Logo

ინტერვიუ

"რატიმ და ოჯახმა უცხოეთში წამიყვანეს და სიკვდილს გადამარჩინეს" - ვაჟა დურგლიშვილი წასულ განსაცდელზე

"რატიმ და ოჯახმა უცხოეთში წამიყვანეს და სიკვდილს გადამარჩინეს" - ვაჟა დურგლიშვილი წასულ განსაცდელზე

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ინტერნეტში ვაჟა დურგლიშვილის ინტერვიუდან ამონარიდი გავრცელდა, რომ მძიმე სენი დაამარცხა და ცუდად იყო. "ზმნა" კომპოზიტორს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ ეს ძველი, ხუთი წლის წინანდელი ინტერვიუა, რომელიც რატომღაც ახლა გააზიარეს...

კომპოზიტორმა პროსტატის კიბო და ლეიკემია ნამდვილად დაამარცხა. იმკურნალა ჯერ ჩვენთან, შემდეგ - თურქეთში. მადლიერია ექიმების, ოჯახის, სამყაროსი. შემდეგ კი გამოჯანმრთელებულმა, 2023 წელს, ფილარმონიაში შემოქმედებით საღამოზე უამრავ სტუმარს უმასპინძლა.

მახსოვს, მაშინ მამაზე რატიმ მითხრა: "ვაჟა საოცარი მამაა. ძალიან მზრუნველი, შემაწუხებლადაც კი. არც გეკითხება, გინდა არ გინდა, გიკეთებს, გემსახურება. უზარმაზარი სიკეთის მატარებელია. დიდი სამეგობრო ჰყავს. 

მისგან შრომისმოყვარეობა და საქმისადმი დამოკიდებულება ვისწავლე. მთელი ბავშვობა ვუყურებდი, როგორი უნდა იყოს პროფესიონალი მუსიკოსი. მამას ხასიათი რომ მქონდეს, მთებს გადავდგამდი. ვთქვათ, რაღაცის გაკეთება დაგპირდათ, ხვალ კი არა, დღესვე გააკეთებს. კატასტროფულად დიდი პასუხისმგებლობა აქვს."

77 წლის ვაჟა დურგლიშვილი "ზმნასთან" ინტერვიუში ამბობს, აქამდე თუ მოვიდოდი, არ მეგონაო. ზის და თავის საყვარელ საქმეს აკეთებს. წერს სიმღერებს, ნოტებს...

ვაჟა დურგლიშვილი

ვაჟა დურგლიშვილი: - არ ვიცი, ჩემი "ბრალია" თუ ექიმების, ყველაფერმა იმოქმედა და დავამარცხე ავი სენი და ლეიკემია. ექიმიც განცვიფრებული იყო, არ ელოდა ჩემს გამოჯანმრთელებას. თურმე უნდა მოვმკვდარიყავი და გაუკვირდა, ყველაფერი კარგად არისო. მე სადაც ვიწექი, იმ პალატაში ვინც კი იყო, 90 პროცენტი პაციენტებისა, იმ ქვეყნად წავიდა... აღარ მინდოდა მომაკვდავი ადამიანების ყურება. წარმოიდგინეთ, გვერდზე რომ კაცი გიკვდება ერთი, მეორე, მესამე... ძალიან დამთრგუნველი იყო საყურებლად, გადასატანად. და ჩემი მოთხოვნის შემდეგ გადამიყვანეს ცალკე პალატაში.

ოჯახმა და რატიმ დიდი საქმე გამიკეთეს - სამკურნალოდ უცხოეთში წამიყვანეს. თავიდან ისრაელზე ვფიქრობდით, მაგრამ იმ დროს ხალხი გამოდევნეს იქიდან და გადაწყდა თურქეთი. რატიმ იპოვა კლინიკა. იქ კიდე - სიკვდილს გადამარჩინეს. ჩვენთან ისეთი სურათი დამიხატეს (ამის ამოკვეთა, იმის ამოკვეთაო), ფაქტობრივად, ცოცხალი არ ვიქნებოდი. თურქეთში სხვა რამე შემომთავაზეს; იქ არაფერი ამოუკვეთიათ, შეფუთეს სიმსივნე რომ არ მოდებულიყო. მერე სხივურ თერაპიას მიკეთებდნენ.

საოცარი საოპერაციო ჰქონდათ, მეგონა, კოსმოსურ ხომალდში შემიყვანეს. ვერ აგიწერთ. საოცრება იყო.

სახლში რომ დავბრუნდი კრუნჩხვები დამემართა. თურმე შეძენილი ლეიკემია მქონდა. როგორც ჩანს, სხივურმა თერაპიამ გამოიწვია. ისევ გამაქანეს თურქეთში. იქ სისხლი იმდენჯერ გადამისხეს, ხუმრობით მეუბნებოდნენ, შენ უკვე თურქი ხარო. სასწაული პროფესორები ჰყავთ. აქ თოდუაში ვინც მიმკურნალა, იდეალური ექიმია ნინო შარაშენიძე. ბევრი ჰყავს გადარჩენილი. ძლიერი სპეციალიტია.

- განსაცდელმა გაგაძლიერათ?

- მართალი გითხრათ, გაბრუებული ვიყავი წამლებისგან. აღარც მახსოვს როგორ ვიყავი, რას ვფიქრობდი. უფროსი ბიჭი, ბექა მაძალებდა, კიდევ უნდა წავიდეთ ანალიზებზე, ისეთი დაავადებაო, არავინ იცის, როდის გაიღვიძებსო. ხუთჯერ ვიყავით თურქეთის კლინიკაში. უკვე ისეთი სიხშირით აღარ ჩავდივარ. გულის ოპერაციაც მაქვს გაკეთებული. მოკლედ, ჩემთვის მოიცალა ოპერაციებმა. ამ ასაკამდე ისე მოვედი, რომ არაფერი მჭირდა.

თურქეთიდან რომ ჩამოვედი, ფილარმონიაში დიდი კონცერტი მქონდა. რატიმ კონცერტზე დაპატიჟა თურქი ექიმი. ნანა ცინცაძეს მიჰყავდა და ვაჟას გადამრჩენელი აქ არისო, რომ გამოაცხადა და მთელი დარბაზი მისკენ მიბრუნდა, გადაირია ეს კაცი. საოცარი საღამო ჩატარდა. ყველა ისე თბილად მექცეოდა, როგორც ავადმყოფობას გადარჩენილს.

მერე ბევრმა მოგვმართა იმ კლინიკის სახელის და მისამართის გასაგებად, სადაც გავიარე მკურნალობა.

დურგლიშვილები

- ახლა რაზე მუშაობთ?

- სხვადასხვა თაობის მომღერლებისთვის ვწერ სიმღერებს. პლუს ნოტებზეც ვმუშაობ. ნოტების 12 კრებული მაქვს გამოცემული, ერთი ას სიმღერიანი ნოტების წიგნია, ერთი - 55 სიმღერიანი... მაგრამ სიმართლე გითხრათ, უკვე მეზარება. რომ გამოვუშვი, რა გავაკეთე? ეს სფერო ძალიან ცოტას აინტერესებს. სხვა ინტერესებია, სხვა დროა. უკვე გამზადებული უნდათ, სიმღერების ნოტებში გარჩევა არ უნდათ. ბევრმა არც იცის ნოტების გარჩევა. სცენაზე გამოდიან, პროფესიონალები არიან და არ იციან ნოტები. მე კიდევ 500-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები მაქვს დაწერილი. მერე რა? მიდევს სახლში. მე მაინც ვწერ. რა ვუყო, რა ვქნა? ვზივარ, ვწერ, ჩართული ვარ პროცესში და აღარ ვსევდიანობ.

- რა იწვევს თქვენს სევდიანობას?

- სევდიანობას იწვევს გარემო, ზოგადი ფონი, ყველა ჩაფიქრებულია, საქმიანია, ცუდი მომენტებია. ფიქრობ... იმედიანი ცხოვრება აღარ მაქვს. გული მწყდება. მე სხვა ცხოვრებით მოვედი, ჩემ დროს სხვა რაღაც იყო, სხვა რამეებზე ვფიქრობდით. გასტროლებზე დავდიოდით აღმა-დაღმა. სადარდებელი არ გვქონდა. რესტორანში ვინ იმღერებდა, არ გამაგიჟო. სულ გასტროლებზე დადიოდნენ. დღეს სხვაგვარადაა...

- "ჯორჯიასთვის" რამე ახალს ხომ არ წერთ?

- მე სპეციალურად მათთვის არ ვწერ ხოლმე სიმღერას. მეგობრებში ვავრცელებ და თუ რამეს სათავისოდ "დაიჭერენ", მერე წერენ და მასმენინებენ. უფრო სწორად, ხალხში რომ პოპულარული ხდება, მერე ვისმენ მეც.

- ხომ არ გწყინთ?

- არა, არავისი არაფერი არ მწყინს. იმღერონ გამახარონ მეც და თვითონაც გაიხარონ. თუ ვინმეს რამეში წაადგება ჩემი სიმღერა, ჩემი თავი ენაცვალოთ.

ავტორი: თამარ გონგაძე

12/19/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024