Logo

ყველაფერი ბავშვებზე

რატომ შეიძლება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვს ახალი საკვების გასინჯვა გაუჭირდეს?

რატომ შეიძლება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვს ახალი საკვების გასინჯვა გაუჭირდეს?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად, როცა ბავშვი ახალ საკვებზე უარს ამბობს, გარშემომყოფები ფიქრობენ, რომ ის უბრალოდ არჩევს ან ჯიუტობს. თუმცა, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებში ამის მიზეზი ხშირად ბევრად უფრო კომპლექსურია.

კვლევების მიხედვით, კვებასთან დაკავშირებული სირთულეები აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებში მნიშვნელოვნად უფრო ხშირია, ვიდრე ტიპური განვითარების ბავშვებში. ამის უკან რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი დგას.

  1. სენსორული მგრძნობელობა

ზოგიერთი ბავშვისთვის პრობლემა მხოლოდ გემო არ არის. მისთვის შეიძლება ძალიან შემაწუხებელი იყოს საკვების:

  • ტექსტურა (რბილი, ფაფისებრი, ხრაშუნა);
  • სუნი;
  • ფერი;
  • ტემპერატურა;
  • ან თუნდაც ის, როგორ გამოიყურება თეფშზე.

მაგალითად, იოგურტის ან ბანანის ტექსტურა ერთ ბავშვს შეიძლება სასიამოვნოდ მოეჩვენოს, ხოლო მეორისთვის იმდენად უსიამოვნო იყოს, რომ გულისრევის შეგრძნებაც კი გამოიწვიოს.

2. ცვლილებებისადმი სირთულე

ახალი საკვები ბავშვისთვის ახალი გამოცდილებაა. თუ მას უჭირს ცვლილებების მიღება, უკვე ნაცნობი საკვები უსაფრთხოდ და პროგნოზირებად აღიქმება, ხოლო ახალი — გაურკვევლად და სტრესულად.

3. წარსული უარყოფითი გამოცდილება

თუ ბავშვმა ერთხელ საკვებზე გადაცდენა, გულისრევა ან სხვა უსიამოვნო გამოცდილება მიიღო, შესაძლოა მომავალშიც მსგავსი საკვები თავიდან აიცილოს.

4. სხეულის შეგრძნებების განსხვავებული აღქმა

ზოგიერთ ბავშვს შიმშილისა და დანაყრების შეგრძნების ამოცნობაც განსხვავებულად შეუძლია, რაც კვების პროცესს კიდევ უფრო ართულებს.

რა არ მუშაობს?

  • იძულება.
  • ფრაზები, როგორიცაა: „ერთი ლუკმა მაინც შეჭამე“, „სანამ არ შეჭამ, მაგიდიდან არ ადგები“ ან „ნუ ჭირვეულობ“.

ასეთი მიდგომები ხშირად ზრდის შფოთვას და მომავალში ახალი საკვების გასინჯვას კიდევ უფრო ართულებს.

რა შეიძლება დაეხმაროს?

  • ახალი საკვების გაცნობა მცირე ნაბიჯებით.
  • ბავშვს ჯერ მისცეთ საშუალება, მხოლოდ შეხედოს, შემდეგ შეეხოს, დაყნოსოს და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ მზად იქნება, გასინჯოს.
  • ახალი საკვები შესთავაზეთ ნაცნობ და საყვარელ საკვებთან ერთად.

ნუ ელით, რომ პირველივე ცდაზე გასინჯავს. ზოგიერთ ბავშვს ერთი და იმავე საკვების მიღებამდე ათობით მშვიდი და პოზიტიური შეხვედრა სჭირდება.

მთავარია გვახსოვდეს, რომ ასეთი სირთულე უმეტეს შემთხვევაში არ არის ცუდი აღზრდის ან სიჯიუტის შედეგი. ხშირად ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ ამუშავებს ბავშვის ტვინი სენსორულ ინფორმაციას და რამდენად რთულია მისთვის ახალი გამოცდილებების მიღება. სწორედ ამიტომ, მოთმინება, თანმიმდევრული მიდგომა და უსაფრთხო გარემო ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ზეწოლა.

აღნიშნული ინფორმაცია ეფუძნება კვლევებს, რომლებიც აღწერს სენსორული დამუშავების თავისებურებებსა და კვების სირთულეებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებში.

წყარო: G&T Academy

ავტორი:

07/30/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024