Logo

ყველაფერი ბავშვებზე

რას ნიშნავს "ზრდის ტკივილი"? - პედიატრის განმარტება

რას ნიშნავს "ზრდის ტკივილი"? - პედიატრის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბავშვებში ფეხების ტკივილი მშობლებისთვის ხშირად საგანგაშო სიმპტომია, თუმცა გარკვეულ ასაკში, ის შეიძლება ე.წ. „ზრდის ტკივილებს“ უკავშირდებოდეს. მიუხედავად გავრცელებული სახელწოდებისა, თანამედროვე მედიცინა ამ მდგომარეობას უშუალოდ ძვლის ზრდას არ უკავშირებს.


როგორ ამოვიცნოთ ასეთი ტკივილი, რა ნიშნებია მისთვის დამახასიათებელი და როდის არის აუცილებელი ექიმთან მიმართვა? პედიატრი ინგა მამუჩიშვილი განმარტავს.

"ზრდის ტკივილები“ ნამდვილად დამკვიდრებული კლინიკური ტერმინია, თუმცა სახელწოდება ცოტა შეცდომაში შემყვანია... თანამედროვე მონაცემებით, ტკივილი უშუალოდ ძვლის ზრდით გამოწვეული არ არის.

უფრო ზუსტი სახელია "ღამის იდიოპათიური კიდურების ტკივილი".

ზრდის ტკივილი

რას ვეძახით "ზრდის ტკივილს“?

ეს არის ჯანმრთელ ბავშვებში განმეორებადი, კეთილთვისებიანი ტკივილი, რომელიც ტიპურად:

გვხვდება დაახლოებით 3-12 წლის ასაკში;

ძირითადად არის ორივე ფეხში წვივებში, წვივის უკანა კუნთებში, ბარძაყებში ან მუხლების ირგვლივ;

ზრდის ტკივილი

უფრო კუნთოვანი და არა სახსროვანი ხასიათისაა;

ჩნდება საღამოს ან ღამით, ზოგჯერ ბავშვს აღვიძებს კიდეც;

დილით ბავშვი, როგორც წესი, სრულიად კარგადაა-დარბის, თამაშობს და არ კოჭლობს;

პერიოდულად ქრება და ისევ შეიძლება განმეორდეს თვეების ან წლების განმავლობაში.

რატომ სტკივათ?

ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლებს ავუხსნათ, რომ ეს არ ნიშნავს, თითქოს “ძვალი სწრაფად იზრდება და ამიტომ სტკივა“.

კვლევებში უშუალო კავშირი ზრდის სიჩქარესთან დამტკიცებული არ არის. უფრო ხშირად აღწერილია ფიზიკურად აქტიურ ბავშვებში, განსაკუთრებით დატვირთული დღის შემდეგ; ასევე გარკვეული ასოციაციაა სახსრების ჰიპერმობილობასთან. სხვა ჰიპოთეზებიც არსებობს, მაგრამ მტკიცებულებები არასაკმარისია.

როგორ დავეხმაროთ?

ხშირად საკმარისია ფეხების მსუბუქი მასაჟი, თბილი აბაზანა ან თბილი კომპრესი, დასვენება და ბავშვის დამშვიდება.

ზრდის ტკივილი

თუ ტკივილი უფრო ძლიერია, ასაკისა და წონის შესაბამისი დოზით შეიძლება პარაცეტამოლი ან იბუპროფენი.

და აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: ყველა ფეხის ტკივილი “ზრდის ტკივილი“ არ არის.

თუ ტკივილი ცალმხრივია, დილითაც გრძელდება, ბავშვი კოჭლობს ან ვერ ტვირთავს ფეხს, ტკივილი კონკრეტულად სახსარშია, ან ახლავს შეშუპება, სიწითლე, ცხელება, უჩვეულო დაღლილობა, სისხლჩაქცევები, მადის დაქვეითება ან წონის კლება-უკვე სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ, ამიტომ მიმართეთ თქვენს პედიატრს.

ზრდის ტკივილი

"ზრდის ტკივილი“ საღამოს მოდის, ხშირად ორივე ფეხშია და დილით ქრება-ბავშვი კი ჩვეულებრივ აგრძელებს სირბილსა და თამაშს," - განმარტავს პედიატრი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/25/2026

ასაკობრივიზრდის ტკივილიინგა მამუჩიშვილიპედიატრირჩევები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024