Logo

რაში დაეხმარა "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნა 82 ანრო ცირეკიძეს

რაში დაეხმარა "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად ცოდნა 82 ანრო ცირეკიძეს

09/10/2026

ტექსტის ზომა

22 წლის ასაკში "ვეფხისტყაოსანი" ექვს თვეში ისწავლა. უკვდავი პოემის წაკითხვას ექვს საათს ანდომებს. "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად მცოდნეთა კონკურსში ექვსჯერ გაიმარჯვა.

სამი კრებული გამოცემული აქვს, თუმცა თავს პოეტად არ თვლის. პოეტი ანა კალანდაძეა, მე რა პოეტი ვარო?

ძვირფასი ფილოლოგი ახლა 82 წლის არის.

ანრო ცირეკიძე: ტყიბულის რაიონის სოფელ საწირეში დავიბადე და გავიზარდე. დედა მელექსე იყო. თვითონაც ძალიან უყვარდა კითხვა და მეც შემაყვარა, განსაკუთრებით - პოეზია. ამან განაპირობა ჩემი მომავალი პროფესიაც. ქუთაისის ალექსანდრე წულუკიძის (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ინსტიტუტში ჩავაბარე, გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

- ქალბატონო ანრო, რამდენ ხანში ისწავლეთ პოემა?

- ექვს თვეში. დღეში 7-8 სტროფს ვსწავლობდი. ამას ფენომენალური ნიჭი არ სჭირდება. უნდა იყო მიზანსწრაფული და შრომისმოყვარე, უნდა გქონდეს ნებისყოფა და, პოეზია გიყვარდეს.

ზეპირად თქმას ექვსი საათი ვუნდები. თუ სწრაფად ვკითხულობ, ოთხ საათშიც შემიძლია.

პირველ კონკურსში რომ გავიმარჯვე, 22 წლის ვიყავი, მეოთხე კურსის სტუდენტი. ამის შემდეგ კიდევ ხუთ კონკურსში მივიღე მონაწილეობა და ყველგან პირველ ადგილზე გავედი. რუსთაველი ყოველთვის ჩემთანაა. ხშირად იმასაც კი ვფიქრობ, რომ სწორედ მან გამაძლებინა და გადამატანინა ბევრი რამ.

"ვეფხისტყაოსანი" ჩემთვის ყველაფერია: შიმშილის დროს - პური, წყურვილის დროს - წყალი, სიცივის დროს - სითბო, ლხინში - აღმაფრენა და "ჭირსა შიგან გამაგრება".

ხშირად მეკითხებიან, როგორ არ გავიწყდებაო? 60 წელი გავიდა მას მერე, რაც ვისწავლე, მაგრამ არ დამვიწყებია. სოფელში უამრავი საქმე მაქვს, მაგრამ სადაც უნდა ვიყო - ბოსტანსა თუ სამზარეულოში, ის ყოველთვის ჩემს გონებაშია... მეტყვიან ხოლმე, შენ რაღაცნაირად, სხვანაირად კითხულობო. ალბათ, მე მთლიანად შევიგრძნობ და ამიტომ. ერთხანს, გერმანულთან ერთად, ქართულსაც ვასწავლიდი.

ანრო ცირეკიძე

40 წელი ვიმუშავე ტყიბულის რაიონის სოფელ ორპირის სკოლაში და ბავშვები მეტყოდნენ ხოლმე, მასწავლებელო, თქვენ რომ კითხულობთ, მაშინ ყველაფერს ვიგებთ და ჩვენ თვითონ რომ ვკითხულობთ - ვერაფერსო. მომწონს ახლანდელი თაობა და მეგობრული ურთიერთობა მოსწავლე-მასწავლებელს შორის, რა თქმა უნდა, ზომიერების შესაბამისად. "არა ვარგა უსაზომოო", ასე გვეუბნება რუსთაველი. მკაცრი მასწავლებელი ვიყავი, მაგრამ - სამართლიანი, ასეთი სახელი მქონდა.

ჩემი მოსწავლეებიდან 50-მდე გერმანისტია. ხშირად მითქვამს, რომ ისინი რუსთაველით მიმყავდა გოეთემდე.

- თქვენი ცხოვრების მთავარი აფორიზმი...

- "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი". ხშირად მეკითხებიან, რა მოგცა "ვეფხისტყაოსნის" ზეპირად სწავლამო? კომპიუტერიზაციის ეპოქაში არ მიკვირს ეს შეკითხვა. ამ დროს თამაზ ჭილაძის სიტყვებს ვიშველიებ ხოლმე: "ადამიანი, რომელიც ზეპირად სწავლობდა ამ პოემას, არა მარტო საკუთარ მახსოვრობას წვრთნიდა, არამედ იმ უჩვეულო სიხარულსაც განიცდიდა, ცხოვრებისათვის აუცილებელი რამის შეძენას და პოვნას რომ მოსდევს. მას უხაროდა, რომ შეძლო ამ სიმღერის გათავისება, შენახვა და ტარება, ამ ძვირფასი ტვირთით უკვე ძნელი აღარ იყო ცხოვრება". ისეთ სიამოვნებას ვგრძნობდი სწავლის პროცესში, რომ ახლაც კი მენატრება ის პერიოდი.

ბევრ რამეს გადააფასებს და გასწავლის დრო და ახლა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს გვაკლია ადამიანებს, ერთმანეთის სიყვარული და თანაგრძნობაა, გულწრფელი და თბილი ურთიერთობა.

ვეფხისტყაოსანი

წყარო: კვირის პალიტრა

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026