ყველაფერი ბავშვებზე

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მეოცე საუკუნეში სიცხის დაწევა ხალხური მეთოდით ძალზე პოპულარული იყო. ჩვენი წინაპრები ხშირად იყენებდნენ ძმარში დასველებულ წინდებს, სპირტნარევ წყალს, სხვადასხვა კომპრესებს. დღეს ეს მეთოდები რეკომენდებული არ არის. პედიატრები მიიჩნევენ, რომ ალკოჰოლი, რომელიც შეზელვით ორგანიზმში შეიწოვება, შესაძლოა, ბავშვისთვის საზიანო იყოს.
ამ თემასთან დაკავშირებით, პედიატრი მაია ხერხეულიძე "ზმნასთან" შემდეგ კომენტარს აკეთებს.

მაია ხერხეულიძე, პედიატრი:
მაღალი ტემპერატურის დროს, ჩვენი წინაპრები, ხშირად იყენებდნენ სიცხის დაწევის ე.წ. ფიზიკურ მეთოდებს. ამ ფიზიკური მეთოდებშია - ცივი წყლით დაზელვა, სპირტიანი წყალხსნარით დაზელვა, ძმრიანი წინდენი და ასე შემდეგ. დღეს არც ერთი ეს მეთოდი რეკომენდებული არ არის, თუმცა მხოლოდ თბილი წყლით დაზელვა დარჩა. ცივი წყლით დაზელვისას სისხლძარღვი ვიწროვდება და სითბოს გაცემა არ ხდება. ამიტომ მდგომარეობას კიდევ უფრო ვაუარესებთ. თბილი წყლით ვზელთ იმიტომ, რომ სისხლძარღვი გაფართოვდეს და სითბოს გაცემა მოხდეს. ბავშვის კანი მდიდარია სისხლძარღვებით, რომლებიც ზედაპირულად მდებარეობს. ამიტომ არიან პატარები ვარდისფერი შეფერილობის. ეს სწორედ სისხლძარღვების სიმდიდრითაა განპირობებული. მის კანს დატანილი ნივთიერების შეწოვის ძალიან კარგი უნარი აქვს. ამიტომ მალამოები, რაც დაგვაქვს ბავშვის კანზე, კარგად უნდა იყოს შერჩეული. ძმრიანი წინდის ჩაცმისას, ან სპირტით დაზელვისას, მისმა კანმა ალკოჰოლი შეიძლება რომ შეიწოვოს და სერიოზული პრობლემა შეუქმნას ბავშვს.
სიცხის დაწევა ფიზიკური მეთოდებით არ იწყება. ის შეიძლება დამწევ მედიკამენტს მივახმაროთ.
საერთოდ, ჩვენი თვითმიზანი არ არის ტემპერატურის დაწევა. ტემპერატურა ორგანიზმის დამცველობითი რეაქციაა და ამ დროს, ბავშვის ორგანიზმი, უკეთ გამოიმუშავეს დამცველობით ნივთიერებებს. თუ ტემპერატურა 38.5-ზე მეტია, ან ბავშვი განიცდის მკვეთრ დისკომფორტს, ვიწყებთ ტემპერატურის დაწევას სიცხის დამწევი მედიკამენტის გამოყენებას. ამის შემდეგ კი, სურვილისამებრ, მივმართავს თბილი წყლით დაზელვას.
10/25/2025