
10/09/2026
გორის და ატენის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი - მამა ბასილ ფოსური შვილისა და დედის ურთიერთობაზე, დედის ლოცვასა და გარდაცვლილი მშობლების საფლავის მოვლაზე საუბრობს.
მამა ბასილ ფოსური: ყველაზე ძლიერად დედას უყვარს თავისი შვილი. ჩემი აზრით, დედის ლოცვა იმიტომ არის ყველა ძლიერი, რომ დედას უყვარს შვილი ყველაზე ძლიერ. მაგაზე ძლიერი სიყვარული, ამ სამყაროში, არ არსებობს. რაც უფრო მეტია სიყვარული მის მიმართ, ვისთვისაც ლოცულობ, მით უფრო მეტი ძალა აქვს იმ ლოცვას.
შვილმა დედას მადლობა უნდა უთხრას ყველაფერი იმის გამო, რაც დედამ შვილისთვის გააკეთა. რაც შეძლო, ის გააკეთა.
ახალგაზრდა კაცი იმით ფასობს, როგორი დამოკიდებულება აქვს დედასთან. ვაჟკაცობა ის კი არ არის, დედას კარი გამოუჯახუნო. ვაჟკაცობა ის არის, დედას გული დამშვიდებული ჰქონდეს შენს გამო.
ყოველდღიურობაში დედა კი უშვებს შვილის მიმართ შეცდომებს, მაგრამ დედას შვილისთვის ცუდი არ უნდა. ჩვენ, ჩვენი გამოუცდელობით, შვილების მიმართ ვუშვებთ რაღაც შეცდომებს, ვინ იცის, მერე როგორ ვნანობთ. შვილი ამ სინანულს ხომ ვერ ხედავს, მაგრამ თითოეული მშობელი განიცდის ამას.
დედა რომ შვილზე უარს ამბობს, ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა. იმ შვილებმა როგორ უნდა აპატიონ ასეთ დედებს? თუ შეუძლიათ უნდა აპატიონ. უნდა იფიქრონ, ალბათ, სხვაგვარად ვერ შეძლო.
არის შემთხვევა ადამიანი გარდაცვლილ მშობლებზე დარდობს, რაღაც ასე უნდა გაეკეთებინა და სხვაგვარად გააკეთა. გული წყდება იმაზე, რასაც უკან ვერ დააბრუნებს.
მათ საფლავზე მისვლას, მათი სულებისთის ლოცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს, საფლავის დასუფთავებას, იქ ჯვრის აღმართვას, პანაშვიდის გადახდას, თან თუ ამას შვილთან ერთად აკეთებს. შვილს უნდა ასწავლო, როგორ იზრუნოს თავის გარდაცვლილ ოჯახის წევრზე...
გააზიარე სტატია