Logo

საზოგადოება

დაუსჯელი საბჭოთა ჯალათები

დაუსჯელი საბჭოთა ჯალათები

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

21 მოკლული, 2000 -მდე გაურკვევლი ქიმიური იარაღით მოწამლული, ბევრი დასახიჩრებული, 1989 წლის 9 აპრილის უსასტიკესი სადამსჯელო ოპერაციის შედეგი იყო ეს. მაგრამ, საბჭოთა კავშირში ამისთვის არავინ დასჯილა, საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლებებს არც მერე მოუკითხავთ 9 აპრილის ჯალათები, განსხვავებით ლიეტუვისა და ლატვიის ხელმძღვანელებისგან. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ამ ქვეყნებში აღძრეს სისხლის სამართლის საქმეები საბჭოთა სადამსჯელო მანქანის მიერ მათთან ჩადენილ სასტიკ დანაშაულებზე და ბოლომდე მიყვნენ.

1989 წლის 9 აპრილს უსასტიკეს სადამსჯელო ოპერაციასთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირის უმაღლეს ხელმძღვანელობაში ყოველგვარ პასუხისგებლობაზე ხელები დაიბანეს.

გორბაჩოვი

მიხეილ გორბაჩოვმა განაცხადა, რომ თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ დილით შეიტყო და რომ მისთვის ეს სრულიად მოულოდნელი იყო. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ შევარდნაძემაც აღნიშნა, რომ წინასწარ არ ფლობდა ინფორმაციას ოპერაციის შესახებ. ამასთან, შევარდნაძემ ხაზი გაუსვა, რომ 9 აპრილის წინა დღეებში, გორბაჩოვის დავალებით, თბილისში გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა საქართველოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ დაარწმუნა, რომ ვითარების სტაბილიზება ადგილობრივი ძალებით შესაძლებელი იქნებოდა და მისი ჩასვლა საჭირო არ იყო.

შევარდნაძე

შევარდნაძე თბილისში მოგვიანებით, გლოვის დღეებში ჩამოვიდა. მან გამართა შეხვედრები პარტიულ მუშაკებთან და ინტელიგენციის წარმომადგენლებთან და შემდეგი საჯარო განცხადებები გააკეთა:

„ვერ დამიღწევია თავი იმ განცდისგან, რომ ზოგიერთმა ადამიანმა სრულიად შეგნებულად მიიყვანა სხვები მსხვერპლად, რომლებიც ენდობოდნენ მათ.“

„ძნელია გაამართლო გადაწყვეტილება, როდესაც ხალხის წინააღმდეგ ძალის გამოყენება ჯარის მეშვეობით მოხდა და მათთან კომუნიკაცია ტანკების საფარქვეშ მიმდინარეობდა.“

საინტერესოა, რომ ედუარდ შევარდნაძემ მაშინ ნაწილობრივ დაიცვა გენერალი როდიონოვი:

„როგორც მითხრეს, ის წინააღმდეგი იყო არმიის ჩართვისა აქციის დაშლის ოპერაციაში და ეს პოზიცია მან რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პოლიტიკური გადაწყვეტილების განხილვისასაც დააფიქსირა.“

როდიონოვი

სიტუაციის შეფასებისას შევარდნაძემ ასევე თქვა, რომ ქართველ და რუს ხალხს შორის მეგობრობის ისტორიული ტრადიციები არ უნდა შეწიროდა ნაციონალიზმსა და შოვინიზმს და მოსკოვში დაბრუნდა.

გუმბერიძე

საბჭოთა საქართველოს კომუნისტურ ხელმძღვანელობაში ჯუმბერ პატიაშვილი გივი გუმბარიძით ჩაანაცვლეს, რომელიც მანამდე საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. საკადრო ცვლილებები შეეხო იგორ როდიონოვსაც.

მერე ანატოლი სობჩაკის ხელმძღვანელობით შექმნილმა კომისიამ დეტალურად შეისწავლა ფაქტები და დაასკვნა, რომ მიტინგის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ადგილი ჰქონდა სერიოზულ შეცდომებსა და კანონდარღვევებს როგორც საკავშირო, ისე რესპუბლიკური ხელმძღვანელი ორგანოების მხრიდან.

შევარდნაძე

სობჩაკი სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო. მისი ხელმძღვანელობით მოქმედმა კომისიამ სერიოზული მუშაობა ჩაატარა 9 აპრილის უსასტიკესი სპეცოპერაციის ორგანიზატორთა გამოსავლენად. სობჩაკმა საგამოძიებო მასალებს თავი მოუყარა თავის წიგნში „თბილისის 1989 წლის სისხლიანი კვირა,“ სადაც პასუხისმგებელ პირებს შორის მიუთითა: ჯუმბერ პატიაშვილი, ბორის ნიკოლსკი ( საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი 1984-89 წლებში), კონსტანტინ კოჩეტოვი ( 1989 -ში სსრკ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ), იგორ როდიონოვი (1989წ. სსრკ ჯარების ამიერკავკასიის გარნიზონის მეთაური). ხსენებულების გარდა სობჩაკის დასკვნაში დასახელებულები არიან 1989 წლის 9 აპრილს თბილისში ჩატარებული სადამსჯელო ღონისძიების მზადებაში მონაწილე სხვა პირებიც: ზურაბ ჩხეიძე ( მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), ოთარ ჩერქეზია (უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე), ცეკას მდივნები: ნუგზარ ფოფხაძე და გურამ ჭითანავა, შს მინისტრი შოთა გორგოძე.

სობჩაკი

კომისიის დასკვნა მნიშვნელოვან ისტორიულ დოკუმენტად დარჩა, საბჭოთა კავშირის მართლმსაჯულების სისტემის მხრიდან კი მას სამართლებრივი რეაგირება არ მოჰყოლია.

საბჭოთა კავშირის უკანასკნელ წლებში საკავშირო ყრილობებზე პერიოდულად აქტიურდებოდა 9 აპრილის თემა. ბოლოს ეს 1991 წლის 7 მარტს მოხდა. სსრკ უზენაესი საბჭოს მე-6 სესიაზე საბჭოთა კავშირის გენერალურმა პროკურორმა ტიუბინმა წარმოადგინა პროკურატურის დასკვნა 9 აპრილს მომხდართან დაკავშირებით და ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოუხსნა სამხედრო პირებს, რომლებიც სადამსჯელო ოპერაციას ხელმძღვანელობდნენ.

9 აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა შემსწავლელი კომისია მოსკოვის პარალელურად თბილისშიც მუშაობდა, ავტორიტეტული პირებით იყო დაკომპლექტებული. ამ კომისიის წევრებმა ასე უპასუხეს ტიუბინის დასკვნას:

„სსრ კავშირის პროკურატურამ გამოძიება დაასრულა. ყველა თანამდებობის პირი და სამხედრო მოსამსახურე გაამართლა. დამნაშავედ 9 აპრილის ტრაგედიისათვის ფაქტობრივად ქართველი ხალხი გამოცხადდა. ყოველივე ეს და ლიგაჩოვის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ თბილისში 9 აპრილს მიტინგის არმიის გამოყენებით აღკვეთის გადაწყვეტილება შეთანხმებული იყო გენერალურ მდივანთან მ. გორბაჩოვთან, სსრ საგარეო საქმეთა მინისტრთან ე. შევარდნაძესთან და სხვებთან, გვაფიქრებინებს, რომ თბილისის 9 აპრილის ტრაგედიისათვის პასუხისგებლობა უნდა დაეკისროს სსრ კავშირის უმაღლეს სახელმწიფო და პარტიულ ხელმძღვანელობას მთლიანად, სსრ კავშირის პრეზიდენტის მეთაურობით.“

განცხადებას ხელს აწერდნენ: 9 აპრილს მომხდარი ამბების გარემოებათა გამოკვლევის კომისიის თავმჯდომარე — იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი თამაზ შავგულიძე; ქვეკომისიის თავმჯდომარეები: აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, აკადემიკოსი მალხაზ ზაალაშვილი, აკადემიკოსი ბიძინა ნანეიშვილი, აკადემიის წევრ კორესპონდენტი შოთა ნადირაშვილი, იურდიულ მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ ლილუაშვილი, იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი ჯონი ხეცურიანი, კინორეჟისორი ელდარ შენგელაია.

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა პირველი დაისაჯა, შემდეგ ანალოგიური მოხდა ბაქოში, ვილნიუსში, რიგაში. საბჭოთა ხელმძღვანელობას გორბაჩოვის მეთაურობით არც ერთ სისხლიან ოპერაციაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობაც კი არ აუღია.

9 აპრილი9 აპრილი

ავტორი: ელენე ლომთაძე

04/12/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024