საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
სოციალურ ქსელებში დაცინვა და ბულინგი უკვე ტენდენციად იქცა. ადამიანები დაუნდობლად ესხმიან თავს საპირისპირო აზრის მოქონე სრულიად უცნობ პიროვნებებს და მის დამცირებას ცდილობენ.
სამწუხარო ისაა, რომ ასეთ ფაქტებს, ძირითად შემთხვევებში, საზოგადოების აღტაცება და მხარდაჭერა ახლავს და კონტენტის ყველაზე საინტერესო ნაწილად განიხილება.
რატომ მოსწონთ ადამიანებს სხვების დამცირების ნახვა და რატომ აქვს ჩხუბისა და დაპირისპირების ეპიზოდებს სოციალურ ქსელებში მეტი მოწონება, ვიდრე საინტერესო ტექსტებს?
ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სოციალური ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ცდილობს. ფსიქოლოგი იმ ღრმად დამალულ მიზეზებზე საუბრობს, რაც ამ არასწორი ტენდენციის გაბატონებას უწყობს ხელს.
„ხომ ხშირად გინახავთ, როგორ იმკვიდრებენ ადამიანები თავს სოციალურ ქსელებში სხვისი დაცინვით და რომ ვიღაცის ულმობელ გათელვას პატივცემული მომხრეებიც უჩნდება, ე.წ. ინტელექტუალები, პროფესორ-მასწავლებლები, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგჯერ ფსიქოლოგებიც კი.
ეს უკანასკნელი უკვე როლის ორმაგად კატასტროფული კონფლიქტია, როცა ტენდენცია აქვს არა ადამიანის დაცვისკენ, გაგებისკენ, მისი ფასადის უკან არსებული ტკივილის დანახვისკენ, არამედ სადაც ვინმეს წაქცეულს დაინახავს, მორბის ხელეჩოთი და წალდუნათი.
ხოდა რა ხდება, რატომ აგროვებს სხვისი დაცინვის პოსტები მეტ ლაიქს, ვიდრე უბრალოდ საინტერესო ტექსტები?
აშკარაა, რომ ეს არ არის უბრალოდ „ცუდი გემოვნება“, არამედ კომპლექსური სოციალური და ფსიქოლოგიური მექანიზმია.
დავაზუსტებ, რომ ამ პოსტში დაცინვის ობიექტებს შორის არ ვგულისხმობ პოლიტიკოსებს, მათი დაცინვა სხვა საკითხია და ხშირად ერთადერთი იარაღიც, რომ მათი ტირანია შეაკავო. არც იმ ადამიანებზე ვლაპარაკობ, ვისთვისაც აგრესიულ კონტენტზე ლაიქი ნიშნავს „მეც ამ ჯგუფში ვარ და ვხედავ, ვისზე ვიცინით“ - სოციალური მცოცავების ეს კატეგორია ნაკლებად საინტერესოა. უფრო საინტერესოა სოციალურად მაღალ საფეხურზე მდგომთა იგივე ქცევა.
მოკლედ, ბულინგის თემაში ერთი მხარეა კონტენტის შემქმნელი და მეორე პუბლიკა. ბულინგის წამომწყები ადამიანების უმეტესობას ზემოდან ყურების სიამოვნება დროებით უმცირებს შფოთვას და უმყარებს კომპეტენტურობის ილუზიას. დაცინვით თითქოს ხაზს უსვამენ „მე ასეთი არ ვარ“-ს, და ამ გზით კონტრასტის შექმნა ბევრად მარტივი და დროში ეკონომიურია, ვიდრე რამის ქცევით დამტკიცება.
სხვისი დაცინვა არის სწრაფი ინტელექტუალური სიგნალი, - რადგან ამას დავცინი, ესე იგი ზემოდან ვუყურებ და რაც მეტ ადამიანს ვუყურებ ზემოდან, მით უფრო მაღლა ვდგავარ თვითონ, ესეიგი იქ, სადაც ჩემმა არჩეულმა ჯგუფმა უნდა დამიდასტუროს, რომ მათ ვეკუთვნი და თუ ჯგუფი ლაიქებით მაძლიერებს, უკვე ვიცი, სწორი მიმართულებით მივდივარ, ვიცი, დღეს ვისი „დაკვლა“ გვესიამოვნება.
ასე გადაიქცევა ბულერი ბაბლის სალოსად. ის ირჩევს მსხვერპლს და ამბობს იმას, რაც ბაბლის ყოჩებს გაახარებს, მაგრამ თავად მთლად ამ ფორმით ვერ იკადრებდნენ, მათი იმიჯის ესთეტიკას ეს ვორდინგი და ქცევა არ უხდება, ჯობს შენ თქვა, შენ გააკეთო, ისინი კი გაგამხნევებენ. ოღონდ, იმავე ხალხს ქუჩაში, ცოცხლად რომ ენახა მსგავსი ქცევა, დიდი ალბათობით დაგმობდა.
რატომ მადარდებს ეს? იმიტომ და იმ შემთხვევებში მადარდებს, როცა იუმორის ან კრიტიკის სახელით სულ უფრო ხშირად ვხედავთ ადამიანების დეჰუმანიზაციას. დაცინვის ობიექტის მიმართ ემპათია აღარ არის საჭირო. ჯგუფური კონფორმიზმის პირობებში პასუხისმგებლობა ნაწილდება და ჩნდება განცდა - „თუ ყველა აკეთებს, ეს ნორმალურია და თუ პატივცემული გვამებიც აქ არიან, მით უფრო ნორმალური ყოფილა“.
ხოდა რა „სჭირთ“ ამ გვამებს? სოციალური ქსელის ფსიქოლოგია ცალკე იდენტობას ქმნის. ასეთ დროს ადამიანები ხშირად ივიწყებენ სხვა როლებს და აღარ მოქმედებენ (უფრო სწორად, ვეღარ ვმოქმედებთ, ყველას გვეკარგება გასაღებების აცმა დროდადრო) როგორც პროფესიული ეთიკით შემოსაზღვრული სუბიექტები, არამედ როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები, ჯგუფური მექანიზმის მონაწილეები.
ამ უსხეულო ასპარეზზე როლის დაშლა ხდება და ვეღარ ვაფასებთ, რომ ლაიქი თითქოს უმნიშვნელო ჟესტია, მაგრამ მაინც საჯარო პოზიციაა. და როცა ადამიანი ჯგუფურად „ითრევა“ გასანადგურებლად ან დასამცირებლად, ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო ჟესტით ვეხმარებით მის დეჰუმანიზაციას „იუმორის“ ან "კრიტიკის" სახელით.
ხოდა რა ვიცი…რაც მეტად ვკარგავთ კონტროლს, მით უფრო არასწორ სიგნალს ვაძლევთ შვილების თაობას და მერე აღარც უნდა გაგვიკვირდეს, როცა ხროვად შეკრებილი მოზარდები ვინმეს ზოგჯერ ფიზიკურადაც კი დაესხმიან თავს," - წერს ფსიქოლოგი,
01/16/2026