ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
პლასტიკური ოპერაცია მხოლოდ ქირურგიულ მაგიდაზე გატარებული რამდენიმე საათი არ არის, ეს ხანგრძლივი პროცესია, სადაც პაციენტის ორგანიზმი ახალ რეალობასთან შეგუებას ცდილობს. პლასტიკური ქირურგიის სამყაროში არსებობს ცნება "ქსოვილების მეხსიერება", რომელიც ხშირად რეაბილიტაციის პროცესში მოულოდნელი სირთულეების მიზეზი ხდება.
რატომ ცდილობს ცხვირი ზოგჯერ ოპერაციის შემდეგ ძველი ფორმის დაბრუნებას და როგორ უმკლავდებიან ამას ქირურგები? - ამ საკითხზე პლასტიკურმა ქირურგმა თამარ მირაშვილმა პოდკასტში "ყველაფერი ესთეტიკაზე" ისაუბრა.

"კონკრეტულად ცხვირზე არ ვიტყვი, მაგრამ ზოგადად ქსოვილებს აქვს თავისი "მეხსიერება", განსაკუთრებით ისეთ შემთხვევაში, როცა არის რადიკალური, ძალიან მკვეთრი დეფორმაცია.
წარმოიდგინეთ, მთელი ცხოვრება ქსოვილები, კანი, ძვლები, ხრტილები დგას ერთ პოზიციაში. ჩვენ ოპერაციის რამდენიმე საათში უნდა შევუცვალოთ ფორმა, გავამყაროთ, გავამაგროთ, თუნდაც ნაკერების საშუალებით.

ოპერაციის შემდეგ, რეაბილიტაციის პროცესში, საკმაოდ ხშირად არის ხოლმე ასიმეტრიული შეშუპება... იმიტომ რომ თვითონ სისხლძარღვოვანი ქსელიც კი სხვადასხვანაირი აქვს ორივე მხარეს. მითუმეტეს, თუ რადიკალური დეფორმაცია (ანუ დიდი ტრავმა) იყო, რა თქმა უნდა, იქ ყველანაირად ანატომია შეცვლილია.
ვცდილობთ ხოლმე, ასეთი პაციენტები უფრო მეტად გავაფრთხილოთ თავიდანვე და უფრო მეტი მეთვალყურეობა გვქონდეს მათზე, რომ მაქსიმალურად წინააღმდეგობა გავუწიოთ ქსოვილებს.
რეაბილიტაციის პროცესი თუ ასიმეტრიულად, ხანგრძლივად გაგრძელდა, მერე შეიძლება დარჩეს კიდეც ასე.

იშვიათად, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა პრობლემა ბოლომდე ვერ გამოსწორებულა და მერე მას დასჭირვებია რაღაც ჩარევა. ამაზე პაციენტი წინასწარ გაფრთხილებულია. ეს არ არის რაღაც კატასტროფა. თუ პაციენტს კიდევ რამე ჩარევა დასჭირდა, ჩვენ აქ სწორედ ამისთვის ვართ. რა თქმა უნდა რადიკალურ ცვლილებებზე არ არის საუბარი, საუბარია, რაღაც კონკრეტული ადგილის კორექციაზე," - თქვა პლასტიკურმა ქირურგმა.
05/13/2026