
09/09/2026
ბავშვის კვების რაციონში ახალი პროდუქტების შეყვანა ყოველთვის საპასუხისმგებლო პროცესია.
ბოლო დროს ბავშვთა კვებაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს პროდუქტი ქინოა, ბურღულეული, რომელსაც თანამედროვე მედიცინა ნამდვილ სუპერპროდუქტად მიიჩნევს.
რატომ არის ქინოა ასეთი სასარგებლო მზარდი ორგანიზმისთვის, რა ასაკიდან და როგორ უნდა შევიტანოთ ის პატარას მენიუში? ქინოას სასარგებლო თვისებებზე, მომზადების წესებსა და კვებით ღირებულებაზე დეტალურად პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს.

„ქინოა ინკების საყვარელ ბურღულეულია, რომელიც წარმოშობით არის სამხრეთ ამერიკიდან და მას ადგილობრივი მკვიდრები „ბურღულეულის დედას“ უწოდებენ. ჩვენ კი დღეს მას ვუწოდებთ სუპერ პროდუქტს. მე შეგახსენებთ, რომ სუპერპ როდუქტი ის საკვები პროდუქტია, რომელიც ერთ ან რამდენიმე საკვებ ინგრედიენტს განსაკუთრებულად დიდი რაოდენობით შეიცავს. და ქინოა სწორედ ასეთია.
ის შეიცავს დიდი რაოდენობით მცენარეულ ცილებს
შეგახსენებთ, ცილები ეს არის აუცილებელი საშენი მასალა ბავშვის მზარდი ორგანიზმისათვის;
შეიცავს მცენარეულ ცხიმებს
მათ შორის არის ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავები;

შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს
ამიტომ, თუ თქვენს პატარას აქვს მიდრეკილება ნაწლავთა შეკრულობისაკენ, ეს საკვები ზუსტად ზედგამოჭრილია მისი პრობლემური ნაწლავებისათვის;
შეიცავს რკინას
რომელიც აუცილებელია ბავშვის მზარდი ორგანიზმისათვის და რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისათვის;
შეიცავს კალციუმს
გახსოვთ ალბათ, ეს არის ჯანსაღი, მაგარი კბილებისა და ძვლებისთვის აუცილებელი ნივთიერება;
წარმოადგენს B ჯგუფის ვიტამინების წყაროს
B ჯგუფის ვიტამინები, რომლებიც ჩვენი ენერგიის წყაროა.

როდის უნდა შევიტანოთ ქინოა საკვებ რაციონში?
ბავშთა კვებაში ქინოას შეტანა რეკომენდებულია 6 თვის ასაკის ზემოთ.
თუმცა გირჩევთ, რომ სანამ დაიწყებთ ქინოას მიცემას, მანამდე ტრადიციული ფაფები გავასინჯოთ - ბრინჯის, სიმინდის, შვრიის და ა.შ.
და კიდევ ერთი რამ, რაც მინდა გასწავლოთ, ვინაიდან ქინოა შეიცავს საპონინებს და ამ საპონინებს აქვს მომწარო გემო, ჯობს, რომ წინასწარ ჩაალბოთ წყალში 15-20 წუთი, კარგად გარეცხოთ და შემდგომ მოხარშოთ.

მომზადების წესი:
მოხარშვისას საჭიროა 1 წილ ქინოაზე 2 წილი წყლის დასხმა და იხარშება დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში. ხოლო შემდგომ რამდენიმე წუთი ეცადეთ, რომ გქონდეთ თავდახურულ ქვაბში, სანამ სრულად მომზადდება.
რასთან ერთად შეგიძლიათ მიართვათ?
უხდება ხორცს, ბოსტნეულს, ასევე ხილის სალათებშიც შეგიძლიათ მისი გამოყენება. ასევე, რა თქმა უნდა, რძესთან ერთად ფაფის სახით.

მოკლედ, არის ძალიან სასარგებლო პროდუქტი... არ არის ალერგიული, ასე რომ შეგიძლიათ თამამად შესთავაზოთ ბავშვს, თუმცა, რა თქმა უნდა, ინდივიდუალური აუტანლობა შეიძლება არსებობდეს კიდეც," - გვირჩევს პედიატრი.
გააზიარე სტატია