და მოლოდინია, რომ ჯვრისწერის ლამაზი კადრებიც გამოჩნდება. ფილმშიც, მთავარი გმირების სიყვარულის გადარჩენაში, სწორედ ჯვრისწერა თამაშობს გადამწყვეტ როლს, მაგრამ კომუნისტებმა, სხვა ფრაგმენტებთან ერთად, ეკლესიაში გადაღებული ცერემონიალი მთლიანად ამოჭრეს, საბჭოთა ცენზურის დიდ მაკრატელს ვერ გადაურჩა.

საბჭოთა ცენზორებს არ სურდათ საზოგადოებისთვის ჯვრისწერის "საზიანო" მაგალითი მიეცათ. მიაჩნდათ, რომ მაყურებელი მიბაძავდა კინოგმირებს და როგორც სატრფოს სარკმელთან სიმღერასა და აივანზე გადაძრომას, ეკლესიაში დაქორწინების "მავნე" ჩვევასაც გადაიღებდა. იმ დროისთვი, ქალთა უმრავლესობა ხომ ისედაც ცდილობდა ულამაზეს მედეა ჯაფარიძეს დამსგავსებოდა, მამაკაცები კი ბათუ კრავეიშვილის მსგავსად რომანსებად იღვრებოდნენ სატრფოების სარკმლებთან...

"ზმნასთან" კომენტარს აკეთებს ლაშა თაბუკაშვილის მეუღლე, მედეა თაბუკაშვილი:

"იმ დროს აკრძალული იყო ჯვრისწერა. ეს კადრებიც მაგ ლოგიკით ამოიღეს. არქივში დევს ამოღებული მასალა, ამოჭრილი ეპიზოდები. კიდევ ერთი ეპიზოდია ამოჭრილი: მინდორში ყვავილებს კრეფს ქეთო და კოტე მოსეირნობს. ამ სცენაში არანაირი იდეოლოგია არ დევს და არაფერია ცნობილი, რატომ ამოიღეს ეს კადრები. ეს შესაძლოა რეჟისორმა ჩათვალა, რომ ზედმეტი იყო. ზოგჯერ ისეთ სცენებს იღებენ რეჟისორი, რომ მსახიობები გაოგნებულები არიან."

კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საცავში ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერის ცერემონიალის ამსახველი ორი უნიკალური ფოტო ინახება. ფოტოები სასწაულებრივად გადარჩენიათ ცენზორებს.

ქეთო და კოტე

კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ფოტო და ნეგატივების ფონდის მცველი, მარინა გოძიაშვილი: - ფილმი 1948 წელს არის გადაღებული. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ჯვრისწერის კადრები ამოჭრეს. ექსპონატების აღრიცხვა თავიდან დავიწყეთ და ეს უნიკალური კადრები მოულოდნელად აღმოვაჩინეთ. არც ერთი მათგანი არასდროს არ გამოქვეყნებულა, ცხადია, არც ფოტოგამოფენებზე ყოფილა წარდგენილი. ფოტოები კარგად არის შენახული. წინა პლანზე ჩანან ბათუ კრავეიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძე.

ქეთო და კოტე


იმის გამო, რომ ფილმში მონაწილეთაგან თითქმის აღარავინ არის ცოცხალი, ვერ დავადგინეთ, რომელ ტაძარში გადაიღეს ჯვრისწერა. ვერც მღვდლის როლის შემსრულებლის ვინაობა გავიგეთ.

როგორც ლაშა და მედიკო თაბუკაშვილები ამბობენ, ქალბატონ მედეასაც არაფერი აქვს ნათქვამი ამ ეპიზოდების გადაღების თაობაზე. მეტიც, სავარაუდოდ, მან არც იცოდა, თუ ეს ფოტოები არსებობდა. თუმც, რომც სცოდნოდა, დიდად არ დაინტერესდებოდაო, ამბობს მსახიობის ვაჟი. მსახიობს, რომლის სილამაზესაც უამრავი ქალი შენატროდა, ფოტოების გადაღება არ ჰყვარებია. ამდენად, მედეა ჯაფარიძის ოჯახისთვის ეს ფოტოები სიურპრიზი აღმოჩნდა.
ლაშა თაბუკაშვილი იგონებს: დედა ძალიან კრიტიკული იყო თავის ფოტოების მიმართ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გადაღებაც არ უყვარდა. ამიტომაც ძალიან ცოტა ფოტო გვაქვს შემორჩენილი, როგორც მისი შემოქმედების, ისე პორტრეტების სახით და ესეც უფრო ჩემი მეუღლის, მედიკოს დამსახურებაა. მან მოიპოვა ბევრი მათგანი, დედას მეგობრების ოჯახებში დაეძებდა ფოტოებს.
***
როგორც ამბობენ, ვახტანგ ტაბლიაშვილმაც კი არ იცოდა, რომ ფილმი ჯვრისწერის სცენის გარეშე გავიდოდა. ამიტომაც როგორც დამდგმელი, ისე შემოქმედებითი ჯგუფისთვის, "ქეთო და კოტეს" პრემიერა, უსიამოვნო სიურპრიზი ყოფილა.

ავტორი: ზმნა

01/08/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024