Logo

კულტურა

"რას შეიძლებოდა ასე გავეხარებინე, არ ვიცი..." - რა სიურპრიზი მოუწყეს თამრიკო ჭოხონელიძეს

"რას შეიძლებოდა ასე გავეხარებინე, არ ვიცი..." - რა სიურპრიზი მოუწყეს თამრიკო ჭოხონელიძეს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჟურნალისტმა თამარ გოგელიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა 1995 წლის საკონცერტო ჩანაწერი, სადაც თამრიკო ჭოხონელიძე ჯანსუღ კახიძის "იავნანას" ასრულებს. ეს ის ჯადოსნური იავნანაა, ნანა ჯანელიძის ფილმისთვის რომ დაწერა ჯანსუღმა და შემდეგ ჭოხონელიძის შესრულებით, ის ჩვენი შვილების მთავარ იავნანად იქცა. მეც, ისევე როგორც ბევრს, ალბათ, ამ არაამქვეყნიურად ლამაზი იავნანით გადამყავდა შვილი ტკბილ ძილბურანში.

აი, რას წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

თამარ გოგელიძე: თქვენთვის ახლა თითქმის პრემიერაა, რადგან 31 წლის მანძილზე ეს ფირი იყო დაკარგული. ვერაფრით ვერ იპოვეს და შემთხვევით ახლა აღმოვაჩინეთ.

ეს ახლა სიურპრიზი იქნება თამრიკო ჭოხონელიძესთვისაც, რომლის ეს ნამღერი ფილმიდან "იავნანა", ხატივით ცალკე დგას და ამდენი წელია, ფილმი ნანახიც რომ არ გქონდეთ, კახიძის თამრიკოსეული იავნანა იცის ყველამ, უფილმოდ.

ეს გახლავთ პირველი კონცერტი ფილმის გადაღების შემდეგ.

თქვენ ახლა უყურებთ 1995 წლის "ლაივ" კონცერტს.

ნახეთ, ხალხო, რა ხარისხია, რა გაუპრანჭავი დიდებულებაა, როგორი დახვეწილია ყველაფერი. არაფერი ზედმეტი. 31 წლის შემდეგაც კი ეს ხარისხი, ეს კულტურაა საპოვნელი, ესაა რაც გვჭირდება, ვეძებთ, ვერ ვპოულობთ და თუ ვიპოვით დღეს, ეს არის ერთი-ორი მუსიკოსის მხარ-ბეჭზე, რომელთაც დიდად დღეს არ აქვთ გასაქანი.

ჯანსუღ კახიძე

ჟურნალისტის ამ სასიამოვნო პოსტს თამრიკო ჭოხონელიძე ეხმიანება.

თამრიკო ჭოხონელიძე: რას შეიძლებოდა ასე გავეხარებინე, არ ვიცი... გამახსენდა ყველაფერი... ყველაფერი კარგი და დროებით დამავიწყა ის, რაც დღევანდელ ყოფაში გულს მტკენს და ხვალინდელი დღის იმედს და ხალისს მართმევს ხანდახან...

ამ ჩანაწერზე ხელიც ჩაქნეული მქონდა. მეგონა, საბოლოოდ დაიკარგა..

თამარა გოგელიძეს მინდა უდიდესი მადლობა ვუთხრა ამ სიურპრიზისთვის! ...და იმ სითბოსთვის, რასაც მე ჩემი ხალხისგან ვიღებ!

ყველას დიდი მადლობა! ეს მე დიდ ძალას მაძლევს!

ვიღაცამ დამიწერა - შენი სიმღერა აქ დამთავრდაო (ყოჩაღ!), დღეს მე კიდევ უფრო გავძლიერდი და მას ვეტყვი - ცოტა მოითმინეთ და ვნახოთ, როგორ დამთავრდა ჩემი სიმღერა! სიმღერა,რომელიც მხოლოდ სიყვარულის დიდი ძალით თანაზიარს გვხდის! მე ეს სიყვარული არასდროს გამნელებია ადამიანების და ქვეყნის წინაშე!...

და ამიტომ ვიდრე ცოცხალი ვარ, ყოველთვის სიმღერით გეტყვით - მიყვარხართ!!!

საკონცერტო ნომრის ჩანაწერს ბმულზე გადასვლით ნახავთ

ავტორი: ზმნა

07/06/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024