სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ყავა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებული სასმელია. ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი სვამს მას ენერგიის მისაღებად, კონცენტრაციის გასაუმჯობესებლად და უბრალოდ სიამოვნებისთვის.
მეცნიერებაში დიდი ხანია ცნობილია, რომ ზომიერი რაოდენობით ყავის მიღებას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული დადებითი ეფექტიც. მაგალითად, იგი შეიცავს ანტიოქსიდანტებს და დაკავშირებულია ზოგიერთი ნევროლოგიური დაავადების შედარებით დაბალ რისკთან.
თუმცა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში მნიშვნელოვანია ერთი დეტალი, რომელსაც ადამიანები ხშირად არ აქცევენ ყურადღებას: ყავის მომზადების მეთოდი. სწორედ მომზადების მეთოდზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა ყავა ჯანმრთელობისთვის შედარებით უსაფრთხო თუ პირიქით, გაზრდის გარკვეული დაავადებების რისკს.

რა ტიპის ყავაა ყველაზე უსაფრთხო ჩვენი ჯანმრთელობისათვის და რომელი ყავის მიღებისგან ჯობს თავის შეკავება?
საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის თავმჯდომარე, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გვირჩევს.
„მეცნიერული კვლევები აჩვენებს, რომ ყველაზე პრობლემური შეიძლება იყოს ფილტრის გარეშე მომზადებული ყავა — მაგალითად თურქული ყავა, სკანდინავიური მოხარშული ყავა ან ფრანგული პრესით მომზადებული ყავა.
ეს დაკავშირებულია ყავაში არსებულ ბუნებრივ ნივთიერებებთან — დიტერპენებთან, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კაფესტოლი (cafestol) და კაჰვეოლი (kahweol).
ეს ნაერთები ყავის ზეთებში გვხვდება და ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ გავლენას ახდენს ქოლესტერინის მეტაბოლიზმზე. კვლევების მიხედვით, ისინი ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს, ე.წ. „ცუდ ქოლესტერინს“. სწორედ LDL ქოლესტერინის მომატება წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ერთ-ერთ მთავარ რისკფაქტორს.

ფილტრის გარეშე მომზადებულ ყავაში ეს ზეთები თითქმის მთლიანად რჩება სასმელში. ხოლო ქაღალდის ფილტრი მათ დიდ ნაწილს აკავებს. სწორედ ამიტომ ფილტრიანი ყავა შედარებით უსაფრთხოდ ითვლება.
კვლევებმა აჩვენა, რომ ფილტრის გარეშე მომზადებულ ერთ ფინჯან ყავაში შეიძლება იყოს 3-6 მილიგრამამდე კაფესტოლი და კაჰვეოლი. რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს LDL ქოლესტერინის მნიშვნელოვანი ზრდა.
ზოგიერთ კვლევაში დადგენილია, რომ თუ ადამიანი ყოველდღიურად სვამს ოთხიდან ექვს ფინჯანამდე ფილტრის გარეშე მომზადებულ ყავას, LDL ქოლესტერინის დონე შეიძლება გაიზარდოს დაახლოებით 10–16 მილიგრამით დეცილიტრზე.

ამგვარი ცვლილება უკვე მნიშვნელოვანი ფაქტორია ათეროსკლეროზის, გულის შეტევის და ინსულტის რისკის ზრდისთვის.
განსაკუთრებით ხშირად განიხილება თურქული ყავა, რადგან იგი მზადდება დუღილის მეთოდით და ფინჯანში რჩება ყავის ნალექი. სწორედ ამიტომ მასში ყავის ზეთების კონცენტრაცია მაღალია.
ასევე პრობლემურად შეიძლება ჩაითვალოს ფრანგული პრესით მომზადებული ყავა, სადაც მეტალის ფილტრი გამოიყენება. ასეთი ფილტრი ვერ აკავებს კაფესტოლსა და კაჰვეოლს ისე ეფექტურად, როგორც ქაღალდის ფილტრი.
ბოლო წლებში მეცნიერებმა ყურადღება მიაქციეს ასევე ავტომატური ყავის აპარატებიდან მიღებულ ყავას, რადგან ბევრ ასეთ აპარატში გამოიყენება მეტალის ფილტრები. შედეგად სასმელში შეიძლება მოხვდეს დიტერპენების უფრო მაღალი რაოდენობა.
ამიტომ მკვლევრები ხშირად ურჩევენ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს ქოლესტერინის მაღალი დონე ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკი, აირჩიონ ქაღალდის ფილტრით მომზადებული ყავა.

ქაღალდის ფილტრი მნიშვნელოვნად ამცირებს კაფესტოლისა და კაჰვეოლის რაოდენობას სასმელში, რაც გულის ჯანმრთელობისთვის ბევრად უსაფრთხოა.
მნიშვნელოვანია ასევე რაოდენობა.
დიდი ეპიდემიოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ზომიერი მოხმარება, დაახლოებით 3-4 ფინჯანი დღეში, უმეტეს ადამიანში უსაფრთხოდ ითვლება.
თუმცა რისკი იზრდება მაშინ, როდესაც:
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით მთავარი დასკვნა ასეთია: ყავა თავისთავად არ არის პრობლემა — პრობლემა შეიძლება იყოს მისი მომზადების მეთოდი და მოხმარების რაოდენობა.
თუ გვინდა ყავის დადებითი თვისებების მიღება და რისკების შემცირება, რეკომენდებულია:
ყავის სწორად არჩევა შეიძლება იყოს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციაში,“ - გვირჩევს ექიმი.
03/16/2026