
09/18/2026
დროთა განმავლობაში, ღალატი კვლავ რჩება ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოცდილებად ადამიანურ ურთიერთობებში. თუმცა წლებთან ერთად იცვლება არა მხოლოდ ადამიანების დამოკიდებულება და შეფასებები ამ მოვლენის მიმართ, არამედ ისიც, ვინ ხდება უფრო ხშირად ღალატის მსხვერპლი
ქართულ საზოგადოებაში ღალატი წლების განმავლობაში უფრო მეტად მამაკაცების თვისებებთან ასოცირდებოდა, ღალატის მსხვერპლად კი ქალთა სქესის წარმომადგენლები მოიაზრებოდნენ.
ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე საკუთარ თერაპიულ პრაქტიკაში აღმოჩენილ განსხვავებულ სურათზე საუბრობს. მისი თქმით, პარტნიორის ღალატით გამოწვეულ ემოციურ ტრავმას კონსულტაციაზე მისული ათი მამაკაციდან ექვსი ებრძვის და ეს სტატისტიკა საკმაოდ მზარდია.
ნინი დგებუაძე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს იმასთან დაკავშირებით, თ რა შეიძლება იდგეს ქალის მხრიდან ღალატის უკან, რა როლი აქვს შეცვლილ სოციალურ გარემოს, ურთიერთობაში გაჩენილ რუტინას, არარეალისტურ მოლოდინებსა და მატერიალურ მოტივებს და რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ასეთი გამოცდილება განსაკუთრებით მძიმე კაცებისთვის?

"თერაპიულ პრაქტიკაში მოსული 10 კაციდან 6 ღალატის მსხვერპლია და ეს სტატისტიკა საკმაოდ მზარდია.
ტრადიციულად, ქართულ სოციუმში ღალატი უმეტესად მასკულინურ ფენომენად აღიქმებოდა და საზოგადოებაც მას ბევრად უფრო შემწყნარებლურად უყურებდა.
თუმცა, ფსიქოლოგიური კაბინეტის დახურულ კარს მიღმა სრულიად სხვა, ახალი დინამიკა იკვეთება: ქალების მხრიდან პარტნიორის მოტყუების, ემოციური თუ ფიზიკური ღალატის და ურთიერთობაში მანიპულაციის მაჩვენებელმა საგრძნობლად იმატა.
ეს მოცემულობა მოითხოვს არა განსჯას ან რომელიმე სქესის დემონიზებას, არამედ სიღრმისეულ ფსიქოლოგიურ გააზრებას, თუ რა დგას ამ საკმაოდ მტკივნეული ტენდენციის მიღმა.
საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის ფონზე, ქალის როლი შეიცვალა. გაჩნდა მეტი სოციალური თუ ფინანსური დამოუკიდებლობა, რამაც პარტნიორული მოლოდინებიც შეცვალა.
ხშირად, პრობლემის სათავე იმაზე ბევრად უფრო კომპლექსურია, ვიდრე უბრალოდ პარტნიორებს შორის გაჩენილი ემოციური დისტანცია.
თერაპიული პრაქტიკა აჩვენებს, რომ ქალის მხრიდან ღალატის უკან არცთუ იშვიათად დგას არარეალისტური ილუზიები, რუტინისგან გამოწვეული მოწყენილობა და რაც არ უნდა რთული მოსასმენი იყოს, ურთიერთობის ფუნდამენტშივე ჩადებული მერკანტილური მოტივები.
თანამედროვე სამყაროში იდეალიზებული სიყვარულის ხატები და სოციალური ქსელებით თავსხვეული „სრულყოფილი“ ურთიერთობების ილუზია ხშირად ამახინჯებს რეალობის აღქმას.
როდესაც ურთიერთობის რომანტიკული, ადრენალინით სავსე ფაზა სრულდება და მას სტაბილური, თუმცა ერთფეროვანი ყოველდღიურობა ანაცვლებს, ქალების ნაწილს უჩნდება განცდა, რომ სიყვარული გაქრა.
ჩნდება მოწყენილობა და ეგზისტენციალური სიცარიელე, რომლის შევსებასაც ისინი პარტნიორისგან ელიან.
როდესაც მოლოდინი არ მართლდება, შინაგანი სიცარიელის გადაფარვის და ახალი ემოციური სტიმულის (დოფამინის) ძიების მიზნით, იწყება მალული კავშირების გაბმა.
ღალატი ამ დროს პარტნიორზე შურისძიება კი არა, საკუთარი მოწყენილობისგან და პასუხისმგებლობებისგან თავის დაღწევის დესტრუქციული მცდელობაა.
კიდევ უფრო ღრმა და რთული ფენომენია პრაგმატული, მერკანტილური მიზეზებით შექმნილი კავშირები. როდესაც ქორწინების მთავარი მოტივატორი ფინანსური უსაფრთხოება, კომფორტი, მატერიალური კეთილდღეობა ან სოციალური სტატუსია, ურთიერთობა თავიდანვე ტრანზაქციულ ხასიათს ატარებს.
დროთა განმავლობაში, როდესაც ბაზისური მატერიალური მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია და სტაბილურობა მიღწეულია, წინა პლანზე აუცილებლად გამოდის ემოციური, სულიერი და ფიზიკური ინტიმურობის მწვავე დეფიციტი.
სწორედ აქ ირთვება მანიპულაციის ყველაზე რთული მექანიზმები. ასეთ მოცემულობაში ღალატი ხშირად იღებს ცივად გათვლილ, პარადოქსულ ფორმას: ქალი არ ანგრევს ოჯახს, რადგან არ სურს დაკარგოს კომფორტის ზონა და სოციალური/ფინანსური გარანტიები, თუმცა პარალელურად იჩენს ფარულ კავშირს დაკარგული ვნებისა და ემოციური იმპულსების დასაკმაყოფილებლად.
კაცი ამ სცენარში, გაუცნობიერებლად, მხოლოდ „გადამრჩენელის“ და სტაბილურობის გარანტის ფუნქციამდეა დაყვანილი.
მსგავსი დინამიკის აღმოჩენა კაცისთვის განსაკუთრებით გამანადგურებელია. თუ ემოციური გაუცხოების ფონზე მომხდარი ღალატის დროს კაცი უბრალოდ უარყოფილად გრძნობს თავს, მერკანტილური ფუნდამენტის მქონე ღალატისას ტრავმას ემატება გამოყენებულობის, დამცირებისა და საკუთარი იდენტობის გაუფასურების უმძიმესი განცდა.
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რა სავალალო შედეგებამდე მივყავართ საკუთარ თავთან თუ პარტნიორთან არაგულწრფელობას და ურთიერთობის საფუძველში, მცდარ ფასეულობებზე დაშენებას.
ამ პროცესს ხშირად თან სდევს მანიპულაციური ქცევა, რაც, თავის მხრივ, დანაშაულის გრძნობისგან თავდაცვის მექანიზმია.
მანიპულაცია როგორიცაა პარტნიორის არაადეკვატურობაში დადანაშაულება, რეალობის დამახინჯება (გაზლაითინგი) და პასუხისმგებლობის გადატანა ქალს ეხმარება, გაექცეს საკუთარ ქმედებებთან თვალის გასწორების დისკომფორტს.
ამ გზით, ის ცდილობს ურთიერთობაში ძალაუფლების შენარჩუნებას და შინაგანი კონფლიქტის პარტნიორზე პროეცირებას.
ეს ყველაფერი უმძიმეს კვალს ტოვებს კაცებზე, რომლებიც სულ უფრო ხშირად ხდებიან თერაპიის სტუმრები.
კაცისთვის პარტნიორი ქალის ღალატი ორმაგად ტრავმულია: ერთი მხრივ, ფუნდამენტურად ინგრევა ნდობა და ემოციური უსაფრთხოება, მეორე მხრივ კი, უმძიმესი დარტყმა ადგება მის თვითშეფასებას და იდენტობას.
ქართულ რეალობაში, სადაც კაცისგან სტერეოტიპულად მუდმივ სიძლიერეს მოელიან, მსხვერპლის პოზიციაში აღმოჩენა და ამ ტკივილზე ღიად საუბარი უდიდეს სირთულეს წარმოადგენს.
ფსიქოლოგები ვხედავთ ღრმად ტრავმირებულ, დაბნეულ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ რეალობის მიღება და იმის დაჯერება, რომ ის, ვისაც ყველაზე მეტად ენდობოდნენ, მსგავსი ტკივილის ავტორი გახდა.
საბოლოოდ, ეს მზარდი სტატისტიკა არის განგაშის სიგნალი იმისა, რომ თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში წყვილებს შორის ემოციური სიახლოვე და ერთმანეთის მოთხოვნილებების გაგება ღრმა კრიზისს განიცდის.
ურთიერთობები საჭიროებს გადაფასებას ნამდვილი სიახლოვე იწყება იქ, სადაც მთავრდება ილუზიები და იწყება გულწრფელი, თუნდაც რთული საუბარი საკუთარ ტკივილსა თუ უკმარისობაზე, ვიდრე ეს ყველაფერი ღალატისა და მანიპულაციის დესტრუქციულ ფორმას მიიღებს,"- განმარტავს ფსიქოლოგი.
გააზიარე სტატია