
09/04/2026
ბოლო დროს, ტელეფონი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. მის გარეშე თანამედროვე სამყაროში არსებობა წარმოუდგენელია.
თუმცა უარყოფითი შედეგები, რომელსაც გაჯეტებზე ზედმეტი დამოკიდებულება იწვევს, შეუქცევადია.
სამწუხაროდ ეკრანი ხშირად ახერხებს სიტუაციის შეცვლას ოჯახებში, რასაც მომავალი თაობის კეთილდღეობაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეუძლია.

ბოლო დროს ჩატარებულმა მეტა-ანალიზმა, რომელმაც 42 კვლევა და 56 275 ბავშვის მონაცემები გააერთიანა, აჩვენა, რომ მშობლების მხრიდან გახშირებული ტელეფონის გამო უგულებელყოფა („phubbing“) ბავშვებში შინაგან ემოციურ სირთულესთან და ქცევით პრობლემებთან, ასევე შედარებით დაბალ სოციალურ-ემოციურ კომპეტენციასა და თვითშეფასებასთანაა დაკავშირებული.
კვლევები აჩვენებს, რომ მშობლის მიერ ტელეფონის ხშირ გამოყენებას შესაძლოა ახლდეს ბავშვთან ნაკლები თვალით კონტაქტი, უფრო დაგვიანებული პასუხი მის კითხვებსა თუ ემოციებზე და ნაკლებად ჩართული კომუნიკაცია.

პატარა ბავშვისთვის მშობლის ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. როდესაც ის რაღაცას გვაჩვენებს, გვესაუბრება ან უბრალოდ ცდილობს ჩვენი მზერის დაჭერას, ამით ერთგვარად ამოწმებს: „ხედავ, რას ვაკეთებ?“, „მისმენ?“, „შენთვის მნიშვნელოვანი ვარ?“
თუ ასეთი მცდელობები მუდმივად ეკრანის გამო წყდება, ბავშვმა შეიძლება იგრძნოს, რომ მშობლის ყურადღების მისაპყრობად უფრო მეტად უნდა იბრძოლოს. ზოგი ბავშვი უფრო ხმაურიანი ან მომთხოვნი ხდება, ზოგი კი პირიქით, თავს ანებებს კომუნიკაციის მცდელობას.
მშობლის ხშირი ციფრული გაფანტულობა ასევე დაკავშირებულია ბავშვებში გაღიზიანებასთან, ყურადღების მოთხოვნასთან და ქცევით სირთულეებთან, თუმცა სპეციალისტები ხაზს უსვამენ, რომ მხოლოდ ტელეფონის გამოყენება ამ პრობლემების ერთადერთ მიზეზად არ უნდა ჩაითვალოს.

ყურადღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ წუთებში, როცა ბავშვი მშობელს ემოციურ მხარდაჭერას სთხოვს. თუ ის ნაწყენია, შეშინებულია ან აღფრთოვანებული და პასუხად მხოლოდ გაფანტულ „ჰო, გისმენ“-ს იღებს, შეიძლება დარჩეს განცდა, რომ მისი ემოცია სათანადოდ ვერ შეამჩნიეს.
ამასთან, გამოსავალი ტელეფონის სრულად გადადება არ არის. ბავშვებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ჰქონდეთ პერიოდები, როდესაც მშობლის ყურადღება ნამდვილად მათ ეკუთვნით. მაგალითად, ჭამის დროს, თამაშისას, სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ან ძილის წინ.
ზოგჯერ რამდენიმე წუთიანი ყურადღებიანი საუბარი უფრო ფასეულია, ვიდრე საათობით ბავშვის გვერდით ყოფნა ტელეფონზე მუდმივად გადართული ყურადღებით. ბავშვს იდეალურად „უეკრანო“ მშობელი არ სჭირდება, მას სჭირდება განცდა, რომ როცა საჭიროა, მშობელი ხედავს, უსმენს და პასუხობს.
გააზიარე სტატია