
09/22/2026
"ნანი არის მზე, რომლის გარშემოც ჩვენ ყველა ვტრიალებთ " - ამბობს ბებიაზე ნატალია ქუთათელაძე.
როგორია შვილიშვილის თვალით დანახული 90 წლის ლეგენდა ოჯახურ გარემოში? რას სწავლობენ მისგან? რატომ არის მასთან ურთიერთობა ახალგაზრდებისთვის დღემდე საინტერესო?
ამ თემებზე ნატალიამ ეკა ჩხეიძის "პირველ სტუდიაში" ისაუბრა.

ნატალია ქუთათელაძე: თუ აქამდე ის ზრუნავდა ჩემზე, ახლა მე ვზრუნავ მასზე. წუხს, რომ ფიზიკურად არ შეუძლია, ვთქვათ, ჩემს შვილს - სანდროს რომ მოუაროს. თუმცა ხშირად ნანისთან ვტოვებ სანდროს, რა თქმა უნდა, დამხმარე ნათიასთან ერთად, რომელიც ჩვენი ოჯახის წევრია და ძირითადად იქ არის.

ნანიზე, ძირითადად, ეკა ზრუნავს. ხუმრობს, ხანდახან წამომცდება და ეკას დედას ვეძახიო. ეკა არაჩვეულებრივი შვილია. ნანის ცხოვრებით ცხოვრობს. ჩვენ ახლა ყველა მობილიზებული ვართ, რომ ნანის ვემსახუროთ.
ხშირად მარტოა სახლში. მგონია, რომ გაუაზრებლად გვეხმარება. ფიზიკურად, იმდენად არავის დახმარება არ ჭირდება, რომ სახლში მარტოა. ეკა ახლა საზღვარგარეთ არის, ნანი ღამე მარტოა და კატეგორიულად არ მტოვებს მასთან. მგონია, ამით თავის თავსაც ამხნევებს, რომ შეუძლია იფუნქციონიროს.

არაჩვეულებრივი თვისება აქვს, 90 წლის ასაკში მაინც ახალგაზრდაა. მის თვალებში და გამოხედვაში სხივია.
რომ მივალ, გადის, მოწესრიგდება, პომადას წაისვამს და ისე გამოდის.
გეგმავს - ის ავაშენოთ, ის გავყიდოთ. შორეულ გეგმებს სახავს. ეს არის მისი მთავარი ჯადოსნობა, რაც ყოველდღიურობას აძლევინებს და აძლევს ენერგიას.

ახალგაზრდებთან ურთიერთობაზე გიჟდება. მის საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ ბექა გოჩიაშვილი, გიორგი გიგაშვილი, რომლებიც მასთან შედარებით, ბავშვები არიან. მგონია, მათაც მოსწონთ ნანისთან ურთიერთობა, ამას ვერ მოიტყუებ.
იუმორის გრძნობა აქვს და საყვარელი საურთიერთობო ადამიანია. ყველა ადამიანის არანორმალური მიმღებლობა აქვს. სხვადასხვა ორიენტაციის ადამიანები გიჟდებიან ნანისთან ურთიერთობაზე. ეს ადამიანები მიღებული ჰყავს ისეთები, როგორებიც არიან.
როცა სოციალურ ქსელში გვლანძღავენ, ნანიზე ასე წერენ ხოლმე - საწყალი ქალი, შვილის და შვილიშვილების გავლენის ქვეშააო. ჰგონიათ, რომ უკვე ვეღარ აზროვნებს და თანამედროვე "სისულელეებით" ჩვენ ვაგიჟებთ. არადა, თვითონ არის პირველი თანამედროვე. მე ხშირად მასწრებს რაღაცებში. შეფასებებში არის ტოპ.
დროს სწორად გრძნობს.

ამდენი ხანია მისი ოჯახის წევრი ვარ და მისგან არასდროს გამიგია, იცი, ეს სიმღერა მე დამიწერესო. საიუბილეო კონცერტისთვის მზადება რომ მიდიოდა, ერთბაშად ყველა მივხვდით, რომ ყველა სიმღერა მართლა ამ ქალისთვის იწერებოდა. გაოცება გვქონდა ვაუ, რა საოცრებაა! ლეგენდები მისთვის წერდნენ სიმღერებს!
ჯერ თვითონ ნანის როგორ გაუმართლა, რომ იმ ეპოქაში დაიბადა და გარშემო ფენომენალური მუსიკოსები და კომპოზიტორები ჰყავდა. მერე პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი, რომელიც ასევე ნანისთვის წერდა ტექსტებს. ეს ყველაფერი ერთმანეთთან თანხვედრაში წარმოიდგინეთ და ეს მართლა დედოფალივით ქალი! რამხელა გამართლებაა.
ამ ასაკის გახდა და მთელი ესტრადა, ჩემი ჩათვლით, ისევ ამ სიმღერებს ვმღერით და მათ ვერ გავცდით. რა ვერსიები აღარ გაკეთდა, მაგრამ ნანიზე უკეთ, ვერავინ ვერაფერი იმღერა. ბოდიშს ვიხდი, ამას კრიტიკულად არ ვამბობ. მაგრამ ნანის ფრაზები მაინც შეუცვლელია.

- როგორია მასთან ერთად სცენაზე დგომა?
- მე, ამ ჩემს ასაკში, უკვე მენდობა, ათასი პროცენტით მენდობა. მან საკუთარი თავისგან იდეალური ვერსია შექმნა. ამას ითხოვს ჩვენგანაც. უნდა იყო შენი თავის იდეალურთან მიახლოვებული ვერსია. ცქმუტავს, ვერ ისვენებს, რომ არ შეგისწოროს, არ გითხრას, რაღაცას განიშნებს.
ნანისთან და ეკასთან ერთდ სცენაზე რომ ვდგავარ, იმხელა ძალაა, რა უნდა მოხდეს, რომ ავღელდე. ყველაზე უსაფრთხო გარემოა მათთან ერთად დგომა.
- როგორი მრჩეველია?
- ნანი სუპერ მრჩეველია. მისი ცხოვრების სტილიდან გამომდინარე მაგალითია. ის ცხოვრობს დღევანდელი დღით. ეს ვერ გავითავისე ბოლომდე. მაგრამ ვამბობ, იცხოვრე დღევანდელი დღით ფიქრით, ქმედებით.
ღმერთის არანორმალურად სწამს. ამბობს, მე არასოდეს მარტო არ ვარ, ჩემ გვერდში ყოველთვის ღმერთიაო და მადლიერია. ისეთი ურთიერთობა აქვთ, ლამის დაინახო ეს ურთიერთობა. მისი მადლიერება და ის, რასაც მას ღმერთი უბრუნებს, თითქოს თვალნათელია.
ასეთი რჩევა აქვს - არაფერი ტყუილად არ ხდება. რაც მოხდა, უნდა მომხდარიყოო. პრაქტიკაში მომყავს, რომ ასე დავიჯერო.
- ნანი, როგორც ბრენდი, როგორია?
- ნანი ძაან მაგარია!

გააზიარე სტატია