ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ფსიქოლოგი ანა ჩანგაშვილი წერს, თუ რას იწვევს "სქროლვა" - ეს ერთი შეხედვით უწყინარი ყოველდღიურობა.
"სოციალურ ქსელებში უსასრულო სქროლვა იწვევს:
დროის კარგვას და ნაკლებ პროდუქტიულობას.
უარყოფითად მოქმედებს ძილის ხარისხზე: ძილის წინ ეკრანის სქროლვა ასტიმულირებს ტვინის აქტივობას, თრგუნავს მელატონინის გამომუშავებას და არღვევს ბუნებრივ ძილ-ღვიძილის ციკლს.
ანელებს კოგნიტურ უნარებს: მოკლემეტრაჟიანი ვიდეოების უსასრულო თვალიერება, ანადგურებს ღრმა ფოკუსირების უნარს და იწვევს ყურადღების კონცცენტრაციის დაქვეითებას.
აძლიერებს არასრულფასოვნების განცდას, ვინაიდან სოციალური ქსელები ძირითადად იდეალური ცხოვრების, მიღწევებისა და ბედნიერების "გაფილტრულ" კადრებს აჩვენებს. მათი ყურება ზოგჯერ აღძრავს შედარების სურვილს, რაც აქვეითებს თვითშეფასებას.
მძაფრი ემოციების ხშირი მონაცვლეობა იწვევს ემოციურ გამოფიტვას, რადგან უმოკლეს დროში ერთ პატარა სივრცეში, თავმოყრილია ამბები უკიდურესი ტრაგედიების და სასიხარულო ამბების შესახებ.
ჩვენი ფსიქიკა ვერ ასწრებს მიღებული ემოციის დამუშავებას. შედეგად კი ვიღებთ ქაოსის განცდას, რაც შესალოა შფოთვის ან დეპრესიის სახით გამოვლინდეს.
როგორ მოვიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ მოვწყდეთ გარე სამყაროს, მაგრამ თავიდან ავირიდოთ სქროლვის უარყოფითი მხარეები?
დავუწესოთ "წესები" საკუთარ თავს. მაგალითად, გაღვიძებისთანავე არ დავიწყოთ ,,ხეტიალი" სოციალურ ქსელებში. უმჯობესია საკუთარ ოთახებში, ეზოში ან აივანზე "ვიხეტიალოთ" ტელეფონის გარეშე.
ასევე, ღამე დაძინებამდე მინიმუმ ერთი საათით ადრე შევწყვიტოთ ეკრანთან აქტიური ურთიერთობა და შევუდგეთ ძილის ,,სამზადისს" ეს არის ყველაზე საუკეთესო დრო-საკუთარ თავთან საუბრისთვის, თვითჩაღმავებისთვის.
და ბოლოს, აცილებლად გავითვალისწინოთ, როცა ჩვენ თავად ტელეფონს ჩავყურებთ და ამ დროს ბავშვებს ვეუბნებით: ,,დადე ტელეფონი"- ეს არ ჭრის!
უმჯობესია მაგალითი მივცეთ მათ. რადგან ყველამ ვიცით, რომ ბავშვები მიბაძვით სწავლობენ.
გისურვებთ ცხოვრების რეალურ და არა ვირტუალურ აღქმას, ბუნებრივ ემოციებს და სასიამოვნო განწყობას" - წერს ფსიქოლოგი.
07/23/2026