საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
XX საუკუნის მიწურულის საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერი - მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს დაიღუპა. სიცოცხლის ბოლო დღეებში მან ფართო საზოგადოებას გააცნო ინიციატივა, რომელიც ქვეყნის და მასთან ერთად, ყველაზე გაჭირვებულების მხარდაჭერას ითვალიწინებდა. აქ გაგაცნობთ მერაბ კოსტავას მიერ, გარდაცვალებამდე სამი დღის ადრე გამოქვეყნებულ წერილს. მასში ჩანს, რომ ავტორის გეგმები მხოლოდ წმინდა პოლიტიკური აქტივიზმით არ შემოიფარგლებოდა.
უკანასკნელი ინიციატივა და უკანასკნელი წერილი
1989 წლის 10 ოქტომბერს გავრცელებული წერილი მოკლეა, მაგრამ გვაძლევს საშუალებას წარმოდგენა შევიქმნათ ავტორის ადამიანურ, ქრისტიანულ, პოლიტიკურ და სოციალურ ხედვებზე.
ის აღწერს საქველმოქმედო ფონდის ინიციატივას, რომლის კონცეფციაც ახლოს უნდა ყოფილიყო ილია ჭავჭავაძის სათავადაზნაურო ბანკის იდეასთან და კონცეფციასთან.
მერაბ კოსტავას იდეის თანახმად, მისი ფონდი უნდა დახმარებოდა ქვეყანას დემოგრაფიული და ეკონომიკური კრიზისის დაძლევაში, უნდა ეტვირთვა ნამდვილი ქრისტიანული საქველმოქმედო საქმიანობა და ეზრუნა ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. ამასთან უნდა შეეწყო ხელი შრომის სტიმულირებისთვის.

„ქვეყნის დემოგრაფიული და ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა, ქრისტიანულ-საქველმოქმედო საქმიანობა, ქვრივთა, ობოლთა, უპოვართა, ხეიბართა და მარტოხელა მოხუცთა მოვლა და პატრონობა...“
ფონდი წერილის გამოქვეყნებისთანავე შეიქმნა. ძალიან მალევე მომხდარი საბედისწერო შემთხვევის გამო, მას დამფუძნებლის გარეშე მოუხდა არსებობის დაწყება. არ გიყვებით იმაზე, როგორი უნდა ყოფილიყო და რეალობაში, რა მივიღეთ მერაბ კოსატავას ფონდისგან. ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, ჩვენი ეროვნული გმირი რანაირად აღწერდა საბჭოთა რეალობას. ან როგორ წარმოედგინა საბჭოთა პოლიტიკური, ეკონომიკური და ზნეობრივი კრიზისიდან საქართველოს გამოყვანა.
ქურდობა - საზოგადოების დიდი ნაწილის ცხოვრების წესი
„ფრანგმა უტოპისტმა სოციალისტმა სენ-სიმონმა შენიშნა, რომ როგორც პიროვნებას, ისე სახელმწიფოს შეუძლია არსებობა პროდუქციის წარმოების ან კორუფციის გზით. საბჭოთა კავშირმა აირჩია კორუფციის გზა. მოქალაქეთა ხელფასები და პენსიები არ შეესაბამება საარსებო მინიმუმს და არ აძლევს სტიმულს საზოგადოების განვითარებას. სსრ კავშირში შემავალი ყველა რესპუბლიკა განიცდის მძიმე ეკონომიკურ და მორალურ კრიზისს. შედეგად, საზოგადოების ნაწილის გარყვნა მოხდა.ზემდგომ ორგანოთა წარმომადგენლები კორუმპირებულებად დასახელდნენ, მუშებსა და გლეხებს – 'ნესუნები'“ შეარქვეს.“
კოსტავა საბჭოთა საზოგადოებას ორ ჯგუფად ყოფს: ზემდგომი კორუმპირებული “ელიტა“ და ფართო მოსახლეობა, რომლის დიდ ნაწილს „ნესუნები“ დაარქვეს. „ნესუნებს“ კი საბჭოთა რუსეთში უწოდებდნენ იმათ, ვინც სამსახურში ყოველდღიურად იპარავდნენ რაიმეს — ნედლეულს, პროდუქციას, სურსათს. საბჭოთა კავშირში ქურდობა მოსახლეობის დიდი ნაწილის ცხოვრების წესი იყო. ძალიან ბევრს ჩვევად ჰქონდა სისტემატურად მოეპარა სამსახურისთვის ანუ სახელმწიფოსთვის, როგორსაც უთავბოლო სსრკ წარმოადგენდა. ის ინგრეოდა და მერაბ კოსტავა ფიქრობდა, რანაირად უნდა გარდავქმნილიყავით დამოუკიდებელ, წარმატებულ ქვეყნად და წესიერ საზოგადოებად.

ფულის დანიშნულება
„ცნობილი დანიელი მეცნიერი ჰანს სელიე წერდა, ფული არ წარმოადგენს საბოლოო მიზანს, მაგრამ მისი მეშვეობით შესაძლებელია ეკონომიკური, სოციალური და ზნეობრივი საკითხების გადაწყვეტა. აღნიშნულ ფონდში ფულადი სახსრების ჩარიცხვა ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებას. მოგიწოდებთ ცალკეულ პირებს, ორგანიზაციებს, დაწესებულებებსა და კოოპერატივებს, რომ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველწლიურად გადარიცხოთ ფულადი სახსრები საქართველოს საადგილმამულო, მოსახლესობის განსახლებისა და დახმარების ფონდში.“
მერაბ კოსტავა,
1989 წლის 10 ოქტომბერი.
საქველმოქმედო ფონდის შექმნასთან დაკავშირებით მერაბ კოსტავას გეგმა გაჭირვებულთა დროებით დახმარებაზე განუზომლად ფართო იყო. შრომის სტიმულირება, შრომის კულტურის დამკვიდრება, წესიერი, მოტივირებული შრომის - ეს წარმოედგინა მტკიცე საფუძვლად, რაზეც მომავალი დამოუკიდებელი საქართველო აშენდებოდა პროდუქციის მწარმოებელ, სამართლიან, ადამიანზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ. უფრო მეტს, მერაბ კოსტავას ოცნების საქართველოზე, სხვა წერილში მოგითხრობთ.

02/19/2026