კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ერის არსის შეცნობა ყველაზე უკეთ მხატვრული ლიტერატურის მეშვეობითაა შესაძლებელი და თუ ლიტერატურა ერის სულის სარკეა, მაშინ ქართველთა სავიზიტო ბარათად შოთა რუსთველის „ვეფხისტყაოსანი“ თამამად შეიძლება მივიჩნიოთ. მსოფლიო ლიტერატურის ისტორია ამ რანგის ბევრ თხზულებას არ იცნობს, მით უმეტეს - ასეთ ძველს.
რა ცოდნის მატარებელიც ხარ, იმდენს იგებ პოემიდან. თუმცა ყველა შემთხვევაში კეთილშობილდები.
პირველი ასოციაცია, რაც მოსწავლეობის პერიოდში „ვეფხისტყაოსანზე“ მოგდით, მისი უზომოდ ბევრი საზეპიროა. პოემისადმი ნეგატიური დამოკიდებულებაც, სკოლებში არასწორად და არადოზირებულად სწავლების დამსახურებაა.
რატომღაც მგონია, რომ საბჭოთა საქართველოში, ამ გენიალურ პოემას, მოსწავლეებს სპეციალურად ისეთი ფორმით აწვდიდნენ, რომ ის შესძულებოდათ. ერთმორწმუნე მეზობელი ხომ ყოველთვის ყველაფერ ძვირფასს გვინადგურებდა. აბა, სხვა არ უნდა იფიქრო - პოემა, რომლითაც უნდა ვამაყობდეთ, რომელზეც სპექტაკლები, ფილმები, ანიმაცია უნდა გვქონდეს გადაღებული, სტიკერებს ვბეჭდავდეთ და ყველა გზით „ვაპიარებდეთ“, შესაბამისად არ ვაფასებთ. ამ ფსიქოლოგიური რომანის მიწოდებას, სხვანაირად გააზრება სჭირდება.

რამდენჯერ მინატრია ამერიკული კინოკომპანიების გასაქანი და შესაძლებლობა. განა შეიძლება, რომ ისტორიაში აღმაშენებლისა და თამარის ეპოქა გქონდეს და მათზე გადაღებული ფილმი - არა?
„ვეფხისტყაოსანი“ ამერიკაში რომ დაწერილიყო, აქამდე მისი ეკრანიზაციის რიმეიქებსაც გადაიღებდნენ და გაქირავებითაც უზარმაზარ შემოსავალს მიიღებდნენ. ფილმი შემთხვევით არ მიხსენებია. „ვეფხისტყაოსანს“ რომ კითხულობ, კადრებად ხედავ, ხმები გესმის, სურნელიც დაგყვება... ბგერების მუსიკა და რიტმი ხომ ცალკე საოცრებაა!
როგორც ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ნანა ფრუიძე ჩვენთან ამბობს, რუსთველი ცდილობს მკითხველამდე ყველა სენსორით მივიდეს, რათა რაც შეიძლება სრულყოფილი იყოს პოემის აღქმა.
ჩემს ცნობიერებაში კი „ვეფხისტყაოსანი“ მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული ილუსტრაციებით შემოვიდა. სავარაუდოდ, 60-იანი წლების გამოცემას, ჯერ კიდევ კითხვის უცოდინარი, ზღაპრის წიგნივით ვათვალიერებდი და მონუსხული ვიყავი ილუსტრატორის ნამუშევრებით.
ყველაფრის თავი და თავი იმ ეპოქისათვის განსაცვიფრებელი განათლების მქონე შოთა რუსთველია. ფილოსოფია, ასტრონომია, მედიცინა, ფსიქოლოგია, გეოგრაფია, მხატვრობა - ავტორი ყველაფერს მაღალ დონეზე ფლობს. ამას ემატება სამეფო კარის ეტიკეტის უზადო ცოდნა, სამოსის შერჩევისა და ოსტატურად გამოყენების უნარი: პერსონაჟები ერთმანეთთან ხშირად ფერადოვანი სამოსით „საუბრობენ“ და აშკარა თუ ფარულ „მესიჯებსაც“ უგზავნიან.
რა ცოდნები იმალება გალაქტიკის ერთ-ერთ უძვირფასეს ნაწარმოებში, რატომ ტირიან მისი გმირები, რა დატვირთვა აქვს პერსონაჟთა სამოსის ფერებს? ვინ იყო სინამდვილეში უკვდავი პოემის ავტორი და რა გრძნობა აკავშირებდა მას თამარ მეფესთან? საიდან ჰქონდა შოთას ასტრონომიის ასეთი ცოდნა?
ამის გარკვევაში ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რუსთველოლოგი - ნანა ფრუიძე გვეხმარება.

- მაინც რით არის „ვეფხისტყაოსანი“ განსაკუთრებული?
ნანა ფრუიძე: - შოთა რუსთაველი იმდენად დიდი პოეტი და მოაზროვნეა, რომ ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები: ნეტავ, უფლის ასეთი საჩუქარი ქართველებმა რითი დავიმსახურეთ-მეთქი? უცნაურია, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე საამაყო ადამიანის შესახებ, ფაქტობრივად, არაფერი ვიცით! იყო კი სინამდვილეში მისი სახელი შოთა? პოეტის ვინაობა დღემდე ბურუსითაა მოცული. ერთადერთი, რაც დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ, ისაა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ავტორი ქართველია. ასეთი ტიპის ტექსტს ვერ დაწერდა კაცი, რომელიც სისხლით, ხორცით, ტვინით, გულით ქართველი არ იყო. პოემის ავტორს ეს ქვეყანა უზომოდ უყვარს. მის ისტორიასა და კულტურას ზედმიწევნით იცნობს, ამიტომაც „ვეფხისტყაოსნით“ მან შექმნა ერის სულის მატერიალიზებული მიკრომოდელი. პოემაში იმდენად იდეალურადაა ჰარმონიზებული რეალობა და გამონაგონი, რომ ზოგჯერ ძნელი სათქმელია, სად მთავრდება ერთი და იწყება მეორე. ის, რაც ამ პოემით სურს გვასწავლოს ავტორმა, ყველა ეპოქაში აქტუალურია, მაგრამ მან ისიც იცის, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული საბაზისო ცოდნა, შემეცნების უნარი, მოთხოვნილება და გემოვნება აქვს, ამიტომაც ქმნის უნივერსალურ ტექსტს, რომელშიც ყველა „სათავისო“ სიბრძნეს ამოიკითხავს. დავით გურამიშვილმა, ალბათ, ყველაზე სწორად შეაფასა „ვეფხისტყაოსანი“, როცა თქვა:
„ოდესაც ბრძენმან რიტორმან შოთამ რგო იგავთ ხეო და
ფესვ ღრმა-ყო, შრტონი უჩინა, ზედ ხილი მოიწეოდა.
ორგზითვე ნაყოფს მოსცემდა, ვისგანაც მოირხეოდა...“
მარტივად რომ ვთქვათ, გურამიშვილის აზრით, რამდენადაც მაღალია მკითხველის გონებრივი განვითარების დონე, იმდენად მეტ „ხილს“ მისწვდება და ჩამოკრეფს „ტოტებიდან“, ანუ პოემის შინაარსიდან, მაგრამ თუ ისეთი ცოდნა აქვს, რომ „ფესვებში“ ღრმად დაფარული სიბრძნის შემეცნება შეუძლია, მაშინ პოემა ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს სულიერი ამაღლებისა და ღვთიური ჭეშმარიტების შეცნობის საქმეში. რუსთველი მართლაც „სიბრძნის ზღვა არის“ და ამ ზღვიდან სწორედ იმდენს იღებს ადამიანი, რამდენის მიღებისა და დატევის უნარიც გააჩნია.

ლოგიკურია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ სწორედ თამარის მეფობის ხანაში შეიქმნა. ამაშიც გაგვიმართლა. მართალია, გენიოსი რომელ ეპოქაშიც უნდა დაიბადოს, აუცილებლად გენიალურ რამეს შექმნის, მაგრამ ვერც ცოტა ადრე და ვერც ცოტა გვიან დაბადებული რუსთველი, „ვეფხისტყაოსანს“ ვერ დაწერდა. პოემის ავტორი არ არის მწერალი ფანტასტი - რისი დანახვისა და შეცნობის საფუძველსაც თავისი ეპოქა ვერ მისცემდა, იმას ვერც დაინახავდა და ვერც შეიცნობდა. და რომც მოეხერხებინა ეს, მკითხველი არ დაუჯერებდა. მაშინდელი მკითხველი დღევანდელზე ბევრად ფრთხილი და მომთხოვნი იყო.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ე.წ. ელიტური მკითხველისთვის იყო განკუთვნილი. გავიხსენოთ, იმ ეპოქაში მოსახლეობის მინიმუმ 90%-მა კითხვა არ იცის. მათ ერთგვარი სმენითი წიგნიერება გააჩნიათ: სასულიერო ლიტერატურას მრევლს ტაძარში უკითხავენ, აქვე აძლევენ აუცილებელ განმარტებასაც; ფოლკლორული ტექსტები კი ისედაც ზეპირი გზით გადაეცემოდა თაობიდან თაობას. ცხადია, ელიტურ მკითხველთა, ანუ დიდგვაროვანთა რაოდენობა, შედარებით მცირეა. მათ ეპოქის კვალობაზე სერიოზული განათლება აქვთ მიღებული, ხელი მიუწვდებათ არა მარტო ქართულ, არამედ სხვა ენებზე შექმნილ ტექსტებზეც, ამიტომ სულიერების სადარაჯოზე ფხიზლად დგას სამღვდელოება.
თუ ვინმემ იცის, რამხელა ძალა აქვს დაწერილ ტექსტს, ეს სასულიერო პირებმა იციან, ამიტომ ისინი აფრთხილებენ საერო პირებს, რომ ყველაფრის წაკითხვა საშიშია: ტექსტში გამოთქმულმა მწვალებლურმა აზრებმა შეიძლება მკითხველის მსოფლმხედველობაზე მავნე ზეგავლენა მოახდინოს და ცოდვაში ჩააგდოს. შეიძლება დღეს დაუჯერებლად მოგვეჩვენოს, მაგრამ ფაქტია: სწორედ ამგვარი საფრთხის შემცველ თხზულებად მიაჩნდა ეკლესიის ბევრ საჭეთმპყრობელს „ვეფხისტყაოსანიც“.
- ანუ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც „ვეფხისტყაოსანს“ კრიტიკულად შეხვდნენ და მისი წაკითხვა იკრძალებოდა?
- დიახ, რაღაც ეტაპზე ეს ნამდვილად ასე იყო. ასეა. მაგალითად, ამავე ეპოქაში შექმნილი სარაინდო რომანის, „ამირანდარეჯანიანის“ მიმართ არასდროს არანაირი პრეტენზია არ გამოთქმულა, რადგან იქ „საეჭვო“ ვერავინ ვერაფერი დაინახა. მართალია, ამ თხზულების სიუჟეტიც საინტერესოა, დინამიკური, მრავალშრიანი და წარმტაცი, მაგრამ, ასე ვთქვათ, სტანდარტული: გვიამბობენ ამირან დარეჯანისძისა და სხვა ფალავანთა საგმირო ისტორიებს; ვხედავთ, როგორ ამარცხებენ ისინი მეტოქე დევგმირებს და ამით ამტკიცებენ თავიანთ ძალგულოვნებას; „ამირანდარეჯანანის“ავტორს არ აინტერესებს, რა ხდება მისი პერსონაჟების სულში, რას გრძნობენ ისინი, რით სუნთქავენ... შოთა რუსთველი კი აბსოლუტურად სხვა რეალობას ქმნის: ის „შიგნიდან“ გვიჩვენებს თავის პერსონაჟებს. მხოლოდ ჩვენ ვიცით მათი დაფარული ზრახვები, ფიქრები, ოცნებები... რა უხარით, რაზე დარდობენ, რისი ეშინიათ... რაღაც გაგებით, რუსთველმა იმ ეპოქისათვის სრულიად უჩვეულო ფსიქოლოგიური რომანი დაწერა, რომელიც, სავარაუდოდ, ყველა მკითხველისთვის გასაგები და მოსაწონი არ იქნებოდა. იყო სხვა პრობლემაც. რასაკვირველია, რუსთველი ღრმად მორწმუნე პიროვნება და ჭეშმარიტი ქრისტიანი მოაზროვნე იყო, მაგრამ, სავარაუდოდ, ის თავის თანამედროვეებზე ბევრად მასშტაბურად იაზრებდა რწმენის საკითხს. ვფიქრობ, მან ამ თვალსაზრისითაც საგრძნობლად გაუსწრო თავის ეპოქას. რუსთველმა იცის, რომ ღმერთი ერთია იმის მიუხედავად, რომ ადამიანები მას სხვადასხვა სახელს არქმევენ და ამ გაგებითაც უნივერსალურ ტექსტს ქმნის: არ ახსენებს კონკრეტულად არც სამებას, არც ღვთისმშობელს, არც ქრისტეს, არც ქრისტიან წმინდანებს, სამაგიეროდ, პოემაში ყველა აღმსარებლობის მკითხველს შეუძლია თავისი ღმერთის „დანახვა“. შეიძლება ეს იმითაცაა განპირობებული, რომ საქართველო ყოველთვის იყო რელიგიური ტოლერანტობით გამორჩეული მრავალეროვანი ქვეყანა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - სასულიერო პირები პოემის მთავარ ნაკლად ყოველთვის იმას მიიჩნევდნენ, რომ ავტორი ტექსტში „არ ახსენებს სამებასა ერთ არსულად“.
- ანუ ეჭვქვეშ დააყენეს ავტორის ქრისტიანობის საკითხი?
- დიახ, ასეა. მეტსაც გეტყვით: იყო დრო, როცა რუსთველს ლამის ათეისტობაც დააბრალეს, არადა პოემა გაჟღენთილია ღმერთის უზენაესობის განცდით. აქ არაფერი ხდება უფლის ნების გარეშე, თუმცა არამც და არამც არ იზღუდება ადამიანის თავისუფალი არჩევანი. ანუ უფალი გასწავლის, რა არის სწორი და მართალი, მაგრამ პიროვნება გადაწყვეტილებასაც თავად იღებს და, ცხადია, შედეგებზე პასუხისმგებლობასაც! ამიტომაცაა, რომ ჩადენილი ცოდვის გამო თითქმის ათი წელი იტანჯებიან ტარიელი და ნესტან-დარეჯანი. მართალია, დანაშაული სიყვარულის სახელით ჩაიდინეს და პატრიოტული მიზნებით გაამართლეს, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მკვლელობა მკვლელობაა. მით უფრო, უდანაშაულო კაცისა და თანაც მირონცხებული ადამიანისა, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ ცოდვას. ამიტომაცაა, რომ არც ტარიელს და არც ნესტანს საყვედური არასოდეს დასცდენიათ და მორჩილებით იღებენ თავს დატეხილ ყველა უბედურებას. მათ ზუსტად იციან, რომ საკუთარ საქციელზე პასუხი უნდა აგონ. მეტიც, არც აქვთ იმის იმედი, რომ ამ ცხოვრებაში ეპატიებათ და ეღირსებათ ერთად ყოფნა.
- რატომ ტირიან ასე ხშირად „ვეფხისტყაოსანში“?
- თქვენ წარმოიდგინეთ, არცთუ ისე ხშირად ტირიან. უბრალოდ, მკითხველი ცოტათი „იბნევა“: თუ ტექსტს მიუდგება, როგორც სტანდარტულ სარაინდო რომანს, მაშინ ცრემლი ნამდვილად უადგილოდ მოეჩვენება; მაგრამ თუ გაახსენდება, რომ საქმე ფსიქოლოგიურ რომანთან აქვს, მაშინ ყველაფერს ნათელი მოეფინება. ცრემლი ყოველთვის მიიჩნეოდა ადამიანის სულიერი სიფაქიზის გამოვლინებად. გავიხსენოთ ჰომეროსის „ილიადა“ და „ოდისეა“. იდეალური რაინდები იქაც ტირიან. სამაგიეროდ, ის, ვინც ბარბაროსადაა შერაცხული, არ ტირის. პერსონაჟის ცრემლი მის სისუსტეზე კი არა, მის სულიერებასა და შინაგანი სამყაროს სიმდიდრეზე მიუთითებს. მაგალითად, „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟთაგან მელიქ სურხავი ვერ იტირებს, ჭაშნაგირი - მით უმეტეს.

- ლომებს რაღას „ერჩის“ ტარიელი?
- ნახევრად ხუმრობით და ნახევრად სერიოზულად ხშირად კეთდება აქცენტი იმაზე, რომ ტარიელი უმიზეზოდ ემტერება ლომებს, არადა, თუ პოემას სწორად წავიკითხავთ, უჩვეულოდ აღარაფერი მოგვეჩვენება. როგორც უკვე აღვნიშნეთ და დავით გურამიშვილის ავტორიტეტიც დავიმოწმეთ, პოემა ალეგორიული შინაარსისაა და თითქმის ყველა დეტალს სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. პოემაში რამდენჯერმეა ნაჩვენები ნადირობის სცენა. ბევრ ცხოველს ხოცავენ ავთანდილი, როსტევანი, ფრიდონი და სხვები, მაგრამ ლომს მხოლოდ ტარიელი კლავს. შუა საუკუნეების სიმბოლიკის მიხედვით, ლომი მეფურ გულზვიადობას აღნიშნავს. ანუ ტარიელი აცნობიერებს, რომ ცოდვაშია ჩავარდნილი, ებრძვის მას და ამარცხებს კიდევაც, ფიგურალურად კი ეს ლომის მოკვლით გამოიხატება. ავტორი მკითხველს ამით შეახსენებს, რომ ყველამ საკუთარ სულში უნდა ჩაიხედოს, იპოვოს ცოდვის ძირი და დაძლიოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თავად აღმოჩნდება ძლეული.

- პერსონაჟთა ჩაცმულობას ცალკე დატვირთვა აქვს პოემაში.
- რუსთველის ეპოქაში ბევრი საუბარი კარგ ტონად არ ითვლება. საკუთარი ვინაობის, სოციალური სტატუსის, განწყობისა და ა.შ. შესახებ ინფორმაციას ადამიანი სწორედ თავისი ჩაცმულობითა და აქსესუარებით იძლევა; შეხედავ თუ არა პიროვნებას, ზუსტად იცი, მასთან თავი როგორ უნდა დაიჭირო, როგორ ესაუბრო, რა შესთავაზო და ა. შ. დიდი ინფორმაციული დატვირთვა აქვს არა მარტო სამოსის ფორმას, არამედ ფერსაც. ხშირად პერსონაჟები ფერებით საუბრობენ ერთმანეთთან. როდესაც ნესტანი ტარიელს ხატაეთში საომრად ისტუმრებს, მწვანე კაბას იცმევს. სავარუდოდ, მუქ მწვანეს, რადგან ასეთი ფერი ერთდროულად აღნიშნავს სევდასაც და იმედსაც. ნესტანი ამ ფერის კაბით სატრფოს უსიტყვოდ ეუბნება: ძალიან ვდარდობ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გამარჯვებული დამიბრუნდებიო. ხატაეთიდან დაბრუნებული ტარიელის პატივსაცემად გამართულ საზეიმო ნადიმზე კი ნესტანს მზისფერი, ფორთოხლისფერი კაბა აცვია. ერთმანეთთან საუბრის საშუალება წყვილს არ აქვს, ამიტომ კვლავ კაბის ფერით უნდა უთხრას ნესტანმა ტარიელს სათქმელი: უბედნიერესი ვარ, რომ ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდი და თანაც დაამტკიცე, რომ ქვეყნის ღირსეული პატრონი იქნებიო.
- და ტარიელის გარდერობში რა ხდება?
- პრაქტიკულად მთელი პოემის განმავლობაში ტარიელი ვეფხის ტყავითაა შემოსილი, მაგრამ სანამ ინდოეთის სამეფო კარზე მისი ცხოვრება ასე თუ ისე მშვიდად მიმდინარეობდა, ცხადია, სხვაგვარად იცმევდა. ტარიელი იშვიათად აკონკრეტებს, კონკრეტულად რა აცვია ან რა ფერის, მაგრამ როცა ამბობს, ამას ყოველთვის გამიზნულად აკეთებს. მაგალითად, როცა მამა გარდაეცვლება, ტარიელი შავით იმოსება და მთელი წელი ატარებს სამგლოვიარო ტანსაცმელს. ბრძოლის ველზე - აბჯარასხმულს ვხედავთ. ერთადერთი შემთხვევა, როცა რაინდი შედარებით დაზუსტებულ ინფორმაციას გვაძლევს თავისი ჩაცმულობის შესახებ, არის ხატაეთზე გამარჯვების აღსანიშნავი ნადიმი. რუსთველი ტარიელს ასეთ რამეს ათქმევინებს:
„ჩემთა მჭვრეტელთა მოეცვა ქალაქი, შუკა და ბანი.
ომ-გარდახდილსა მშვენოდეს მე ენიანნი კაბანი“...
დღემდე სადავოდ ითვლება „ ენიანი კაბის“ რაობა. ვფიქრობ, ამ სამოსს გარკვეული ინფორმაციული დატვირთვა ჰქონდა, რამაც შემდგომში მოვლენების განვითარებაზე მოახდინა ზეგავლენა; ამ მოსაზრების საფუძვლიანობაში ისიც მარწმუნებს, რომ სწორედ საზეიმო ნადიმის შემდეგ შეიცვალა ტარიელის მიმართ მეფის დამოკიდებულება რადიკალურად. ჩემი აზრით, ტარიელმა შეცდომა დაუშვა და სასახლეში სამეფო ტანისამოსით გამოცხადდა, რითაც გააღიზიანა ფარსადანი. ვფიქრობ, მას ეცვა ძოწისფერი კაბა, რომელსაც მუქი ფერის რომბებში ჩაქარგული მოგრძო, ენის ფორმის თეთრი ფიგურები ამშვენებდა. დაახლოებით ისეთი, როგორიც ყარყუმის სამეფო მოსასხამს აქვს. მსგავსი ორნამენტი დასტურდება ქართველ მეფეთა ფრესკებზე; რატომ მისცა თავს უფლება ტარიელმა ასე მოქცეულიყო? ჯერ ერთი, იგი თავს დიდი ხანია ინდოეთის მეფედ მოიაზრებს; გავიხსენოთ, ჯერ კიდევ ხატაეთის დალაშქვრამდე როცა ასმათის სამიჯნურო ბარათს მიიღებს, რომელშიც ქალი შეხვედრას ითხოვს, ტარიელი გაიფიქრებს:
„ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულად ინდონი მმონებენ...
თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ“...
და კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევა: ყველას გვინახავს იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკა, რომელზეც შოთა რუსთველია გამოსახული. მას მწვანე ფერის კაბა აცვია, მხრებზე კი მოსხმული აქვს ყარყუმის ბეწვისსაყელოიანი მეწამული ფერის მანტია, რომელსაც რომბებში ჩასმული ენის ფორმის ჩანართები აქვს. მანტიას შიგნიდანაც ყარყუმის თეთრი ბეწვი აქვს გამოდებული. ძნელი სათქმელია, ნამდვილად „ვეფხისტყოსნის“ ავტორია თუ არა ამ ფრესკაზე გამოსახული პიროვნება, მაგრამ სამოსიდან გამომდინარე, ის, სავარუდოდ, სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელია.
- რატომ იმოსება ტარიელი მაინცადამაინც ვეფხის ტყავით?
- ტარიელს ვეფხის ტყავი, სულ მცირე, ორი მიზეზით აცვია: ჯერ ერთი, ფერთა მეშვეობით გამოხატავს თავის სულიერ მდგომარეობას - შავისა და ყვითლის კომბინაცია უმძიმეს მწუხარებას აღნიშნავს; ტარიელი ხომ ვეფხის ტყავით სწორედ მაშინ იმოსება, როდესაც რწმუნდება, რომ სამუდამოდ დაკარგა ნესტანი. მეორეც, უკანასკნელი შეხვედრისას განრისხებულმა ნესტანმა ტარიელს ვეფხი მოაგონა; ვაჟის ცნობიერებაში სატრფო პირგამეხებული ვეფხის სახით დარჩა.
სხვათა შორის, შედარებით ახალ, XIX და XX საუკუნეებში შექმნილ ილუსტრაციებზე ტარიელს ვეფხის ტყავის კაბა კი არ აცვია, არამედ ცხოველის ბეწვი მხრებზე მოსასხამივით აქვს მოგდებული, რაც არასწორია. ძველ მინიატურებზე, მაგალითად, მამუკა თავაქარაშვილისეულზე, ნამდვილად ტყავკაბა აცვია, თანაც არა ზოლებიანი, არამედ ხალებიანი. მამუკა იმ დროისათვის ფრიად განათლებული ადამიანი იყო. მან იცოდა, რომ „ვეფხისტყაოსანში“ საუბარია არა ვეფხვზე, არამედ ვეფხზე, ანუ ავაზაზე.
„ვერა დავჰყარეთ პასუხი ჩვენ საუბრითა ჩვენითა:
ვეფხი-ავაზა პირ-ქუშად ზის, წყრომა ვერ ვუგრძენითა“...
ფიქრობენ, რომ ტარიელს ეცვა ხალებიანი და არა ზოლებიანი ცხოველის ტყავი. ავაზას ხალებიანი ბეწვი ძალიან ჰგავს ვარსკვლავიან ცას; ვისაც ამგვარი ტყავი ამშვენებს, ის სიმბოლურად სამყაროს მბრძანებელია. არანაკლებ საინტერესოა სხვა პერსონაჟთა ჩაცმულობა, მაგ.: ავთანდილის, თინათინის. იმედია, კიდევ მოგვეცემა ამ საკითხზე საუბრის საშუალება.
- ის თუ არის ცნობილი, სად მიიღო შოთამ განათლება?
- დაზუსტებით არაფერი ვიცით, მხოლოდ ვარაუდის გამოთქმა შეიძლება. „ვეფხისტყაოსნის“ ავტორს საკმაოდ საფუძვლიანი განათლების მიღება შეეძლო სამშობლოში. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, იმ დროისათვის ჩვენში ორი აკადემია ფუნქციონირებდა - გელათისა და იყალთოსი. ასწავლიდნენ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ე.წ. ტრივიუმისა და კვადრიუმის ციკლის საგნებს, ანუ გეომეტრიას, არითმეტიკას, მუსიკას, ფილოსოფიას, რიტორიკას, გრამატიკას და ა. შ. სხვათა შორის, პოემის ავტორი ყველა ამ დისციპლინის ძალზე ღრმა ცოდნას ამჟღავნებს. რუსთველი უსათუოდ დიდგვაროვანთა წრიდან იქნებოდა; შესაბამისად, მას საშუალება ექნებოდა, უცხოეთის საგანმანათლებლო ცენტრებშიც მიეღო განათლება. მას აუცილებლად ზედმიწევნით კარგად ეცოდინებოდა რამდენიმე ენა, რისი წყალობითაც იმ დროის საუკეთესო ნაშრომებს დედანში გაეცნობოდა.
- საოცარია ის, რომ მეთორმეტე საუკუნეში ასტრონომიაში ასეთ ცოდნას ავლენს.
- რუსთველმა მართლაც არაჩვეულებრივად იცის ასტრონომია და მისთვის ისეთი რამეებიცაა ცნობილი, გაცილებით გვიან რომ დადგინდა. მაგალითად, კოპერნიკმა XV საუკუნეში ჩაუყარა საფუძველი ჰელიოცენტრისტულ სისტემას, რუსთაველმა კი მეთორმეტე საუკუნეში უკვე იცის, რომ მზეა სისტემის ცენტრი და სწორედ მისი წყალობით ბრუნავენ პლანეტები. ეს ძალზე მკაფიოდ ჩანს პოემის იმ ეპიზოდში, როცა ფრიდონთან მიმავალი ავთადილი მნათობებს ესაუბრება. ავტორი სრულიად არაორაზროვნად წერს, რომ მთვარის ფაზები მზის ზეგავლენის შედეგია; ასევე, ოტარიდის, ანუ მერკურის ანომალიური ორბიტალური მოძრაობის მიზეზიც მზეა.
გარდა ასტრონომიისა, რუსთველი არაჩვეულებრივად ერკვევა მედიცინაში და განსაკურებით - ფსიქოლოგიაში. ავთანდილს ავტორი „ცნობიერთა დასტაქარს“, ანუ ფსიქოლოგს უწოდებს. მართლაც, ავთანდილს რომ დავაკვირდეთ, როგორ ურთიერთობს ადამიანებთან ან როგორ საუბრობს მათთან, დავრწმუნდებით, რომ მართლაც საუკეთესო ფსიქოლოგია. უცნობებთანაც კი არ იბნევა - ელვისებური სისწრაფით ცვლის საუბრისა და მოქმედების ტაქტიკას მანამ, სანამ ამ ადამიანის ფსიქიკას „გასაღებს“ არ მოარგებს; ამიტომაცაა, რომ ყოველთვის აღწევს წარმატებას და ნებისმიერი შეუძლია აქციოს საკუთარ მხარდამჭერად და დამხმარედ.
ნესტანის დანახვაზე ტარიელს გული რომ წაუვიდა და სამი დღე უგონოდ იყო, ცხადია, მკურნალებს უხმეს. ტარიელი მალავს საკუთარი შეუძლოდ ყოფნის მიზეზს, რითაც ცდილობს ექიმების შეცდომაში შეყვანას, მაგრამ არაფერი გამოსდის. „სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოჰყრიაო“, - თქვეს ექიმებმა. ეს იყო ზუსტი დიაგნოზი. „სევდა“ სიყვარულსაც ნიშნავს. ექიმებმა გამოიცნეს, რომ ის შეყვარებულია.
- გვერდს ვერ ავუვლით ლეგენდას შოთასა და თამარზე. როგორ გგონიათ იქნებოდა პოეტი მეფეზე გამიჯნურებული?
- მეფე აუცილებლად უნდა გყვარებოდა; ეს იმ ეპოქისათვის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მეფე ქალი გახლდათ და თანაც მშვენიერი ქალი. თამარი არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ, პირველ რიგში, სულით იყო მშვენიერი. თავისი ასაკისთვის უჩვეულო სიბრძნე ჰქონდა. ამას ადასტურებს ჟამთააღმწერელთა თხზულებებში დაცული მისი სიტყვები.

თამარის გარდაცვალების შესახებ ხმა რომ გავარდა, ბევრმა ადამიანმა თურმე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მათ უთამარო საქართველოში ცხოვრება ვერ წარმოედგინათ. ამდენად, თამარის მიმართ დიდი გრძნობის გამოვლენა, მით უფრო პოეტისაგან, არავის გაუკვირდებოდა. შოთას, რა თქმა უნდა, ეყვარებოდა თამარი; ის ვერაფრით გაუმკლავდებოდა ამ უმშვენიერესი და უსათნოესი მანდილოსნის ხიბლს, მაგრამ ეს იქნებოდა ძალზე სუფთა გრძნობა, რომელიც პოეტს შთაგონებასა და აღმაფრენას მიანიჭებდა.
- ბევრ საიდუმლოს მალავს „ვეფხისტყაოსანი“.
- დიახ, ნამდვილად ასეა. ვფიქრობ, ზოგი რამ ჯერაც არაა ამოხსნილი და პოემა კიდევ ბევრჯერ გაგვაოცებს.
03/07/2026